ინჭას ქეკოდირთი! ჭასთან დადექი! – რატომ ეძებენ საბედოს წყალთან

0
1388

ნონა ქობალიას ბლოგი ,,მთვარის მოზაიკა”

სამეგრელოში დღემდე შემორჩა ერთი ღიმილის მომგვრელი ტრადიცია – გასათხოვარ ქალთა დგომა ჭასთან მიცვალებულის დაკრძალვის დღეს.თქვენც შეგინიშნავთ, ალბათ, მათი სიმრავლე ჭასთან ამ დღეს, შესაძლოა, თქვენც გიხუმრიათ ან თავად თქვენ გაგხუმრებიან – ინჭას ქეკოდირთი! – ჭასთან დადექი!

თანამედროვე თებროლეც წყალზე  მოელოდება თავის საბედოს და საბედოს მაძიებელმა კაცმაც იცის, რომ სასურველი ქალი შეიძლება წყალთან იპოვოს.

 რატომ წყალთან და არა სადმე სხვაგან, ვთქვათ ხის ფართოფოთლოვან ჩეროში, რომელიც უფრო წარმატებით დაიფარავდა გოგონებს მზისა და წვიმისგან? დღევანდელი გადასახედიდან ალბათ იმიტომ, რომ ვაჟისთვის ჭასთან წყურვილის მომიზეზებით მისვლა გაცილებით იოლია, ვიდრე გოგონების კრებულში გარევა სადმე სხვაგან. მაგრამ ეს ტრადიცია მხოლოდ ყოფითი ხასიათისა არ არის,  თუ უფრო ღრმად ჩავიხედავთ, მას  მითოსურ ხანაში უდგას ფესვები და ინახავს  რიტუალური მისტერიის –  წყალთან საბედოს ძიების –  ფილოსოფიურ საზრისს, რომლის თანახმად, ყოველივე წყლისგან იშვა და, წყლის მფარველობის თვინიერ, ახალი სიცოცხლის ჩასახვა და დაბადება, რაც ქორწინებას მოსდევს, ვერ მოხდება.

 ასეთია პატარძლის წყალთან მიყვანების – ,,წყარშა მეყონაფას”, მლაშე კვერისჭამის – ,,წყითკვარობის”  ტრადიციების საფუძველიც, მაგრამ ამას ჩვენ სხვა დროს დავუბრუნდებით, დღეს კი ამ რიტუალზე ჭარუსთან, წერამწერალთან კავშირში ვილაპარაკოთ, უფრო ზუსტად იმაზე, რატომ დგებიან ბედისმაძიებელი ქალები ჭასთან, სახელდობრ მიცვალებულის დაკრძალვის დღეს.

 ჭარუ იგივე  ჰერმესია  (მეგრელები მას ერმის  ვეძახით) ღმერთების ოქროსსანდლებიანი შიკრიკი, პოლიფუნქციური ღმერთი,  ის, ვინც წერს ბედისწერის წიგნს, ხაზავს ბედისწერის ეტლის ( მეგრულად ერტის) მოძრაობას ვარსკვლავიერ ცაში და ახალშობილს შუბლზე აწერს ბედსა და სიცოცხლის ხანგრძლივობას.

შესაძლოა, აქედან მოდის ერემხუტუც, მეგრული სახელი ამირანისა, რომელიც ცეცხლს სტაცებს და ისე ეთავხედება  ჭექა- ქუხილისა და ცეცხლის  გამგებელ დადი-ელიას, როგორც ავანტიურისტი ჰერმესი უდგას კრიჭაში ძეუსს – ზევესს. ირმის რძენაწოვი ერემხუტუ ერმის რჩეულია, მისგან აწერია შუბლზე  ზევსი – დადი – ელიასათვის  ცეცხლის გამოტაცების  მისია. ჭარუ – ერმი ლაღად გრძნობს თავს სამივე სკნელში და მათ შორის ჰადესის პირქუშ სამეფოში, რომელსაც ყველა სხვა ღმერთი უფრთხის. 

ჰერმესი ერთადერთი შუამავალია სააქაოსა და საიქიოს  შორის, ის ადამიანთა სულთამხდელია და მიცვალებულსაც ის აცილებს პირქუშ ქვესკნელში, თუმცა ზოგჯერ უკან აბრუნებს კიდეც. ცნობილია, რა საბედისწერო როლს ასრულებს იგი ორფევსისა და ევრიდიკეს სამიჯნურო ტრაგედიაში და როგორ აშორებს მათ ერთმანეთს ხელმეორედ და სამუდამოდ, როცა ეს წყვილი არღვევს მის დათქმას – უკან არ მოიხედონ. სხვათა შორის ეს წესი ჩვენში დღევანდლამდეა შემორჩენილი – ჭირისუფალს და, განსაკუთრებით, ქვრივს მეუღლის ახლად გაჭრილი საფლავისკენ არ მიახედებენ – ვემკიჯინა!- ვაშინერს! 

 ბუნებით ავანტიურისტი ერმი ენაწყლიანია, მოუსვენარი, ედება ყველაფერს, რაც საინტერესოდ ეჩვენება, თუმცა გამუდმებით იცვლის ინტერესის საგანს – მოგზაურთა და ვაჭართა მფარველობა იქნება ეს, ოქრომრავლობისა და დოვლათიანობის განწესება ადამიანებისთვის თუ, როგორც აღვნიშნეთ, ბედისწერის განსაზღვრა ახალშობილებისთვის,  

ენაწყლიანობით და ავანტიურიზმით ერმი მარებლებს ენათესავება, მფარველობს კიდევაც მათ, როგორც ყველაზე წარმატებული დიდი მარებელი, გასათხოვარ ქალთა ბედ–იღბლის განმწესებელი, ძალუძს ნებისმიერი შემთხვევა სასიკეთოდ შეაბრუნოს მათთვის, ვისაც წყალობს.

ასე ხდება ეს ადამიანის სულთაყრის და მიცვალებულის დაკრძალვის დღეს, როცა იგი ერთი ხელით სულს ხდის მას ქვესკნელში წასაყვანად, მეორე ხელით კი ერთმანეთთან მიჰყავს ქალ–ვაჟი ახალი სიცოცხლის დაბადებისთვის. ერმის ამ თვისების ანარეკლია კიდევ ერთი, თუმცა ჭასთან დგომისგან  განსხვავებით, უფრო მივიწყებული  ტრადიცია: ძველად გაუთხოვარი, იმედგადაწურული ქალები, რომლებიც თვლიდნენ, რომ ჭარუს დაავიწყდა გათხოვება დაეწერა მათთვის შუბლზე, მივიდოდნენ  ოჯახში, სადაც სულთმობრძავი ადამიანი იწვა და კარებთან დადგებოდნენ იმ იმედით, რომ სულის ამოსახდელად მისული ერმი, თავის საქმეს რომ აღასრულებდა და უკან გამოვიდოდა, დაინახავდა, გაიხსენებდა მათ და ბედს წააწერდა შუბლზე. თუ მომაკვდავს ვერ მიუსწრებდნენ ან რაღაც მიზეზით ვერ დაიმშვენებდნენ იქ მისვლას, მაშინ დადგებოდნენ სამგლოვიარო კარვის შესასვლელში – მიონგარუს, რომ აქ მაინც დანახვებოდნენ ახლა უკვე ცხედრის მიწაში ჩასაძღოლად მოსულ ერმის. 

იყო სხვა ტრადიციაც, რომელიც ქალის სვე–ბედსა და ჭარუს უკავშირდებოდა, სხვათა შორის, ერმი წერილობის, ანბანის შემქმნელია, ამიტომ, წერამწერის ფუნქციასთან ერთად მას ეკისრება გზებზე აღმართულ ქვასვეტებზე, ქვის ტაბლოებზე მწერლის ფუნქციაც.

ანტიკურსა და მის არეალში არსებულ სამყაროში მარტოხელა ქალები თავიანთ უყვაიჭარობას, უიღბლობას შესტიროდნენ ერმის სახელზე და მისი ხელით აღმართულ სვეტებს და მის სამყოფლოდ მიჩნეულ მთებს.

შესაძლოა,  სამეგრელოს იდუმალი მთა მინგარიეც ერმის, ერტის საბრძანისი იყო, მას შესტიროდნენ – მიანგარდეს უსვეო ადამიანები თუმცა ხალხური ვერსიით მინგარიე, მეგარიე უპრატესად მტირალას, პირდაბურულს უკავშირდება. ერმისთან მინგარიეს კავშირის ვარაუდს ამყარებს ის, რომ ერმის ასტრალური სახე იყო მერკური, იგივე ტირია, ოტარიდი. ტირია – ოტარიდიდან მინგარიემდე კი ერთი ნაბიჯია. 

 და აქ უნდა დავასრულოთ ავთანდილის მიმართვით ოტარიდი – ჭარუსადმი:

,,ოტარიდო, შენგან კიდე არვის მიგავს საქმე სხვასა:
მზე მაბრუნვებს, არ გამიშვებს, შემიყრის და მიმცემს წვასა;
დაჯე  წერად ჭირთა ჩემთა, მელნად მოგცემ ცრემლთა ტბასა,
კალმად გიკვეთ გაწლობილსა ტანსა წვრილსა, ვითა თმასა” 

ჭარუს წყალობას, უცრემლო სიყვარულს გისურვებთ ყველას.

წინა სტატიაბოტანიკური ბაღის აუზი წყლის გარეშე
შემდეგი სტატიაიმუნურმა აღმოჩენამ შესაძლოა ყველა ტიპის კიბო განკურნოს
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური