რას ნიშნავს გია ვოლსკის განცხადება, რომ გამოძიება ადასტურებს მაჩალიკაშვილების ოჯახის სულ მცირე ერთი წევრის პირდაპირ კავშირს ტერორისტულ ჯგუფთან

0
496

,,სუს-ის მიერ პარლამენტისთვის წარმოდგენილი მასალა არის ძალიან მძიმე და ადასტურებს მაჩალიკაშვილების ოჯახის სულ მცირე ერთი წევრის პირდაპირ კავშირს ტერორისტულ ჯგუფთან,” – ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ განუცხადა, რითაც გამოეხმაურა პროკურატურის მიერ თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე გამოძიების შეწყვეტას.

რას გულისხმობს ვოლსკი ფრაზაში ,, მაჩალიკაშვილების ოჯახის სულ მცირე ერთი წევრი” და ხომ არ ნიშნავს ეს, რომ შესაძლოა საქმე ახლა მალხაზ მაჩალიკაშვილის წინააღმდეგ მიმართონ?

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილე სოსო გოგაშვილი ამ კითხვის პასუხად განმარტავს, რომ ის მაჩალიკაშვილების ოჯახის წინააღმდეგ სისხლისმართლებრივი დევნის დაწყებას არ აპირებს, თუმცა, მოუწოდებს, პოლიტიკური ძალების იარაღი ნუ იქნებიან.

„ამ ოჯახს ვინ იყენებს მთავარი კითხვა ეს არის. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს სულ არ აინტერესებდათ ამ ოჯახის ტრაგედია, უბედურება. მაჩალიკაშვილი ჩვეულებრივი იარაღი იყო „ნაციონალური მოძრაობის“ ხელში. როგორც მმართველი გუნდის წევრი, მათთვის ერთ-ერთი ობიექტი ვიყავი. მათ სწორად ეშინოდათ ჩემი, ხვალიდან დუმილს ვარღვევ.

მაჩალიკაშვილებს თავისი უბედურებაც ეყოფათ, მათ მიმართ სამართლებრივ დევნას არ დავიწყებ. ჯობს გონს მოეგონ, ვიღაცების იარაღი ნუ ხდებიან ვიღაცების ხელში და ისედაც გარდაცვლილის სულს ნუ ამძიმებენ იმქვეყნად. როგორც მორწმუნე მუსლიმებმა ისე იცხოვრონ და ისე შეუმსუბუქონ იმქვეყნად თავიანთ შვილს ცხოვრება“, – აცხადებს გოგაშვილი.

ოპოზიციაში სპეცოპერაციისას თემირლან მაჩალიკაშვილის მკვლელობის საქმის გამოძიების შეწყვეტას მწვავე კრიტიკით ეხმაურებიან .

ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერის გიგა ბოკერია ამბობს, რომ :

“კიდევ ერთი ძალიან უტიფარი საქციელია, როგორც წარმართეს მთელი ეს საქმე, ჯერ ამდენი გაურკვევლობით და შემდეგ ასეთი უტიფარი ზოგადი პასუხით, მაშინ, როცა საფუძვლიანი ეჭვები არსებობს და არა მარტო იმიტომ, რომ დაღუპულის ოჯახი ამბობს ამას, არამედ სხვა ყველა გარემოებიდან გამომდინარე, რომ ეს ფატალური შემთხვევა იყო გამოწვეული იმით, როგორც იყო დაგეგმილი ოპერაცია და შემდეგ უდიდესი ეჭვი არსებობს, რომ მოხდა მტკიცებულებების გაყალბება და გარემოებების ყალბად წარმოჩენა”, – თქვა ბოკერიამ.

თავის მხრივ მალხაზ მაჩალიკაშვილი, რომლის წინაღმდეგობა ვერ გატეხა უამართლო სახელმწიფო მანქანამ, აცხადებს, რომ დღეს არაფერი არ მომხდარა ახალი, უბრალოდ რაღაცა უნდა დაედოთ და იძახიან, რომ თემირლანი დამნაშავეა. ველოდი ამას და ვიცოდი, რომ ეს უნდა ეთქვათ” – ასე გამოეხმაურა იგი თბილისის პროკურატურის მიერ,თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე გამოძიების შეწყვეტას.

მალხაზ მაჩალიკაშვილის განცხადებით, 2 წლის განმავლობაში ყველა „ბოტი” და „ტროლი” იბრძოდა მის წინააღმდეგ.

„იმათაც კი შერცხვათ, რომ ამდენ უნამუსობაზე მიდიოდნენ და იმათ შეწყვიტეს ამ თემაზე საუბარი.

თემირლანს ხელყუმბარა არ ჰქონია. ხელყუმბარა არის შემოტანილი. ამისთვის ყველა მტკიცებულება, ყველა ფაქტი იმას გვეუბნება, რომ 3 საათის განმავლობაში თემირლანი იმ შემოტანილ ხელყუმბარასთან ერთად ჰყავდათ სპეცრაზმელებს და სუს-ის თანამშრომლებს ხელში. 3 საათის განმავლობაში მე და ჩემი ოჯახი ვიყავით ტყვედ აყვანილი იარაღის ქვეშ.

ჩვენ როცა ვითხოვდით მტკიცებულებების გადმოცემას, ყველაფრის უარზე მიდიოდნენ, საერთოდ ყურადღებას არ გვაქცევდნენ. შემდგომში, სტრასბურგმა როგორც კი მოითხოვა ეს მტკიცებულებები, მაშინვე გაასაჯაროვეს. ის მტკიცებულებები ყველამ კარგად დავინახეთ, რომ იყო სასაცილო და სიმახინჯე. არანაირი ხელყუმბარა არ ყოფილა, თემირლანს ჰქონდა ხელში ტელეფონი”, – განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა.

მალხაზ მაჩალიკაშვილის თქმით, ის გაჩერებას არ აპირებს და ბრძოლას გააგრძელებს.

„ბრძოლის გაგრძელებას ვაპირებ, როგორც ვიბრძოდი დღემდე. ამ ბრძოლას ბოლომდე აუცილებლად მივიყვან და დავსჯი ყველა იმ ადამიანს. ჩემი ბრძოლის გეგმა დღეს ის არის, რომ ყველა იმ ადამიანთან ერთად გავაგრძელო ბრძოლა და მივიყვანო ეს საქმე ბოლომდე, ვაღიარებინო დღევანდელ სისხლიან ხელისუფლებას დანაშაული”,-განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა.

შეგახსენებთ, თბილისის პროკურატურამ თემირლან მაჩალიკაშვილის მკვლელობის საქმეზე გამოძიება შეწყვიტა.

წინა სტატიაირაკლი ოქრუაშვილის სარჩელი, რომელიც ხელისუფლებამ, ფოსტამ, ოდეერმა თუ მათმა ჩიტმა გააქრო, მაინც მივიდა სტრასბურგამდე
შემდეგი სტატია,,საქართველო მზადაა, რუსეთის დელეგაცია მიიღოს” -სალომე ზურაბიშვილმა კიდევ ერთხელ გაუტია. ვინ არის ეს ქალი, ასეთი წითელი?
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური