სამჭედლო, მთვარე და ბედის ვარსკვლავი

0
1387

ნონა ქობალიას ბლოგიდან ,,მთვარის მოზაიკა”

სამჭედლო, ისევე როგორც წისქვილი, ოქუმი,  ერთ–ერთი ყველაზე საკრალური ადგილია ძველ სოფელში. ეს იყო ერთადერთი ადგილი, სადაც არასოდეს ქრებოდა შუქი, კოჭობი ( ჭრაქი), რომელიც საღვთო ადგილების ატრიბუტი იყო შორეული ხანიდან, და იმედად და ორიენტირად ეგულებოდა შორიდან მომავალ უცხო მგზავრსაც და სოფლის მკვიდრსაც, რომელსაც გარეთ შემოაღამდა.

სამჭედლო ყველაზე საკრალურ  იდუმალ ადგილად ითვლებოდა და ჩვენი ხალხის (და არამხოლოდ) მსოფლაღქმაში წარმიადგენდა  ხილული თუ ნახდევრადხილული სამსკნელიანი სამყაროს მოდელს, რომელიც დაკავშირებულია ციურ და მიწისქვეშა ცეცხლთან ( გრდემლზე უროს დარტყმისას ატყორცნილი ვარსკვლავური ნაპერწკლები და ქურაში მოგიზგიზე ცეცხლი ზესკნელისა და ქვესკნელის სიმბოლოა, სამჭედლო – შუასკნელისა), მაგრამ იყო კიდევ ერთი სკნელი – უკანა სკნელი, პარალელური სამყარო, მეოთხე განზომილება, რომელსაც მეგრელები გალენიშ ორთას ეძახდნენ. სწორედ გალენიშ ორთასთან, უხილავთან კავშირი განსაზღვრავდა სამჭედლოსადმი სრულიად განსაკუთრებულ, იმედიან და ამავე დროს შიშნეულ დამოკიდებულებას, რაც არის კიდეც ღვთისმოშიშობის არსის ნაწილი.

ვარსკვლავებით მოჭედილი ცა (მურცხეფით მოჭკადილი ცა)  კი ყველა დროში იწვევდა ადამიანის შიშნეულ ფიქრებს სამყაროს უსასრულობაზე, სიკვდილ-სიცოცხლეზე, წარმავლობასა და მარადისობაზე და შთააგონებდა  მხსნელის ძიებას სამჭედლოს ჭერქვეშ, რომელსაც ღამეული ცის გუმბათს ამსგავსებდა. ეს თაყვანისცემა საყოველთაო იყო – ვის არ უძებნია თავისი ბედის ვარსვლავი ღამეულ ცაზე მბრწყინავ მოკიაფე მირიად ვარსკვლავებს (მიარე ოჭკვაჭკვაია  მურიცხეფს) შორის, ვის არ აღძვრია კითხვა,  ვინ ცხოვრობს ვარსკვლავებზე, ვინ არ შემკრთალა ციდან მოწყვეტილი ვარსკვლავის დანახვაზე.

ხემოჭკადილი ( ხელდალოცვილი) მჭედელი კი ერთდროულად ხელოსანიცაა და ქურუმიც, ის ჭედავს და ამაგრებს ცაზე ვარსკვლავებს, მასზეა დამოკიდებული რამდენად მყარად და დიდხანს დამაგრდება ცაზე ჩვენი ბედის ვარსკვლავი, ის განგვიფრთხობს ავსულებს, სნეულებას, ის გვიჯავარდნებს გულს (მიჯარდუნა გურს), ის გვაცმევს რკინის პერანგს (ჯაჭვიშ რშვილ -ჭკადილ ოსარე, შიბოსარე), რკინის  ქალამანს (კინაიჩაფლას) სიმართლის ძიებაში, გვიჭედავს თოხსა და სახნისს არსობის პურის მოსაპოვებლად. (შემთხვევითი არ არის, რომ უძველეს სამაროვნებში ნაპოვნ საბრძოლო და სამუშაო იარაღებზე ვარსკვლავია ამოტვიფრული ( გავიხსენოთ თუნდაც  ერგეტაში ნაპოვნი  ცული), რასაც  ესთეტიკაზე უფრო საკრალურ საკულტო ცოდნასთან აქვს კავშირი.

