ჯანდაცვის სამინისტროს შრომის ინსპექციის დეპარტამენტის გადაწყვეტილებით, კორპუსიდან, საიდანაც ორი მუშა გადმოვარდა, სამუშაოები შეჩერდა.
როგორც ჟურნალისტებს დეპარტამენტის უფროსმა ბექა ფერაძემ განუცხადა, შრომის ინსპექციამ მომხდარზე მოკვლევა დაიწყო. ადგილზე დაფიქსირდა შრომის უსაფრთხოების კრიტიკული დარღვევები.
“მინდა მწუხარება გამოვთქვა ამ ფაქტის გამო. შრომის ინსპექციამ დაიწყო მოკვლევის პროცედურები. ჩვენი თანამშრომლები ადგილზე იმყოფებიან. ამ წუთის მდგომარეობით, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ შევაჩეროთ სამუშაო პროცესი შრომის უსაფრთხოების კრიტიკული დარღვევების გამო. კერძოდ, სიმაღლეზე სამუშაოების დროს მასალის ატანა ხორციელდებოდა კუსტარულად დამზადებული მექანიზმის გამოყენებით, რომელიც შეუსაბამოა კანონმდებლობასთან. მოკვლევის პროცედურები მიმდინარეობს”, – განაცხადა ფერაძემ.
მისივე თქმით, ყველა კომპანიას აქვს ვალდებულება თავად უზრუნველყოს უსაფრთხოების სტანდარტის დაცვა, დანიშნოს უსაფრხოების სპეციალისტი. სახელმწიფო ამ შემთხვევაში უზრუნველყოფს შერჩევითი კონტროლით გარკვეულ ზედამხედველობას. ბუნებრივია, ეს ვალდებულება ამ კომპანიასაც ჰქონდა, როგორ მოეკიდა იგი ამას გამოძიება არკვევს . უახლოეს პერიოდში გვექნება მეტი კომენტარის გაკეთების შესაძლებლობა”, – განაცხადა ფერაძემ.
შეგახსენებთ, რომ მეტროსადგურ „გოცირიძეს“ მიმდებარე ტერიტორიაზე საფასადე სამუშაოების შესრულებისას კორპურიდან ორი მუშა გადმოვარდა. ერთი მათგანი გარდაიცვალა, მეორე კი საავადმყოფოში გადაიყვანეს.