მიჩუმათების მცდელობა ჩავარდა: ხელისუფლება იძულებული გახდა გაასაჯაროოს 4 ამერიკელი კონგრესმენის წერილი პრემიერმინისტრ გიორგი გახარიასადმი

0
421

საქართველოს მთავრობამ გაასაჯაროვა იმ წერილის ასლი, რომელიც პრემიერმინისტრმა გიორგი გახარიამ 4 ამერიკელი კონგრესმენისგან მიიღო.

წერილში კონგრესმენები შეშფოთებას გამოთქვამენ დაპირებული დემოკრატიული რეფორმის ჩაგდებისა და თანმხლები ძალადობის გამო მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ. 

კონგრესმენების განცხადებით, ასევე საგანგაშოა ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტის პოლიტიზირებაც. წერილში ასევე აღნიშნულია, რომ კონგრესმენები შეწუხებულები არიან პროკურატურის მიერ ქართული ოცნების ოპონენტების წინააღმდეგ დაწყებული, თუ განახლებული საქმეებით. 

მოკლედ, თამარ ჩერგოლეიშვილის ინტერპრეტაციით, წერილის მთვარი მესიჯებია:

1ანტიდასავლური პროპაგანდის დაფინანსება მიუღებელია (პანდას და ქოცური ფბ სკანდალის ამბავს ეხმიანებიან.)
2. პროპორციული დადეთ
3. პოლიტიკური ოპონენტების დევნა შეწყვიტეთ
4. დასავლური კომპანიების შევიწროვება შეწყვიტეთ
5. ანაკლიის ჩაგდება მავნებლობაა და ამერიკულ ინტერესებს ეწინააღმდეგება

უფრო ვრცლად: რა წერია წერილში

“გწერთ, როგორც იმ კონგრესის წევრები, რომლებიც დიდი ხანია მხარს უჭერენ საქართველოს დემოკრატიულ რეფორმებსა და დასავლური ინტეგრაციის გზას. თუმცა, როგორც 13 დეკემბრით დათარიღებულ წერილში ზოგიერთმა ჩვენგანმა უკვე აღვნიშნეთ, შეშფოთებული ვართ დაპირებული დემოკრატიული რეფორმის ჩაგდების და თანმხლები ძალადობის გამო მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ. ასევე, საგანგაშოა ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტის პოლიტიზირება. 

იმ ფონზე, როცა საქართველო 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის ემზადება ქართული ოცნების ხელისუფლების პირობებში, განმეორებით მოგიწოდებთ, რომ უზრუნველყოთ ამ არჩევნების ლეგიტიმურობა და დაცვა შიდა თუ გარე ჩარევებისგან. თქვენს საპასუხო წერილში, რომელიც 17 დეკემბრით იყო დათარიღებული, პირობა დადეთ, რომ 2020 წლის არჩევნები უმაღლესი სტანდარტი დაცვით ჩაივლის. თუმცა, უახლესი ინფორმაციით, Facebook-მა წაშალა ანგარიშების დიდი ქსელი, რომლებიც ქართული ოცნების მიერ იყო დაფინანსებული. ფაქტი, რომ ეს ანგარიშები ავრცელებდნენ ანტი-დემოკრატიულ, ანტი-დასავლურ სენტიმენტებს, უბრალოდ, მიუღებელია. 

ასევე, გვაწუხებს ინფორმაცია, რომ ქართული ოცნების დანიშნული პროკურორები ძველ სამართლებრივ საქმეებს ანახლებენ პარტიის ოპონენტების წინააღმდეგ. მაშინ, როდესაც ზოგიერთ ამ საქმეს, შესაძლოა, ჰქონდეს სამართლებრივი საფუძველი, სხვები აღქმულია, როგორც წამყვანი პოლიტიკოსების, მედიის მფლობელების, საერთაშორისო კორპორაციებისა და სამოქალაქო საზოგადოების წევრების მიზანში ამოღება. კანონის უზენაესობისა და მიუკერძოებელი სასამართლო სისტემის პატივისცემა ჯანსაღი დემოკრატიისა და თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების უზრუნველყოფის მთავარი გასაღებია, რაც თქვენი პარტიის დაპირებაა.

1991 წელს საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ, ჩვენ თვალს ვადევნებდით ქართველი ხალხის შეუპოვარ სვლას დემოკრატიისკენ და დასავლეთთან უფრო მჭიდრო პარტნიორობისკენ. თუმცა, მიუხედავად ბოლო 3 ათწლეულის განმავლობაში ნაჩვენები , ბოლო პერიოდის დემოკრატიული და ეკონომიკური ტენდენციები აშშ-ში საქართველოს იმიჯზე უარყოფითად აისახება. ეკონომიკური ინდიკატორები საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციის მკვეთრ ვარდნას აჩვენებენ, რამდენადაც ამერიკული და ევროპული კომპანიები შევიწროების მსხვერპლი ხდებიან, ბევრ ამ ბიზნესს თავისი გეგმების შეცვლა უწევთ. 

მეტიც, ქართული ოცნების მიერ ამერიკული მხარდაჭერის მქონე ანაკლიის განვითარების კონსორციუმის პოლიტიკური მოტივით სამიზნედ ქცევის აღქმამ, ხელი შეუშალა ამ პროექტში ამერიკული კომპანიების მიერ ინვესტიციების განხორციელებას. მოვლენათა ამგვარი განვითარება არახელსაყრელად აისახება ბიზნეს გარემოზე, რასაც შეუძლია სამომავლოდ ხელი შეუშალოს ამერიკულ ინვესტიციებს საქართველოში. შემცირებული უცხოური ინვესიტიციები არა მხოლოდ აზიანებს ქართველ ხალხს და დასავლურ ინსტიტუტებში უფრო ღრმა ინტეგრაციის იმედებს, არამედ აძლიერებს ვლადიმერ პუტინის გავლენას რეგიონში. საქართველოს შეუძლია იყოს სასიცოცხლო ჰაბი აშშ-დან და ევროპიდან ცენტრალური აზიისკენ და პირიქით მიმავალი სასაქონლო ტვირთებისთვის, რაც საქართველოს ეკონომიკის წარმატების საწინდარი იქნებოდა.

ჩვენ ამ წუხილებს გამოვხატავთ იმ იმედით, რომ საქართველოს დემოკრატია გაძლიერდება და ხელს შევუშლით აშშ-ის კონგრესის საქართველოსადმი ორპარტიული მხარდაჭერის უარყოფითისკენ შეცვლას. იმედი გვაქვს, რომ თქვენი მთავრობა იმუშავებს აშშ-ის კონგრესთან, ელჩ კელი დეგნანთან, ევროკავშირთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან, რათა განამტკიცოს დემოკრატიული ინსტიტუტები და გაზარდოს ეკონომიკური კეთილდღეობა ქართველი ხალხისთვის ისე, რომ საქართველომ შეძლოს მომდევნო ბევრი წლის განმავლობაში აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორობის გაგრძელება. ველოდებით თქვენს პასუხს,”- წერია წერილში.

წინა სტატიაზუგდიდში,პოლიციელზე თავდასხმის მცდელობაში ბრალდებულ პირს პატიმრობა შეეფარდა [Video]
შემდეგი სტატია“კონფლიქტების მიმართ სენსიტიური საუკეთესო ჟურნალისტიკური ნაშრომისთვის” ევროკავშირის სპეციალური პრიზის ფინალისტი და სერთიფიკატის მფლობელი თამუნა შონია გახდა
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური