მთავარისიახლეებისამართალიპროკურატურამ თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე გამოძიება შეწყვიტა

პროკურატურამ თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე გამოძიება შეწყვიტა

Published on

პროკურატურამ თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე გამოძიება შეწყვიტა და ამ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

“თბილისის პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის წარმოებაში არსებულ სისხლის სამართლის საქმეზე, თემირლან მაჩალიკაშვილის მიმართ ძალადობით სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების ფაქტზე, დანაშაულისთვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, საქართველოს პროკურატურამ მიიღო შემაჯამებელი გადაწყვეტილება და მოცემულ საქმეზე 2020 წლის 25 იანვარს შეწყდა გამოძიება. – ნათქვამია განცხადებაში.

ჩატარებული გამოძიებით დადგინდა შემდეგი:

2017 წლის 21 ნოემბერს სახელწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული ცენტრის წარმოებაში არსებულ სისხლის სამართლის საქმეზე არსებული ინფორმაციით თბილისში, გაბრიელ სალოსის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ საცხოვრებელ ბინაში მცხოვრებ პირებს თან ჰქონდათ დიდი ოდენობით იარაღი და საბრძოლო მასალა, რის გამოც 2017 წლის 21 ნოემბერს მიღებული იქნა გადაწყვეტილება აღნიშნულ პირთა დაკავების შესახებ. ადგილზე მისულ სპეცდანიშნულების რაზმის თანამშრომლებს ბინაში მყოფმა ტერორისტული დაჯგუფების წევრებმა – ახმედ ჩატაევმა, “აბუ ჰურეირას“ და ასლანბეგ სოლტახმადოვმა გაუწიეს შეიარაღებული წინააღმდეგობა, რის გამოც სპეცდანიშნულების რაზმის თანამშრომელთა მიერ განხორციელდა შენობის შტურმით აღების ოპერაცია, რა დროსაც ლიკვიდირებული იქნა ორი ტერორისტი, ხოლო ახმედ ჩატაევმა აიფეთქა თავი.

აღნიშნულ საქმეზე მიმდინარე გამოძიებისას 2017 წლის 23 დეკემბერს, თბილისის საქალაქო სასამართლომ გასცა თემირლან მაჩალიკაშვილის დაკავების განჩინება. სასამართლომ დადასტურებულად მიიჩნია, რომ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული ცენტრის წარმოებაში არსებულ სისხლის სამართლის საქმეზე მოპოვებული მტკიცებულებები საკმარისი იყო დასაბუთებული ვარაუდისთვის, რომ ხუთ პირს, მათ შორის თემირლან მაჩალიკაშვილს ჩადენილი ჰქონდა ზემოხსენებული ტერორისტული დაჯგუფების და ტერორისტული ორგანიზაციისთვის მომსახურების გაწევა, ტერორისტებისთვის თავშესაფრის მიცემა და რესურსებით უზრუნველყოფა. დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 3311-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით.საზოგადოებას შევახსენებთ, რომ მოცემულ საქმეზე დაკავებული პირების მიმართ სასამართლოს მიერ გამოტანილი იქნა გამამტყუნებელი განაჩენი.

ზემოაღნიშნული განჩინების ფარგლებში, 2017 წლის 26 დეკემბერს, ღამის საათებში, ახმეტის რაიონის სოფელ დუისში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სპეციალური ოპერაციების დეპარტამენტის თანამშრომელმა განხორციელებული გასროლის შედეგად, საცხოვრებელი სახლის საძინებელ ოთახში, თავის არეში დაჭრა თემირლან მაჩალიკაშვილი, რომელიც მოგვიანებით2018 წლის 10 იანვარს გარდაიცვალა.

იმ ფაქტის გასარკვევად, რამდენად მართლზომიერად მოქმედებდა სპეციალური ოპერაციების დეპარტამენტის თანამშრომელი და რამდენად წარმოადგენდა გადაუდებელ აუცილებლობას მის მიერ სროლის განხორციელება, თბილისის პროკურატურაში ჩატარდა სრულყოფილი და ამომწურავი გამოძიება. კერძოდ, მოწმის სახით გამოიკითხა 124 პირი, მათ შორის თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახის წევრები და მისი მეზობლები, ყველა ხელმძღვანელი, ვისაც რაიმე სახის ინფორმაცია გააჩნდა 2017 წლის 26 დეკემბერს ჩატარებული ოპერაციის დაგეგმვასა და განხორციელებასთან, ჩატარდა ათეულობით საგამოძიებო თუ საპროცესო მოქმედება, ათზე მეტი სხვადასხვა სახის ექსპერტიზა.

ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ თემირლან მაჩალიკაშვილი არ დაემორჩილა სპეცრაზმელის მოთხოვნას ეჩვენებინა მისთვის ხელები, სცადა საბრძოლო მდგომარეობაში მოეყვანა ხელყუმბარა, რის გამოც მისი მიმართულებით სპეცრაზმელმა განახორციელა გასროლა.

აღნიშნული ხელყუმბარა ამოღებული იქნა საცხოვრებელი ოთახის ჩხრეკის შედეგად, ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, მასზე არსებული მოწითალო-მოყავისფრო ლაქები წარმოადგენს ადამიანის სისხლს, რომლის შერეული გენეტიკური პროფილების მაჟორული (ძირითადი) წილი თემირლან მაჩალიკაშვილის გენეტიკური პროფილის იდენტურია. ჩხრეკას ესწრებოდა თემირლან მაჩალიკაშვილის მამა, რომელმაც დაადასტურა ჩხრეკის ოქმში დაფიქსირებული მონაცემების სისწორე. ხელყუმბარა დაილუქა მალხაზ მაჩალიკაშვილის თანდასწრებით, შემდგომ მისი გახსნა მოხდა ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში გამომძიებლის, ექსპერტიზის ბიუროს თანამშრომლების და ორი გამნაღმველის მონაწილეობით. ყველა მათგანი აღნიშნავს, რომ ლუქის მთლიანობა დარღვეული არ იყო და მათივე მონაწილეობით დაილუქა და ჩაბარდა ექსპერტს.

გამოძიების ეტაპზე შესწავლილი იქნა ადვოკატების მიერ დაყენებული ყველა საკითხი, კერძოდ, მათი განცხადებით, ოჯახის წევრების მიმართ განხორციელდა არაადამიანური მოპყრობა.

მოწმეთა მიერ გაცხადებული ფაქტები ეწინააღმდეგება სისხლის სამართლის საქმეში დადგენილ გარემოებებს, კერძოდ, ღონისძიებაში მონაწილე პირები, ასევე ის პირები, ვისთანაც ჩატარდა შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები, ცალსახად უთითებენ, რომ სპეცდანიშნულების რაზმის წევრების მხრიდან მათ მიმართ რაიმე სახის შეურაცხყოფას ადგილი არ ჰქონია.

არ დასტურდება რაც

ასევე არ დადასტურდა რომ მაჩალიკაშვილისოჯახის წევრს სახლის ჭიშკართან სავარაუდოდ ესაუბრა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილე იოსებ გოგაშვილი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ჩატარებული სპეცოპერაციის შესახებ, მეტიც, იოსებ გოგაშვილი 2017 წლის 26 დეკემბერს საერთოდ არ იმყოფებოდა შემთხვევის ადგილზე და იგი მიმდინარე ღონისძიების შესახებ ინფორმაციას იღებდა ტელეფონის საშუალებით.

ადვოკატები ასევე აპელირებდნენ ოპერაციის დაგეგმვისა და განხორციელების ნაწილში სუს-ის თანამშრომელთა შესაძლო გადაცდომის ფაქტებზე.

სრულყოფილი და ყოველმხრივი გამოძიების შედეგად დადასტურდა, რომ სპეციალური დანიშნულების რაზმის არც ერთ წევრს და არც რომელიმე მაღალი თანამდებობის პირს კანონსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედება არ ჩაუდენია, რომ სპეციალური ოპერაციების სამმართველოს თანამშრომელი იმყოფებოდა აუცილებელი მოგერიების მდგომარეობაში, საფრთხე იყო რეალური, იმწუთიერი და მისი ქმედების მიზანს მხოლოდ ამ საფრთხიდან საკუთარი თავის და გარშემომყოფთა სიცოცხლის და ჯანმრთელობის დაცვა წარმოადგენდა, შესაბამისად, საქმეზე შეწყდა გამოძიება სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებული ქმედების არარსებობის გამო.

თბილისის პროკურატურის ზემოაღნიშნულმა გამოძიების შეწყვეტის გადაწყვეტილებამ თავის მხრივ შესაძლებელი გახადა თემირლან მაჩალიკაშვილის მიმართ შემაჯამებელი მსჯელობა მომხდარიყო სუს-ის კონტრტერორისტული ცენტრის წარმოებაში არსებულ სისხლის სამართლის საქმეზეც, რომელზეც სხვა საკითხებთან ერთად მიმდინარეობდა ძიება თემირლან მაჩალიკაშვილის მიერ ტერორისტებისთვის და ტერორისტული ორგანიზაციისათვის მომსახურების გაწევისა და ცეცხლსასროლი იარაღის შეძენა-შენახვის ფაქტთან დაკავშირებითაც.

კერძოდ: მიუხედავად იმისა, რომ შეიქმნა მტკიცებულებითი სტანდარტი ტერორისტებისთვის და ტერორისტული ორგანიზაციისთვის მომსახურების გაწევის შესახებ, ასევე ხელყუმბარის ფლობასთან დაკავშირებითაც, საქართველოს გენერალური პროკურატურის მიერ გამოტანილი იქნა დადგენილება სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყებაზე უარის თქმის შესახებ თემირლან მაჩალიკაშვილის გარდაცვალებით გამოწვეული ვითარების შეცვლის გამო.

რაც შეეხება თავად სუს-ის კონტრტერორისტულ ცენტრში მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეს, მასზე გრძელდება გამოძიება დანაშაულში ჩართული სხვა პირთა დადგენა-მხილების მიზნით”- წერია განცხადებაში.

სიახლეები

პუტინი არის მტაცებელი, კაციჭამია ჩვენს კარიბჭესთან, არ უნდა ვიყოთ გულუბრყვილოები-მაკრონი

2007-2008 წლებიდან მოყოლებული პრეზიდენტი პუტინი იშვიათად ასრულებდა ვალდებულებებს. ის მუდმივად იყო დესტაბილიზაციის გამომწვევი ძალა...

ტრამპი- [რუსებმა] ყირიმი წაიღეს ობამას დროს, საქართველოს ნაწილი – ბუშის, ჩემ დროს არაფერი

როდესაც ბარაკ ჰუსეინ ობამამ ყველაფერი დათმო, მან უთხრა მათ , უბრალოდ დათმეთ. არ იქნება...

51 დეპუტატი- თუ საქართველო კურსს არ შეიცვლის, ევროსაბჭოდან მის გაძევებას მოვითხოვთ

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის 51 დეპუტატი წერილობით დეკლარაციას ავრცელებს, რომელშიც წერია, რომ თუ საქართველო კურსს...

კობახიძე რიჟვაძეზე-პირდაპირი კომუნიკაცია არ მქონია, ტელეფონი არ აქვს

ივანიშვილის პრემიერმა, ირაკლი კობახიხიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას თქვა, რომ აჭარის მთავრობის ყოფილ თავმჯდომარესთან, თორნიკე რიჟვაძესთან...