ჩხოუქ ინგოღვარუო?! ძროხამ შემოგბღავლა? – რა შუაშია ქალბატონი ძროხა და პატენია ქალის გათხოვებასთან

0
1679

ნონა ქობალიას ბლოგი ,,მთვარის მოზაიკა”

ძროხის გამაყრუებელი ბღავილი ყველას გაგვიგონია. ამის ატანა შორიდანაც ჭირს, არათუ პირდაპირ ყურში ან სახეში შემობღავლებისა, მით უფრო, გაბრაზებული ძროხისა. ამიტომ ეტყვიან ,,ჩხოუქ ინგოღვარუო?” მოულოდნელობისაგან დაბნეულ ადამიანს, რომელსაც ნათქვამის, ზოგადად გარემოს აღქმის უნარი აქვს დაკარგული და ფერდაკარგული და გაოგნებული აცეცებს თვალებს.

მაგრამ არის ამ გამოთქმის კიდევ ერთი ახსნა, რომელიც გასათხოვარ თუ გაუთხოვარ ქალს უკავშირდება:

ჩხოუქ ინგოღვარუო?! – ძროხამ შემოგბღავლა? – ეტყვიან ჩვენში ქალს, რომელსაც, რბილად რომ ვთქვათ, გათხოვება დაუგვიანდა. ეს გამოთქმა უკავშირდება ძველ დროებას, როცა მესაქონლეობა, შინაური პირუტყვი ოჯახის კეთილდღეობის, ოჯახის რჩენის ძირითადი საშუალება იყო და ქალი, რომელიც მამაკაცთან ერთად იყოფდა ამ ტვირთს, იმთავითვე უნდა ყოფილიყო მზად საქონლის მოვლის მძიმე საქმისთვის.

სანამ ,,ქალბატონი ძროხას” ბღავილზე გადავიდოდეთ, აქვე აღვნიშნავთ, რომ არსებობდა გამოთქმაც, რომლის თანახმად ქალი გასათხოვრად მხოლოდ მას შემდეგ ,,ვარგოდა” ანუ მას შემდეგ იყო მოწიფული, თუ ერთხელ მაინც ჰქონდა გასუფთავებულ–გარეცხილი ხარის შიგნეული, (ოშფა, ასფურცელა ფაშვი) . ასე იტყოდნენ: ,,ოშფა ვაფ ნარჩხინ თი ძღაბ გასათხუარ ვარე, ინა ვაგუხვად მუზმა ოჭკომალ ოკონია ყაზაყის“ ( ქალი, რომელსაც ძროხის ფაშვი არ გაურეცხავს, გასათხოვრად არ არის მზად, რას გაიგებს რამდენი საჭმელი ჭირდება კაცს და სულ იწუწუნებს, სადილის მომზადებაში დაღლილიო. ). ეს გამოთქმა მეგრული ანალოგიაა ყველასათვის ცნობილი სენტენციისა – გზა მამაკაცის გულისკენ კუჭზე გადის.

მაგრამ დავუბრუნდეთ ქალბატონ ძროხას, ,,პატენიას”, რომლის ეს ეპითეტი, შესაძლოა, ვინმეს მხოლოდ იუმორის სფეროდან ეგონოს, მაგრამ სინამდვილეში უკავშირდება ძროხას, ფურს, რომელსაც საზვარაკოდ შეასახელებდნენ და პატენიას – პატივსაცემ არსებას ეძახდნენ, გამომდინარე იქიდან, რომ ეს არსება უკვე ღმერთებს ეკუთვნოდა და მისი პატივისცემა მართებდათ, რომ ნამდვილი პატრონი არ გაენაწყენებინათ. ეს პატრონები, ეს ღმერთები იყვნენ მიქამგარია, ჟინი ორთა, გალენიშ ორთა, ჟინი ანთარი, კაპუნია, ბარბალე, მირსა და ბევრი სხვა.

პატენიას მოვლა ძირითადად ქალის საქმე იყო, უფრორე ახალგაზრდა ქალისა, გოგონასი (ცირებისა და მაცირიებისა), რადგან მოფერება, ალერსი, მათი დედობრივი ინსტინქტებიდან გამომდინარე, უფრო კვათირი ( მჭრელი) იყო, ვიდრე ,,პირქუში” ბიჭებისა და, მით უფრო, გაუხეშებული კაცებისა.

მესაქონლეობაში ქალის როლთან, მართალია ირიბად, მაგრამ მაინც, დაკავშირებულია კირკე არაქნეც, რამდენადაც მითებში თუ ხალხურ რწმენა–წარმოდგენებში მას მიეწერება ქსოვის, მქსოველებისა და მრთველ ქალთა მფარველობის ფუნქცია, კირკეს ხელთაქვეშეა ნართის სული კვიკვინა – ხოლო სადაც ქსოვაა და ძაფის რთვაა, იქ მატყლიცა და ბალანიცა და კირკეს ინტერესებშიც შედის საქონლის დაცვა – მისი წმინდად შენახვა, მათ შორის სამურველით გაბზინვარება, ცურის ჩამობანა და დროზე გამოკვება, კირკე კი ამას ქალს აკისრებს.

Image result for Афина в образе старой женщины пришла в дом Арахны, предостеречь её от гордыни.

ძროხის წმინდად შენახვა თავის თავში მოიცავდა ჭინკების განფრთხობასაც – შესაძლოა გახსოვდეთ, რომ ლარჭემზე, სოინარზე საუბრისას ჩვენ აღვნიშნეთ, რომ მწყემსების გამოგონილ ამ საკრავს ახმიანებდნენ არა მხოლოდ ქართადან – ბინიდან საქონლის გამორეკვისა და უკან დაბრუნების, არამედ ბალახობის ჟამსაც. ჯერ ერთი, ეს სიმშვიდეს გვრიდა საქონელს, მეორეც, აფრთხობდა თუ აფრთხილებდა ჭინკებს, რომ ამ საქონელს პატრონი ყავდა.

მოგეხსენებათ, ჭინკები გამუდმებით მოელოდნენ ღამეს, რომ საქონელს შესეოდნენ, მით უფრო კარში დარჩნილს, და ბალანი დაებურთავებინათ მისთვის. ბურთვა, მეგრულად ბურთუა, ბუთუა (ნაბუთუ მონტყორზე – დაკურკუშავებულ ანუ წამხდარ მატყლზე რომ არაფერი ვთქვათ, რადგან ეს მაინც ცხვარს ეხება, ჩვენ კი ძროხაზე ვლაპარაკობთ), საშიში იყო საქონლისთვის, რადგან ამ ბურთულებში ჯდებოდა მკბენარი, რომელსაც შეიძლება ისე მოეშალა, ასე ვთქვათ, ნერვები ძროხისთვის, ისე დაეუძლურებინა იგი, რომ შეიძლება რძეც კი გაშრობოდა. ამიტომ იყო აუცილებელი ჭინკების განფრთხობაც, რასაც კვიკვინას მეშვეობითაც აკეთებდნენ – პატენიას მომვლელი, პატენიასთვის პასუხისმგებელი ქალები ბალანს შეუტრუსავდნენ ძროხას, რომ ძაფის სულს -კვიკვინას ტრუსის სუნით მიეკვლია ჭინკის გარეკილი ძროხისთვის.

მაგრამ დავუბრუნდეთ მესაქონლეობასთან პირდაპირ დაკავშირებულ ღვთაებებს, რომელნიც ერთმანეთისგან ხშირად მხოლოდ ამა თუ იმ დროში მინიჭებული სახელებით და არა ფუნქციებით განსხვავდებიან.

სხვათა შორის, ეს ღვთაებები არ განარჩევდნენ ხარსა და ფურს, შესაბამისად, მესაქონლის ლოცვებში ორივე სქესის საქონელი იგულისხმება, მაგრამ იყო რიტუალები და ლოცვებიც, რომლებიც სახელდობრ ფურისთვის, ძროხისთვის იყო განწესებული. ხარს, როგორც მხვნელს, მარცვლეული, ყანის მოსავალი ებარებოდა, ძროხას – რძისა და რძის ნაწარმის – ჰამოს, ელაჭკომაფუს, მილაჭკომაფუს – მისაყოლებლის, შესატანებელის მოცემა.

აქ არაფერს ვიტყვით გამრავლების ფუნქციაზე, რომელიც ვერც ხარისა და ვერც ძროხის გარეშე აღსრულდებოდა, თუმცა კი ამაშიც ძროხას ჰქონდა უპირატესობა, რადგან კუროს ბოლოსდაბოლოს ერთჯერადად, უშუალო მეზობელთან ან სხვა სოფელში მოიძიებდა ძროხის პატრონი, ამიტომ იყო ამდენი ლოცვა და აკრძალვა განწესებული სახელდობრ ძროხის დაცვა–პატრონობისთვის, ეს ლოცვები იყო მობენება, ისკიოდობა, გალენიშ ორთა და სხვა.

ძროხა რომ პირველად მოიგებდა ხბოს, მის პირველნაწველს დააბენებდნენ ანუ დაწმენდა–დასაბამებას აცლიდნენ. ამ პირველ ნაწველს, ხსენს ეძახდნენ ხიჯაჯას – და იგი დასალევად არ ვარგოდა, მაგრამ მაშინაც, როცა რძეს ხსენი მოშორდებოდა, ათი დღის განმავლობაში მთლიანად მიანებებდნენ (მაგანაფუანდეს) ხბოს და მხოლოდ მცირე ნაწილისგან სიმბოლურად ამოიყვანდნენ კიპ–კიპ ყვალემს – კბილა–კბილა ანუ ყველის პატარა ბურთულებს, თუმცა არ ჭამდნენ და, როგორც პირველ მოსავალს, სალოცავი ტაბლისთვის შეინახავდნენ. მეთერთმეტე დღეს ამ ყველს ძროხასთან მიიტანდნენ, რქებზე ანთებულ სანთელს მიაკრავდნენ და დიასახლისი დაილოცებოდა: ,,ჟინი ღორონთი, ათე ჩხოუს ძუძუ ( ტ დო კითი) გუჭყანიერი, მუდა თომა მიკოჩანსუნ, თიზმაშე გამიშხუნი“ ( მაღალო ღმერთო, ამ ძროხას ძუძუ (ჯიქანი და ცური) მიეცი ღონიერი, შენ გამიმრავლე იმდენჯერ, რამდენი ღერი ბალანი ასხიაო). ამის შემდეგ კიპ–კიპ ყვალემს – ყველის კბილა ბურთულებს იქვე მყოფებს დაურიგებდა და თავადაც დაადგამდა კბილს.

დაახლოებით ასეთ რიტუალს წარმოადგენდა ისკიოდობაც, იმ განსხვავებით, რომ სალოცავ ტაბლას მიიტანდნენ არა ბოსელში, ან აგვარაში, ქართაში ძროხასთან, არამედ ისკიოდაშ ჯასთან – საქონლის შვილიერებისა და წველადობის განმაწესებელი ღვთაების ღვთაების ხესთან – ეს იყო ძირითადად მუხა, რომელიც სახლიდან მოშორებით უნდა მდგარიყო. მობენე შესაბამისი ლოცვით ხეზე მიაკრავდა ძროხის თავს შემოვლებულ ანთებულ სანთელს და ბურთივით დახვეულ ბალანს, რომელშიც ლურსმანი იყო გარჭობილი. ამ შემთხვევაში იგი ფურდედოსა და მისი ნაშიერის ნადირისგან დაცვას შესთხოვდა ისქიოდა – ესქედას და წყევლიდა ავთვალსა და მჩხიბავს.

ამ რიტუალებში მნიშვნელოვანი როლი ეკისრებოდა ქალს, რადგან მისი უდიდებულესობა კაცი დროს ვერ დაკარგავდა ვერც კიპ ყვალეფიშ ( პატარა ყველის) ამოყვანაზე და ვერც ცურის ჩამობანაზე. იყო სხვა უფრო საინტერესო არგუმენტიც – ახალშობილი ( ხბო იქნებოდა თუ ბავშვი), ასევე ახალმოგებული ძროხა ( ახალნამშობიარევი ქალის მსგავსად) უწმინდურობის გამო გამოლოცვამდე და განწმენდამდე უნდა გარიდებოდა მამრის თვალს. ვინ მოუვლიდა სქესით დობილ ფურს ქალზე უკეთ?

მაგრამ, დროა ბოლომდე ავხსნათ, რა შუაშია ქალის გასათხოვრობა ძროხის ბღავილთან.

საქმე ისაა, რომ ქალი დილაუთენია უნდა წამომდგარიყო და მიეხედა ეზო–კარისთვის, შინაური ფრინველისთვის და, რა თქმა უნდა, მეწველი ძროხისთვის, რომელსაც ღამის განმავლობაში დაგროვილი რძე აწუხებდა და არც ნაკელში მოთხვრილ გომურში დგომა ეხალისებოდა.
გაუთხოვარ ქალიშვილს, რომელსაც მამის ოჯახში უფრო დიდი გული ჰქონდა, შეიძლება ადრე ადგომა და ძროხის მოწველა დაგვიანებოდა… გაჯავრებულ ძროხას კი შეეძლო ისე ჩაებღავლა მისთვის სახეში, რომ ყურთასმენა წაეღო და ხელის მთხოვნელის ან გამიჯნურებულის სიტყვის გაგონების უნარი დაეკარგვინებინა. ჩხოუშ ინნაღვარეფი – ძროხაჩანაბღავლები გოგო ყრუ იყო კაცის სატრფიალო სიტყვების მიმართ. .მეორეც – ძროხის ბღავილი იყო ნიშანი სამეზობლოსთვის და სოფლისთვის, რომ ამ ოჯახში ზარმაცი გოგო ცხოვრობდა, ეს კი უსათუოდ შევიდოდა მარებლის ,,საინფორმაციო ბაზაშიც” და გათხოვების შანსი მცირდებოდა.

ასე რომ, ადრე ადექით, გოგოებო, ძროხამ არ შემოგბღავლოთ!

წინა სტატიახობში სტუმარმა მასპინძელი დაჭრა და მეზობელ ქალს ფიზიკურად გაუსწორდა
შემდეგი სტატიახობში დაჭრილი მამაკაცი საავადმყოფოში გარდაიცვალა
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური