მთავარისიახლეებიკულტურა,,ახავაი, გუშა'' - მეგრული ჭაობის ფილოსოფია, სილამაზე და ისტორიული მეხსიერება

,,ახავაი, გუშა” – მეგრული ჭაობის ფილოსოფია, სილამაზე და ისტორიული მეხსიერება

Published on

ნონა ქობალიას ბლოგი ,,მთვარის მოზაიკა”

მეგრულ რწმენა -წარმოდგენებში არაფერია ისე შეუცნობელი და ტაბუირებული, როგორც იდუმალი ჭაობი, მის მიერ გამოცემული თავზარდამცემი ხმებით, მისტიური ბინადრებით, თუ ხაშმით, რომელიც სომასთან, სომნაბულიზმთან არის დაკავშირებული .
ჭაობს აქვს თავისი სილამაზე, რომელიც ,,სიმახინჯის ესთეტიკას’’ მიეკუთვნება – აქ ჭაობის გველები კუდზე შემდგარნი ათამაშებენ ხვითოს, და თუ ამ დროს მის ნათებას ვინმემ ჰკიდა თვალი, იფიქრებს, რომ ეს სანთლის მოციმციმე ალია ჭაობზე მავალი კაცისსახოვანი სულის ხელში. მეგრულ ჭაობს თავისი მეუფე ჰყავს, თავისი მფარველი სულები – კაშინა, ჟამი, გუშა , ეს უკანასკნელი შუმერებში ქვესკნელის ,,ღმუილა ღმერთია”. და ბოლოს, ვის ძინავს ჭაობის შრის ქვეშ კოლხეთში, რა ქალაქებს და სამაროვნებს ინახავს იგი? დიდი ხანია გვჭირდება ჭაობის არქეოლოგია არანაკლებ ვიდრე წყალქვეშა – ფიქრობს კი ვინმე ამაზე?

,,ზღვისგან მიტოვებული მიწა, ახალშობილის კანივით სველი და დაჭმუჭნული , თანდათან გაიზარდა, გაფართოვდა და სამგლოვიარო არშიასავით გაუყვა მთელ სანაპიროს. მერე ვანსა და ზღვას შუა უზარაზარი ჭაობი გაჩნდა ურჩხულის ამონარწყევივით მწვანე, დაბუშტული და ლორწოიანი’’ – შესაძლოა გეცნოთ ეს პასაჟი ოთარ ჭილაძის რომანიდან ,,გზაზე ერთი კაცი მიდიოდა’’, რომელიც ჭაობის ფილოსოფიითაა გაჟღენთილი და შიგ არსში წვდება სტაგნაციის პროცესს კოლხეთში ოქროს საწმისის გატაცების შემდეგ.

მაგრამ ჩვენი დღევანდელი ბლოგის თემა არის არა მხოლოდ ჭაობის ფილოსოფია ან თუნდაც ჭაობი, როგორც ეკოსისტემა, რომელიც იყო და არის ჩვენი წყევლაც და სიმდიდრეც, არამედ ჭაობი, როგორიც ის არის კოლხურ მითოსში, ეთნოგრაფიასა და ყოფაში.

რა თქმა უნდა, ამ საკითხზე საუბარი შეიძლება დაგვეწყო წინარებერძნული, პელაზგური მითების ჭრილში – პელაზგი გმირის ჰერაკლეს შერკინებიდან ლერნეს ჭაობის ბინადარ ჰიდრასთან, მაგრამ ამაზე ქვემოთ, ახლა კი ჯობს კოლხური სამყაროს დავიწროებულ საზღვრებში დავბრუნდეთ და უფრო ახლობელი, ნაცნობი და მშობლიური გავიხსენოთ.

მეგრულ რწმენა -წარმოდგენებში არაფერია ისე შეუცნობელი, როგორც იდუმალი ჭაობი მის მიერ გამოცემული თავზარდამცემი ხმებით, მისტიური ბინადრებით, თუ ხაშმით, რომელიც სომასთან, სომნაბულიზმთან არის დაკავშირებული. ამ წარმოდგენებში ჭაობი არის უძირო, მოტორტმანე შრე, ,,არასამყარო’’, რომელსაც ყველაზე ძლიერი ტაბუ ადევს, თვით ტაბუირებულ ჯოჯოხეთზეც კი, რადგან მეგრელი ჯოჯოხეთთან უფრო გაშინაურებულია, უფრო ფამილარული, ვიდრე მასთან.

მეგრული ჭაობი სავსეა ცოდვილი სულებით და შეტყუებული, მიტაცებული უმანკო სულებით, მისი სიღრმიდან განუწყვეტლივ ისმის ღმუილი, ბუყბუყი, ყვირილი, რომელსაც სინამდვილეში მასში მოძრავი გაზის ბუშტულები გამოსცემს და ორგანული ხმებია, მაგრამ ურჩხულებისა და განწირული სულების ხმებთან ასოცირდება.

მეგრულ ჭაობს თავისი მეუფე ჰყავს, თავისი მფარველი სულები, რომელსაც ჟამსა და გუშას ვეძახით, მაგრამ ჩვენ კაშინათი დავიწყოთ.

თუ წყალში წყარიშ დიდა, ტყეში – ტყაშ მაფა უფლობს, ჭაობში კაშინა/კაჟინა ბინადრობს, ულამაზესი ქალი კაჟისფერი ( უფრო გვიანდელი ლეგენდებით – სიმინდისფერი) თმებით, რომლის სითეთრე ჭაობის დაბინდულ, მრუმე ფერებში მთვარისფერ შუქს გამოსცემს.
კაშინა თავის წარმომშობ სტიქიას გავს, მისი სითეთრე ღამეული ჭაობის ფოსფორული ნათების ანარეკლია, მისი კვნესა და სევდიანი სიმრერა – ჭაობის იდუმალი ხმები, ხოლო სახელი შურიშ კაშუადან – სულთათქმისაგან, ოხვრისგან მოდის. კაშინა, როგორც წესი, გზააბნეულ მეთევზეს, მონადირეს თუ უბრალოდ მგზავრს უსაფრდება ჭანჭრობში და საშველად უხმობს, რომ თანდათან შეიტყუოს ღრმა საფლობებში (ონწყვეშში) , სადაც მას ჭაობის მბრძანებელი გუშა ეუფლება და სამუდამოდ ატყვევებს.

გუშა არასოდეს არავის უნახავს თვალით ისეთი, როგორიც არის. მისი ამორფული სხეული ხაშმის ბოლქვებში ილანდება და ხან დამპალ ხეს მიაგავს, ხან ნეშომპალის უფორმო გუნდას, გააჩნია, რისი დანახვა შეუძლია მოკვდავის თვალს.
საინტერესოა, რომ გუშა შუმერების თიხის ფირფიტებზე ამავე სახელით იხსენიება და განმარტებულია როგორც ქვესკნელის ,,ღმუილა ღმერთი’’ .


,,ახავაი, გუშა’’ – ამოიოხრებს მეგრელი კაცი ( სხვათაშორის, აფხაზიც) და ამით ავლენს გულში ჩაჭაობებულ საწუხარს. ამ დროს ძალზე საშიშია ეს ამოოხვრა თავის გამოძახებად მიიღოს ჭაობის სულმა და არ ჩაითრიოს, არ ჩაძიროს, გამოუვალ მდგომარეობაში არ ჩააგდოს სულთქმას გადაყოლილი კაცი.

ჟამი ჭაობის ბინადარ მეუფეთა იაერარქიაში მეორეა გუშას შემდეგ, მასზე უფრო დამნდობია და შელოცვებსაც უფრთხის. ჭაობის ჟამი უფრო ბავშვებს ერჩის, მიწის ჟამისგან, სილამესა და ოსეოფასგან განსხვავებით, უფრო ძლიერ გათანგავს ხოლმე ნოტიო, დაჭაობებულ ადგილებში მოხვედრილ ბავშვს, რადგან შიშთან ერთად ხაშმითაც უწამლავს გონებას, რომ თან წაიყვანოს როგორც პაჟი, თავშესაქცევი, გასართობი ჭაობის მოსაწყენ ერთფეროვნებაში.

მაგრამ არის კი ჭაობი ,,მოსაწყენი ერთფეროვნება?’’
ჭაობიც არის და ჭაობიც.

ჯერ ერთი, ამ ლანდშაფტშიც არის სილამაზე, რომელსაც ღამით დამპალი ხეებისა და წყალმცენარეების ფოსფორული ნათება ქმნის, დღისით – ათასი ტონალობის სიმწვანე. ეს არის სრულიად განსაკუთრებული სილამაზე, რომელიც ,,სიმახინჯის ესთეტიკას’’ მიეკუთვნება – აქ ჭაობის გველები კუდზე შემდგარნი ათამაშებენ ხვითოს, და თუ ამ დროს მის ნათებაც ვინმემ ჰკიდა თვალი, იფიქრებს, რომ ეს სანთლის მოციმციმე ალია ჭაობზე მავალი კაცისსახოვანი სულის ხელში.

ჭაობში ბევრია დანთქმულ ცხოველთა და მცენარეთა ნაშთები, რომელნიც ფოსფორულად ანათებენ. ამასთან გრუნტის წყლების ზემოქმედებით იხრწნებიან და წარმოშობენ გაზებს, რომლებიც ვერტიკალურად მოძრაობს და ხშირად კაცის სიმაღლეზეც აიტყორცნება მანათობელი ბურთების და მფეთქავი ალის სახით, რაც თავის სამფლობელოში ჭაობის სულთა საშიშარ მსვლელობას მიაგავს.

მაგრამ სილამაზეს რომ თავი ვანებოთ, ჭაობი ბევრ საიდუმლოს ინახავს, ეს არის ხელუხლები განძი, რომელიც ინახავს ისტორიულ მეხსიერებასაც, თავად ჭაობში დანთქმული და ჭაობის შრისქვეშა მყარ ნიადაგში დამარხული არტეფაქტების სახით: ვის ძინავს ჭაობის შრის ქვეშ კოლხეთში, რა ქალაქებს და სამაროვნებს ინახავს იგი? ვინ იცის – ჭაობის სულმა? გუშამ, რომელიც, გვერშაპისა არ იყოს, შეიძლება ოდესღაც კოლხეთის მფარველი ღვთაება ყოფილიყო ( ადამიანი მხოლოდ ღმერთებს უხმობს საშველად და ,,ვაშაცა’’ და ,,აჰავაი, გუშაც’’ ალბათ იმ დროის ანარეკლია)?

მართლაც , ვინ იცის?

ეს საიდუმლო მრავალი საუკუნეა ელის წამკითხველსა და ამომხსნელს, მაგრამ სამწუხაროდ, არსად ისე უდიერად არ ეპყრობიან ისტორიულ მეხსიერებას, როგორც ჩვენში.


მთელმა მსოფლიომ იცის ისტორია მანჩესტერის სიახლოვეს მდებარე ლინდოს ჭაობში ნაპოვნი 2000 წლის წინათ დაძირული მხედრისა, რომლის ცხედარი ისე კარგად იყო შენახული, რომ მასზე მეომრული მოცისფერო – მომწვანო ტატუს გარჩევაც კი შეიძლებოდა. უფრო მეტიც, მისი კუჭის შიგთავსში იპოვეს სიკვდილის წინ ნაჭამი ხორბლისა და ფეტვის პურის ნარჩენები. ეს ფენომენი ახლა ჭაობის კაცის, ლინდოს კაცის სახელითაა ცნობილი ჭაობის არქეოლოგიაში, მაგრამ თავი დავანებოთ ბრიტანეთის ჭაობებს…და, ალბათ, დროა, ვიფიქროთ კოლხურ ჭაობსა და მას მიბარებულსა და მივიწყებულ განძზე, როგორც პირდაპირი მნიშვნელობით, ისე ჭაობის ენაში, ჭაობთან დაკავშირებულ ლექსიკის თუ ყოფითი პრაქტიკის სახით, რომელმაც შეიძლება ბევრი რამ გვიამბოს წარსულზე.

ასეთია ქოლოწყუ, ათაბოგი, ობოხუა, ყაყაბი და მრავალი სხვა ( აღრაფერს ვამბობთ ჭაობის ფლორაზე), რომელსაც ხშირად ვუყურებთ, მაგრამ ვერ ვხედავთ, ვუსმენთ, მაგრამ არ გვესმის, გულისყურს არ ვაპყრობთ (გურს ვაუჩანთ) და ისიც, როგორც ჭაობს ჩვევია, უკმაყოფილოდ ბუყბუყებს და დუმს.

ჭაობში ზოგჯერ თავანკარა წყაროც ამოხეთქავს ხოლმე, მეგრელი ამ წყაროსთვალს ქოლოში – ხის კოდში მოაქცევს, რომ ასე დაიცვას ლიამპალისა და ჭაობის გრუნტის წყლების შერევისაგან. არის რაღაც საკრალური ქოლოწყუში – იქნებ, ჭაობი ამ სახით გვიგზავნის სიგნალს თავის ალტერ ეგოზე – პირველქმნილ სიწმიდეზე, რომელიც ძნელი შესამჩნევია მახრჩობელა ლაფის, ლიახისა და ხაშმის ფონზე.

ზემოთ ჭაობის მიმართ მეგრელის კრძალვასა და შიშზე ვისაუბრეთ. ნიშნავს თუ არა ეს, რომ მეგრელი კაცისთვის ჭაობი შეუვალი ზონაა და სათოფეზე არ ეკარება მას?
არა. ამას მოწმობს ათაბოგი – ჭაობში საცხოვრებლად განკუთვნილი, მაღალ ბოძებზე შემდგარი ნაგებობა ( ჯარგვალი, ფაცხა ან პიტაფიცარა), რომლის მსგავსსაც ჭაობის გარდა ყანასა და მდინარის, ტბის, ზღვის წყლიან სივრცეში იყენებენ – სადარაჯო კოშკის თუ მონადირის, მეთევზის საცხოვრისის სახით.

ამას მოწმობს მიშაბოგილიც – ჭაობში სასიარულოდ განკუთვნილი ხერგი, ხერგილი და ბოლოს უამრავი ყოფითი დანიშნულების ნივთი, პირველ რიგში, ფეხსაცმელი და სასიარულო მოწყობილობა. ესენია: ყაყაბი, ხის მაღალძირიანი ქოში, რომელსაც საპირე ტყავისს ან ბლის ქერქის შვებიას ან სულაც ყაისნაღით ნაქსოვი მაკარიას თოკისა აქვს.
ობოხუა – ოჩოკუჩხი ( ოჩო ფეხი), კაცის სიმაღლის სარებზე მიჭედებული ფეხის დასადგმელი პანელებით. ბარქაია, რომელსაც, ერთი ვერსიით, სახელი ხარაზ ბარქაიას გვარისგან აქვს მიღებული, სხვა ვერსიით, ბარქაშთან – ბრტყელ გობთან მსგავსების გამო ( ბოლო დრომდე საბურავისგან კერავდნენ)
და ბოლოს ბანდილი, ხის თხელი და ფართო გადანამორი ან ხის ქერქისგან დაწნული ოვალური ფორმის ჩელტი, რომელსაც შვებიათივე ამოიკრავდნენ ფეხზე თხირიშის ( თოვლში სასიარულო ბანდულების) მსგავსად.

მეგრელი რომ ჭაობის ბუნებას კარგად იცნობს, ამას ადასტურებს მისი ლანდშაფტის სახესხვაობათა სახელებიც – იქნება ეს ონდვალე, ონწყუ, ყაყა, ჭოჭი, ჭყეპი, ჭყონჭყო, წყარსია, სირია, სინდო ( ს-და) თუ მრავალი სხვა.
მაგრამ სრულიად განსაკუთრებული მნიშვნელობისაა ტერმინი ,,მუხურეფი’’, რომელიც ეთნოგრაფიასა და მითოსს ერთ მთლიანობაში აქცევს.

ალიო ქობალიას ეთნოგრაფიულ ჩანაწერებში არის ჭალადიდის, საგვიჩიოს მიდამოებში ნამყოფი მეჯოგეებისაგან, სახელდობრ, მამამისისგან– ბექი ქობალიასგან ჩაწერილი ნაამბობი, რომელიც მწყემსთა ყოფისა და კარვის წესების თითქოს რიგით, ერთპლასტიან ნაწილს წარმოადგენს, მაგრამ… თუ ფართო კონტექსტში განვიხილავთ, შეიძლება, თუ პირდაპირ არა, ჰიპოთეტურად მაინც მივყავდეთ გზათა კვეთამდე აიეტისა და მინოსის სამყაროებს, კოლხეთსა და კრეტას შორის.

ჭაობში, მისი მრავალფერი რელიეფის გამო გაფანტულია პატარა კუნძულები ( კოკი, კოკია) სადაც გარსმომდგარი ტორფისა და ლამის წყალობით ჯიშიანი, წვნიანი, ხასხასა ბალახი ხარობს ზაფხულის გვალვაშიც კი. ამ ადგილებს, ამ კოკიებს მუხური, მუხურეფი ქვია, ხოლო კუნძულების მთელ კრებულს – მუხურეფი, მუხურონი.

მუხური მეგრულში მხარეს ნიშნავს, ამავე დროს კუთხეს, კედელ-ყურეს, კედლების შეერთების ადგილს, წიბოს. შესაბამისად მუხურონი – მუხურეფი შენობასთან მიმართებაში კუთხეების, კუთხე-კუთხე გამიჯნული, კუთხოვანი სივრცის აღმნიშვნელია, ისევე როგორც ლაბირინთი., ხოლო ჭაობის მუხურონის შემთხვევაში – ლიამპალით გამიჯნული კუთხეების ერთობლიობა.

და აქ უნდა ვახსენოთ მეგრელ მეჯოგეთა ყოფაში ცნობილი წესი, რომელსაც ,,გიშახუნაფა’’- ჯოგიდან მამრის გამოცალკევება ქვია. გიშახუნაფას მიმართავდნენ მაშინ, როცა პირიტყვი ისეთ დროს ახურდებოდა, რომ ნამატი ზამთარში მოეცა და წყემსებისთვის ზედმეტი პრობლემები შეექმნა – გვიანი შემოდგომისა და ზამთრისპირის, ზამთრის სუსხის პირობებში მათი გადარჩენა და გამოზრდა გაცილებით ძნელი და უპერსპექტივო იყო, ვიდრე ომესურისა ( მაისური ნამეტისა).

მწყემსები ამ პრობლემის თავიდან ასაცილებლად ატეხილ მამრს მდედრისგან გამოაცალკევებდნენ, მაგრამ რა საჩეხი ( აგვარა) გაუძლებდა გავეშებული კუროს რქებს და ძალკიდირს ( მკერდის ძალას), ამიტომ მეჯოგე ხარს მხოლოდ მისთვის ნაცნობი ბილიკებით შეიტყუებდა ჭაობში ამოზრდილ კუნძულებზე და იქ ამყოფებდა შეჯვარებისთვის ხელსაყრელ დრომდე. ხარი, რა თქმა უნდა, ცდილობდა გამოეღწია თავისი ბუნებრივი საპყრობილედან, მაგრამ, რადგანაც ბილიკის პოვნა მისთვის შეუძლებელი იყო კუნძულნაპირისის ლაფის გამოც, კუნძულზევე რჩებოდა და იქიდან შებღაოდა მიუწვდომელ ჯოგს.

როცა შეჯვარების დრო დგებოდა, მწყემსი ამავე ბილიკებით შეუყვანდა მას რჩეულ ფურს ისევე, როგორც მინოტავრს უგზავნიდა ქალწულს მინოსი, კრეტის მითიური მეფე, რომელიც მითოსურ სამყაროში მინოტავრის პატრონის ( ზოგი ვერსიით – მამის) და ლაბირინთის მფლობელის სახელით დარჩა.

განა გავეშებული ხარ-კაცი, მინოტავრი, რომელიც ლაბირინთშია გამომწყვდეული და შემზარავი ბღავილით ითხოვს მდედრს, მეგრელ მეჯოგეთა ,,გიშახუნაფილ ხოს’’ (ჯოგისგან გამოცალკევებულ ხარს), ხოლო მინოსის ლაბირინთი – ჭალადიდის მუხურებს, მუხურონს არ გაგონებთ?
მით უფრო, რომ კრეტის კულტურაში მკაფიოდ ჩანს ეგეოსური (პროტობერძნული, პელაზგური) კულტურის კვალი, მით უფრო, რომ მინოსის პირველი ცოლი და მინოტავრის დედა აიეტის და პაციფაე გახლდათ და , რაც კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, ძველი ბერძენი ავტორების ცნობით, აქეთ აიეტი იყო, იქით – მინოსი, და მათ მხრებზე მრავალთა შორის მიწათმოქმედებისა და მეჯოგეობის კულტურაც იდგა .

ესეც ჭაობი. ჭაობის ენა და ჭაობის კულტურა და ყოფა.

სიახლეები

ზუსტად ვიცი წინასწარ, რომ შანსი არ არის, დაკმაყოფილდეს – მდინარაძე არჩევნებთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სარჩელზე

"ზუსტად ვიცი წინასწარ, რომ შანსი არ არის, რომ დაკმაყოფილდეს ეს სარჩელი. საფუძველი არ არსებობს...

არჩევნების გაყალბების საქმე – ეკა ბესელია პროკურატურას მტკიცებულებებს გადასცემს

არჩევნების გაყალბების საქმე - იურისტი ეკა ბესელია პროკურატურაში გამოკითხვაზე მტკიცებულებებით შეიარაღებული მივიდა. ბესელია მზად არის,...

გაყალბებული და საერთაშორისოდ არაღიარებული არჩევნების მიუხედავად, ოლიგარქმა პრემიერად ისევ კობახიძე წარადგინა

გაყალბებული და საერთაშორისოდ არაღიარებული არჩევნების მიუხედავად, ოლიგარქმა პრემიერად ისევ კობახიძე წარადგინა. "ქართულ ოცნებაში" დღეს პოლიტსაბჭო...

მოქალაქეთა კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის მოტყუებით დაუფლების ფაქტზე დაკავებულია ხუთი პირი -საგამოძიებო სამსახური

ორგანიზებული ჯგუფის მიერ, მოქალაქეთა კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის მოტყუებით დაუფლების ფაქტზე, ხუთი პირი დააკავეს....