ნონა ქობალიას ბლოგი ,,მთვარის მოზაიკა”
შესაძლოა შესწრებიხართ იობის მოულოდნელ, ჩუმ აღჩენას ღამეულ სახლში და განგიცდიათ აუხსნელი კრძალვა ღამეული სტუმრისადმი, რომელსაც მისტიურ საბურველში გაუხვევია ნაცნობი, რეალური სივრცე, მით უფრო, თუ ბავშვური ცნობისმოყვარეობით ატანილს ხატპეპელას დაჭერა გიცდიათ და ბებიას გამწარებით შეუშლია ხელი: ,,ვაშინერს!“, ბაბუას კი ფართოდ გაუღია კარ-სარკმელი და ღვინო მოუსხურებია სახლის გარშემო, რომ ასე მიფერებოდა შინ პეპელას სახით დაბრუნებულ გალენიშს, მიცვალებული ბინადრის სულს…
იობიქ გემნოფურინუ! – იობი შემომიფრინდა! – ვიტყვით მეგრელები რძალზე, რომელსაც განახლების იმედი, ბედნიერება და ბარაქა შემოაქვს ოჯახში და მუყაითობითა და კაცთმოყვარეობით იგებს დამხვდურთა გულებს.
იობი ჩვენში მუყაითი, დამთმენი, ხვავის შემომტანი არსების სიმბოლოა, ამიტომ არის იგი ჯგერაგუნას – ფუტკრის მფარველი ღვთაების ეპითეტიც: ,, იობი ჯგერაგუნა, სი ამიშინი დო გამიშხუნი სქალეფი დო კოჩიშ შური“… ,,იობო ჯგერაგუნა, შენ ამიშენე და გამიმრავლე სკები და ადამიანის სული“… მაგრამ ამაზე სიტყვას აღარ გავაგრძელებ, რადგან ჩვენ უკვე გვქონდა ამაზე საუბარი ჯგერაგუნა – ფუტკრის მფარველი ღვთაებისადმი მიძღვნილ ბლოგში.
არ შეიძლება არ აღიძრას კითხვა, რა კავშირია პატარძალს, ხატპეპელა-იობსა და ბიბლიურ იობს შორის. ზედაპირულად, ეს არის მოთმინება, რომელიც მეტამორფოზების, ცვლილებების თანმხლებ ტკივილებს უპირისპირდება, ვამბობ ზედაპირულად, რადგან მოთმინების რაღაც დოზა სჭირდება ქალსაც, რომელიც უცხო, უფრო სწორად, ახალ გარემოში ხვდება მამის ბუდიდან ამოფრენილი და ხელახალი თვითდამკვიდრება უხდება, შეგუება თავისი ცხოვრების ახალ ფორმასთან, ახალ ადამიანებთან.
მუყაითობის სინონიმად იობის გამოყენება მნიშვნელოვანწილად უკავშირდება იმას, რომ იობი საზოგადოდ პეპელას, ხატპეპელას ჰქვია ჩვენში, ხატპეპელას, რომელიც ყაჭის მურის დედაა და ბუნებრივია, რომ მისი საკრალიზაცია სამეგრელოში დაკავშირებულია აბრეშუმის კულტურის სიძველესა და მნიშვნელოვანებასთან და ამავე დროს განპირობებულია ამ საქმეში ქალის წამყვანი როლით მას შემდეგ, რაც ქსოვილის დამზადება ჩვენი ისტორიის შედარებით ახლო ეტაპზე საკაცო და საქალო საქმის განაწილებისას ქალს ერგო წილად.
რაკი საკრალიზაცია ვახსენეთ, აქვე ვიტყვი, რომ საქალო საქმედ იქცა ხატპეპელასთვის, აბრეშუმის ჭიისთვის ლოცვაც, რომელსაც ჩვენში ყანჭიშ ხვამა – ყაჭის ლოცვა ჰქვია, რომელიც, ალბათ, ბევრგან სრულდებოდა, მაგრამ უცილობლად წმინდა გიორგის ტაძრებში, განსაკუთრებით ილორში იმ მოტივით, რომ წმინდა გიორგის არ უყვარს აბრეშუმის ჭია და აუცილებელია მისთვის პატიების თხოვნა ქალისგან, რომელიც ყაჭის დასმას აპირებს ან უზის.
არ ვიცი, როგორ არის დღეს, მაგრამ ილორის ტაძარში ამ ოცდაექვსი წლის წინათაც ნახავდით წმინდა გიორგის ხატისთვის შეწირულ აბრეშუმის ძაფის კონებსა და ნართებს. ამჯერად აღარაფერს ვამბობ ნართის სულის – კვიკვინასათვის ლოცვებზე ( ეს ცალკე თემაა). ძველად იტყოდნენ: სქან ყანჭის ორქოშ ოყუჯე – შენს აბრეშუმის ჭიას ოქროს საყურეო, რაც გულისხმობდა იმას, რომ ოქროს საყურე იცავდა ყაჭს და საერთოდ, ადამიანს ავი თვალისგან და ავბედობისგან, და რაკი ყაჭი ისედაც აღარავის უზის, ხოლო ადამიანს, ქალს ყოველთვის სჭირდება დაცვა და დალოცვა, ჩვენს გოგონებს ვეტყოდი: თქვა – ორქოშ ოყუჯე, ხოლო კაცებს, დამხვდურ ოჯახებს შევახსენებდი ჩვენს უძველეს ხალხურ სენტენციას: ,,ოსურს ეუკუნანქუნ, თუთა რე, დუკუნანქუნ, ტუტა რე.’’ – ქალს აწევ, მთვარეა, დაწევ – ნაცარი.
ჩავთვალოთ, რომ ეს არის და ეს, და, რაც შეიძლება, შორს და განზე დავტოვოთ ჩვენი ხატულა პატარძლები და საპატარძლოები იმისგან, რაც იობი–ხატპეპელას შესახებ ხალხური რწმენა–წარმოდგენების სხვა ასპექტშია წარმოდგენილი და დავუბრუნდეთ მის განსხვავებულ, უფრო ღრმა, უძველეს აღქმებს.
ამ საზრისის თანახმად, პეპელა – იობიცა და სხვაც, მით უფრო ღამეული, ადამიანის სულის განსახიერებაა, უფრო ზუსტად, სხეულის, ხორცის, ამქვეყნიური ცოდვების სიმძიმისგან გამოთავისუფლებული სულისა და სახლში შემოფრენილი პეპელაც სხვა არაფერია, თუ არა ამ სულის დაბრუნება სახლში პეპელას სახით.
აქ არ შეიძლება არ გაგახსენდეთ მარკესის ცნობილი ფარვანების შემოფრენა ღამეულ სახლში, მაგრამ მარკესი რომ არ შევაწუხოთ, შესაძლოა, თქვენც შესწრებიხართ იობის მოულოდნელ, უხმაურო აღმოჩენას თქვენს სახლში და თავად განგიცდიათ აუხსნელი კრძალვა ღამეული სტუმრისადმი, რომელსაც მისტიურ საბურველში გაუხვევია ნაცნობი, რეალური სივრცე, მით უფრო, თუ ეს ბავშვობაში მომხდარა, სამეგრელოს ისედაც იდუმალებით გამორჩეულ ღამეში და ძველებურ მეგრულ საცხოვრისში, ოდა იქნებოდა ეს თუ ჯარგვალი, სიძველისა და ხის მომჟავო სუნით სავსე სამყოფლოში. მით უფრო, თუ ბავშვური ცნობისმოყვარეობით ატანილს ხატპეპელას დაჭერა გიცდიათ და ბებიას გამწარებით შეუშლია ხელი: ,,ვაშინერს!“. ხოლო ბაბუას ფართოდ გაუღია კარ-სარკმელი და ღვინო მოუსხურებია სახლის გარშემო, რომ ასე მიფერებოდა შინ პეპელას სახით დაბრუნებულ გალენიშს, მიცვალებული ბინადრის სულს…
ეს ყველაფერი უხდება ხატპეპელას შავ–თეთრ ფერებსა და მისტიურ მოხატულობას.
არ ვიცი, გქონიათ თუ არა შესაძლებლობა, ახლოდან გენახათ ეს საოცრება – არა მუზეუმის ან კოლექციონერის სტენდზე ქინძისთავით მიკრული, არამედ ცოცხალი, მთრთოლვარე, შუქის მფრქვეველი, და დაუტოვებია თუ არა მას თქვენს თითებზე მოვერცხლისფრო–მთვარისფერი მტვერი, გინახავთ თუ არა მის ფრთებს დაჩნეული თვალის ფორმის წრეები, რომელიც ისევე ლამაზია, მაგრამ უფრო სევდის მომგვრელი, როგორც ასეთივე წრეები ფარშევანგის ბუმბულზე. ამ სევდიან თვალებს, საზოგადოდ, თვალის ფორმას პირდაპირი კავშირი აქვს ფრესკის თვალებთან, ცხოვრების ცრემლიან ციკლურობასთან, რაც ქმნის მისტიურ საბურველს, რომელიც იობის შემოფრენას ახლავს. ეს ციკლურობა, მარადი წრებრუნვა ჩანს ხატპეპელას მეტამორფოზებში – მურიდან – მატლის, ჭუპრის გავლით კვლავ პეპლად დაბრუნება–აღდგომისკენ, რაც არც ჩვენი, არც მსოფლიოს სხვა ხალხების საზრისს მიღმა დარჩენილა უძველესი დროიდან, როცა მაგალითად, ეგვიპტელები ჭუპრის ფორმას ანიჭებდნენ თაფლის სახვევებს მიბარებულ ძვირფას ცხედრებს, საიდანაც პეპელას სახით უნდა ამოფრენილიყო სული.
ძველი ბერძნების თუ პელაზგების მითებში იოსაც, რომელმაც ჩვენს სამყაროს, კოლხურ სამყაროს, კავკასიას შემოაფარა თავი, პეპელამ მოწმინდა ცრემლი და გაათავისუფლა მრისხანე ქალღმერთისგან მისეული კრაზანებისგან, როგორც ნიშანი თუ მინიშნება გვემული სხეულიდან ამოსული სულის განთავისუფლებისა და აღდგომისა.
და რაკი აღდგომა, სიკვდილის შემდგომ სიცოცხლე კაცობრიობის მთავარი საზრისია, ხოლო აღდგომა უპირველეს ყოვლისა ჩვენი მაცხოვრის ხატშია ჩადებული, დავამთავროთ იმით, რომ ყრმა იესოს ქრისტიანულ იკონოგრაფიაში პატარა ხელზე პეპელა აზის… უკეთესად ვერაფერს იტყვი.