ასადის რეჟიმმა ალეპოს და დამასკოს დამაკავშირებელ მაგისტრალზე კონტროლი დაამყარა – პირველად 2012 წლის შემდეგ

0
156

2012 წლის შემდეგ პირველად ასადის რეჟიმის ძალებმა კონტროლი დაამყარეს სირიის ჩრდილო-დასავლეთით მდებარე მაგისტრალზე.

 M5 მაგისტრალი ქალაქ ალეპოს დედაქალაქ დამასკოსთან აკავშირებს. მანამდე რუსეთისა და ირანის მიერ მხარდაჭერილმა ძალებმა ქალაქ ალეპოს გარეუბნებიდან ამბოხებულები გააძევეს.

პარალელურად დასრულდა მოლაპარაკებები თურქეთისა და რუსეთის წარმომადგენლებს შორის. კრემლის წარმომადგენლების თქმით იდლიბის პროვინციაში რუსეთისა და სირიის მთავრობის ძალებზე თავდასხმა უნდა შეწყდეს და რუსეთსა და თურქეთს შორის მიღწეული შეთანხმების იმპლემენტაცია დაიწყოს.

მოლაპარაკებები მას შემდეგ დაიწყო, რაც გასულ კვირას იდლიბის პროვინციაში ქალაქ სარაქებთან ასადის რეჟიმის მიერ განხორციელებულ დაბომბვას 8 თურქი სამხედროს სიცოცხლე ემსხვერპლა. თურქეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით თურქეთმა საპასუხო ზომები დაუყოვნებლივ მიიღო და რეგიონში რამდენიმე სამიზნე გაანადგურა.

რეჯეფ თაიფ ერდოღანმა სირიას მოუწოდა, რომ იდლიბიდან სამხედრო ძალა თვის ბოლომდე გაეყვანა – “თუ რეჟიმი ამ დროის განმავლობაში უკან არ დაიხევს, თურქეთი ამას თავად გააკეთებს”. თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ კი რუსეთს მოუწოდა, რომ იდლიბის პროვინციაში სირიის რეჟიმის თავდასხმები შეეჩერებინათ.

ასადის რეჟიმმა და რუსეთმა საჰაერო თავდასხმა და სახმელეთო კამპანია ოპოზიციის უკანასკნელ პოზიციებზე გასული წლის 26 აპრილს დაიწყეს. მას შემდეგ 11,500-ზე მეტი საჰაერო თავდასხმა განხორციელდა. მათ შორის გამოიყენეს იარაღი, რომელსაც საერთაშორისო კანონმდებლობა კრძალავს. თავდასხმების სამიზნეს სამოქალაქო ობიექტები, მათ შორის სკოლები და საავადმყოფოებიც წარმოადგენდა.

რუსეთმა და თურქეთმა 2018 წლის სექტემბერში იდლიბთან დაკავშირებით ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას მიაღწიეს, რომლის მიხედვითაც ტერიტორიაზე მათ ერთობლივი პატურლირება უნდა განეხორციელებინათ და რადიკალური ელემენტებისაგან გაეთავისუფლებინათ. მიუხედავად ამისა, მას შემდეგ, რაც იანვარში ტერიტორიის ნაწილზე დაჯგუფება ჰურიათ თაჰრირ ალ-შამმა კონტროლი დაამყარა, ასადმა მოკავშირეებთან ერთად იდლიბზე თავდასხმა დაიწყო.

მონიტორიგნის ორგანიზაციების ინფორმაციით გასული წლის აპრილის შემდეგ სირიის მთავრობისა და რუსეთის შეიარაღებული ძალების მიერ ჩატარებულმა დაბომბვებმა ოპოზიციის მიერ კონტროლირებად ტერიტორიებზე 1,300-მდე ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა და მილიონამდე ადამიანს საცხოვრებლის მიტოვება მოუხდა.

ასადის ძალები იდლიბზე თავდასხმას აგრძელებენ და რამდენიმე ქალაქი აიღეს.

კომენტარის დატოვება

Please enter your comment!
Please enter your name here