ცას მურუცხის მასოფანს ( ციდან ვარსკვლავს წყვეტს) ვიტყვით მეგრელები ვინმეს განწირულ, ცათამწვდომ კივილზე,  ყუჯ მირკიანს –  ყური მიკივის, შევკრთებით რაღაც ავის მოლოდინში და ესეც ვასკვლავთან არის დაკავშირებული –  ციდან მოწყვეტილი ვარსკვლავი ხომ წივის. და სად თუ არა იქ, სადაც იჭედება ვარსკვლავი, უნდა ეძებო ნუგეში ამ არამყარ, ცვალებად  სამყაროში, სადაც იბადებიან და კვდებიან ვარსკვლავებიც, და მით უფრო, ადამიანები, რომელთა სხეული მყიფეა, სული – პასუხგაუცემელი კითხვებით სავსე?..

არის სხვა ნიშნებიც ვარსკვლავების კავშირისა ჩვენს შეგრძნებებთან,  მაგრამ  დღეს ჩვენ ვარსკვლავებზე ვლაპარაკობთ მჭედლებთან, სამჭედლოსთან დაკავშირებული მისტერიების კონტექსტში.

მეგრელთა საზრისით, ადამიანის გაჩენისას ცაზე მისი ვარსკვლავი ჩნდება,  სიკვდილისას კი იშლება, ამიტომ იყო  ყველაზე საშინელი  წყევლა რინამოლასირი, სიცოცხლემოშლილი. ხოლო სამჭედლოსა და მჭედლის მხარმკლავისათვის ლოცვა (ოჭკადირეშ ხვამა, ხეხუნჯობა)_ ლოცვა  მრავალჟმიერების, სიცოხლის, ბედის  გარანტისათვის,   ანუ სამყაროს შექმნისა და განახლების რიტუალური მისტერია.

ეს მისტერია გარდამავალ ღამეს,  ახალი წლის დადგომამდე მცირე ხნით ადრე  სრულდებოდა (ამაზე ჩვენ ვწერდით ბლოგში ,,ქირსამზა, ქირსეთუთა, ქრისტეშობისთვე)  ამჯერად გავიმეორებთ მხოლოდ იმას, რომ ამასთან არის დაკავშირებული რწმენა –წარმოდგენა, რომლის თანახმად, მჭედელთა მფარველი ღვთაება სამყაროს შემქმნელისა და დამმაგრებლის ( ქიანაშ გორჩქინუ დო დამარგებუ) ჰიპოსტასია, ხთონური თვისებების მატარებელი მითოსური პერსონაჟი, ხოლო მჭედელი არის შუამავალი ადამიანსა და ზეცაში და ქვესკნელში მობინადრე ღმერთებს შორის,  ის როგორც აღვნიშნეთ, აჭედებს ბედის ვარსკვლავებს ცაზე, მასზეა დამოკიდებული, რამდენად მყარად და დიდხანს დარჩება ეს ვარსკვლავი  ცაზე,  ახალი წლის ღამეს გრდემლზე უროს დარტყმის რიტუალიც ამას უკავშირდება. ამიტომ ლოცავს მთელი სოფელი მჭედლის მხარ – მკლავს, ამიტომ მიჰყავთ ვაჟები სამჭედლოში და შესთხოვენ მჭედელს კარგად მიაკრას ვარსკვლავი ცას, მის სახელზეც დაჰკრას ურო გრდემლზე, ამიტომ დარბიან ბავშვები კარდაკარ, რომ მოაგროვონ და სამჭედლოში მიიტანონ  თითოეული ოჯახისაგან შემოწირული ხორაგი – სახეხუნჯო

ზეციური ვარსკვლავების ჭედვა-მიჭედების უნარი, რომელსაც ჩვენი წინაპრები მჭედელს მიაწერდნენ, იყო ანარეკლი უძველესი ცოდნისა ვარსვლავების წარმოქმნის შესახებ, რასაც თანამედროვე მეცნიერებაც ამყარებს. – ვარსკვლავი იბადება კოსმიური სხეულების შეჯახების თუ აფეთქების შედეგად წარმოქმნილი გაზებისა და მტვრის ღრუბლებისგან სხვადასხვა ქიმიური ელემენტების, მათ შორის მეტალების სინთეზის შედეგად

სხვათაშორის, ვარსკვლავების ფერადოვნება  ძალიან ჰგავს მჭედლის ნახელავის  ფერადოვნებას, ცეცხლის ვარსკვლავებად ფრქვევას სამჭედლოს ჭერქვეშ, რომელიც ვარსკვლავიერი ცის მიწიერი მოდელია. ამ ფერადოვნებაში  იფარებოდა იდუმალი ცოდნა, რომელიც რკინის ნაკეთობებს სხვადასხვა ფერს აძლევდა – მხოლოდ მჭედელმა იცოდა, რატომ იყო მისი ნახელავი წითელი, თეთრი, იასამნისფერი, მოლურჯო, თუმცა დღეს უკვე ძნელი არ არის მიხვდე, რომ ეს მინარევებთან, წრთობის განსხვავებულ წესებთან არის დაკავშირებული. ზეცაში კი, სანამ გაზები იწვის და ცხელია, ახალშობილი ვარსკვლავი ცისფრად ანათებს, ხოლო როცა გაციების პროცესი იწყება   – წითლად იწყებს ნათებას.

 ის, რომ გრდემლზე უროს დარტყმისას ირგვლივ უამრავი ვარსკვლავა ნაპერწკალი ცვივა და  სამჭედლო გახვეულია რაღაც შეუცნობელ ნათელში, რომელსაც    ქურაში მიგიზგიზე ცეცხლი, ორეში მდგარი წყალი,  მიწა  წიაღისეული ლითონის სახით და ორთქლის ბოლქვები ქმნის, აიხსნება    მიწის, ცეცხლის, წყლისა და გაზის ურთიერთქმედებით,  რაც სამყაროს ქმნადობის მარტივი  მოდელია. თუმცა შეიძლება მთლად და მხოლოდ ასეც არ იყოს საქმე, მისტიკა თავისას ითხოვს, ფიზიკური კანონების  გადასინჯვას  იდუმალმგრძნობი წარმართის ხედვით.

როგორც ხედავთ,  სადაც მჭედელია, იქ ვარსკვლავია. მაგრამ იქ არის უპირველეს ყოვლისა მთვარე, კოლხების მარადი თაყვანისცემის ობიექტი და მსოფლშეგრძნების საყრდენი წერტილი.  

რკინის ჭედვა-წრთობისთვის საუკეთესო დროდ ითვლებოდა მთვარის მესამე დღე,  როცა ახალშობილ მთვარეს ნამგლის – მაგანას ფორმა ჰქონდა.

მჭედლები გამოსაჭედ რკინას ცეცხლზე 48 -გზის ატრიალებდნენ – ეს სიმბოლურად გამოხატავდა ბნელი მთვარის 2 დღეს, ბნელი მთვარის უფლობის 48 საათს, რომელსაც ახალი მთვარის დაბადება მოსდევდა. აღსანიშნავია, რომ  გამოსაჭედ რკინას მხოლოდ წაღმა ატრიალებდნენ მხოლოდ წაღმა –  დედამიწის და ერთდროულად თავისი ღერძის ირგვლივ მთვარის ბრუნვა-რების მიმართულებით , რაც ასევე ნაჭედობის სასიკეთო დანიშნულებას უკავშირდებოდა. ეს განსაკუთრებით ეხება ახალშობილის ბედზე შესახელებული მეტალის საგნის ჭედვას , როგორც ცაზე მისი ბედის ვარსკვლავის რიტუალური დამაგრების მისტერიას.  სხვათა შორის, აქედან მოდის  გამოთქმა კვარჩხშე ჭკადილი (უკუღმა დაჭედილი) ,  რასაც უკუღმართ ადამიანზე იტყვიან ჩვენში (თუმცა უკუღმა დაჭედილს ასევე იტყვიან თავზეხელაღებულ, ხიფათისა და შეუცნობელის ძიებას გადაყოლილ კაცზეც, რომელიც ამ შეუცნობელში უკუღმა დაჭედილი ცხენით თუ ტერფშექცევით მიიპარება) .

მჭედლები ქურას აცივდებდნდენ და ჭედვას წყვეტდნენ მთვარის ფაზების შეშლის, ე.წ. შეშლილი  მთვარის (თუთა ფორცხოლელაფირიშ) დროს, რომ ადამიანს, რომლისთვისაც ნაჭედობა იყო განკუთვნილი,  ხელი არ შეშლოდა, მხარი არ ქცეოდა, გზა-კვალი და ფიქრი არ არეოდა  (ფორცხოლ ვეცუმუდკო) და  საქმეში გამარჯვებოდა.

საზოგადოდ, მეტალისა და მთვარის კავშირზე მიგვითითებს ძველი მეგრელების ჩვეულება –  ახალი მთვარისთვის ეჩვენებნათ სატევარი და სხვა ნაჭედი საგნები, რომ მთვარეს ჟანგისგან გაეწმინდა და  ელვარება შეეძინა მისთვის . ამ დროს იტყოდნენ, რომ ჰაერში გაქნეული სატევარი აქ მთვარით ბრწყინდება და იქ მთვარეს ვერცხლავს (,,აქ ოშხან თუთათ ივარკალუ დო   დო ექ თუთას ვარჩხილანს” )-ეს იყო  პოეტური მეტაფორაც და ამავე დროს  დაფარული, საკრალური ცოდნა, რომლის თანახმად,  რკინა, საზოგადოდ მეტალი მთვარის ცაზე  ახალ ვარსკვლავებს აჩენდა და ძველს ამყარებდა. სხვათაშორის,  ნასა ახლა მუშაობს თეორიაზე, შესაძლოა თუ არა  დედამიწიდან პირდაპირ თუ კოსმოსური ხომალდების მეშვეობით მნათობების ზედაპირზე  აიტყორცნოს, მიიმართოს მეტალის შემცველი გაზები, რომელთაც მათზე გარკვეული პროცესების გამოწვევა შეუძლიათ). ასე რომ ძველი მეგრელი, (ხალიბების მემკვიდრე  ბოლოსდაბოლოს) იქნებ მხოლოდ სათავისოდ კი არ იქნევდა   ხმალს მთვარიან ველზე, მამა მთვარესაც უგზავნიდა ძალასა და ნიშანს – აქ ვარ და მიმსახურეო ( მისტიკასა და მითებში  ხუმრობაც მოდის, ძველი ღმერთებიც იცინიან, ვიცით ჩვენ ეს)

მისტიკა მართლაც  თავისას ითხოვს, სხვაგვარად ვერც ახსნი იმას, რომ მაგალითად, ზარანდები ზარების ჩამოსხმისას მიწაში ამოთხრილ ორმოში  ჩასხმისას გამდნარ გავარვარებულ ლითონის ( სპილენძის, ოქროსა თუ ვერცხლის ) მასას აუცილებლად მოურევდნენ ფიჭვის ან ნაძვის ნედლ შტოს,   რადგან მიაჩნდათ, რომ ეს განსახვავებულ ფერსა და ხმიანობას ანიჭებდა ზარს, სინედლე, თბე, და მელოდიურობა შეჰქონდა მასში მეტალის ცივი, გამყინავი ხმის წილ. რაკი სიტყვა ზარებზე ჩავარდა, ანუ სიკეთის,მფარველის ხმობაზე,  ზარი ჭკადუ-ზარანდების  ნახელავიდან ერთერთ ყველაზე მოთხოვნადი იყო ჩვენში, როგორც ღვთისნიერი (უპირველეს ყოვლისა) და  ამასთან  მიწათმოქმედ , მეჯოგე და მხედრული სულის მქონე ხალხის ყოფაში .

თქვენს ყურადღებას მივაპყრობთ იმას, რომ მჭედლების სათაყვანო მნათობს მთვარეს უკავშირდება რკინის ნალის დაკიდება ჩვენს წინკარებში, მარნებსა და ბოსლებში.

 რქებით ზევით დაკიდული ნალი იმეორებდა ფორმას ღრმად ჩახნექილი მთვარისა,რომელსაც ათოხვიპა ერქვა. ათოხვიპა მთვარის დანახვაზე მეგრელები იტყოდნენ, რომ იგი ამ ხვიპიაში ანუ ჯამში აგროვებდა მაცოცხლებელ წყალს, სასიკეთო წვიმას ანუ სიკეთეს და შესაბამისად რქებით ზევით დაკიდულ ნალში დადებითი ენერგია გროვდებოდა. რქებით ძირს დაკიდული  ნალი, რომელიც იმეორებდა ფორმას ,, თავდაყირა მთვარისა’’ ,   ამ რქებით ქვერსემიაში, ქვესკნელში ფლავდა ავ თვალსა და ზრახვებს.

ბედისწერასთან, ციურ სხეულებთან და ღმერთებთან მჭედლების კავშირს რომ გავცდეთ, უნდა აღვნიშნოთ, რომ მათ უფრო დამიწებული, ყოფიერი, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი სხვა ფუნქციებიც ჰქონდათ:

მჭედლები მსაჯულისა და მიმტევებლის ფუნქციასაც ასრულებდნენ –  ეჭვმიტანილს გრდემლთან აფიცებდნენ უდანაშაულობაში,  ისინი ასრულებდნენ ხატზე გადაცემის სახით ჩადენილი დანაშაულის გამოსყიდვის რიტუალს, ეს ხდებოდა თავად   ხატზე გადამცემის თხოვნით, რომელსაც გადაცემულის ამოწყდომის შემდეგ იპყრობდა შიში, რომ წყევლა შემოუბრუნდებოდა – მხოლოდ მჭედელს შეეძლო   ამოძრობა ხიდან ხატზე გადაცემის ,,ინოჯვარზუას’’ ნიშნად მიჭედებული სამსჭვალისა, მისი გადადნობისა და ნადნობის მიწაში ღრმად ამოთხრილ ორმოში ჩაფლვია, რომ სხვა მაწყევარს ვერ გამოეყენებინა იგი ცოდვიან რიტუალებში,   მჭედლები ახდენდნენ ,,გითოფუნაფას” – მოსადევრიანი მიწის გამოლოცვას, დაფიცების,  ფიცვერცხლის ჭამის – მეფუჩუას რიტუალს , მჭედლებთან მიდიოდნენ საშველად სნეულთა პატრონებიც, რადგან დამლოცველთა გარდა, მათ მკურნალის ფუნქციაც მიეწერებოდათ.  –  მჭედლების   ძირითად   სამუშაო მასალას – რკინას სამკურნალო ძალა ჰქონდა, ამიტომ მის ანაფხეკს წყალში ხსნიდნენ და ასმევდნენ ძალამიხდილ, სნეულ, სისხლნაკლულ ადამიანს, როგორც ჰემოგლობინის მატების შემძლეს (ზისხირიშ მოკათაფა). ამ მხრივ მნიშვნელოვანია, რომ რკინის წყალს არამცდაარამც არ დაალევინებდნენ ორსულ ქალს, რადგან თვლიდნენ, რომ ეს ან სისხლდენას გამოიწვევდა, ან მენჯის ძვალს  გაუჭედდა ( აკუჭკადუნდ) მას მშობიარობისას

არის მჭედლების სახისა და საზოგადოდ სამჭედლოს საკრალიზაციის არაერთი სხვა საფუძველიც, მაგრამ ამჯერად დავასრულოთ იმით, რომ სამჭედლოს არსებობა სოფელში ღმერთთან  ახლოს ყოფნის, სოფელში ღვთის თვალის ტრიალის ნიშანი იყო, სამჭედლოს , მჭედეტა მფარველი ღერთის ძალა აქ დაფუძნებულ მჭედლებზე გადადიოდა, მაგრამ ცოტა სხვაგვარად იყო საქმე სოფელში შემთხვევით თუ მცირე ხნით შემოხეტებული, უფრო ხშირად, უცხოტომელი  მჭედლების –  შარა-მეშარე ჭკადუების შემთხვევაში – მხოლოდ თოხისა და ბარის, სახნისის შეკეთება არ იყო ის, რაც მჭედელს  ღმერთს ამსგავსებდა.  სოფელს კი ღმერთები ეიმედებოდა და სჭირდებოდა.

და ბოლოს, როგორც ჩვენი წინაპრები იტყოდნენ, რინა ვამორლასუდან,  ბედის ვარსკვლავი ნუ მოგიშალოთ ღმერთმა

წინა სტატია,,შესაძლოა სერგეი ლავროვი თბილისში არ ჩამოვიდეს, თუკი რუსეთის ხელისუფლება გავრილოვის ფაქტორს გაითვალისწინებს” – ნიკა ჩიტაძე
შემდეგი სტატიაNDI: გამოკითხულთა 70% პროპორციულის ჩაგდებას უარყოფითად აფასებს
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური