ქრისტეს პერანგივით დაუსრულებელი -ქირსეშ ოსარეჯგუა უგუთებელი

0
1139

ნონა ქობალიას ბლოგიდან ,,მთვარის მოზაიკა” 

 შობის ღამეს ძველი სამეგრელოს მისტიურ სამჭედლოებში გრდემლზე უროს დაჰკრავდნენ მჭედლები, რომელიც სამყაროს დემიურგს განასახიერებდნენ, ხოლო ქალები, რომელნიც ერთი კარგი პოეტისა არ იყოს, არ იყვნენ მარიამ ღვთისმშობლები, მაგრამ დედები იყვნენ, საქსოვად სხდებოდნენ და ერთ თვალს ამოიყვანდნენ პერანგზე, რომელიც ქრისტეს კვართის სიმბოლო იყო

ქრისტეშობის ღამის მეგრულ მისტერიებსა და წეს–ჩვეულებებში არის ერთი ნაკლებად ცნობილი რიტუალი, რომელიც, რაც დრო გადის დავიწყებას ეძლევა და იკარგება ამ დღესთან დაკავშირებულ ულამაზეს, ღრმა თუ მარტივი სიმბოლიკის მატარებელ სხვა რიტუალებში.

 ეს გახლავთ ქრისტეს პერანგის  (ქირსეშ ოსარეშ)  ქსოვის ტრადიცია, რომელსაც უკავშირდება გამოთქმა ,,ქირსეშ ოსარეჯგუა უგუთებელი” ( ქრისტეს პერანგივით დაუსრულებელი) –  ასე იტყვიან სამეგრელოში ძალიან გაჭიანურებულ საქმეზე, რომელსაც ბოლო არ უჩანს.

 მეგრელ ქალებს – ქალწულებსაც და ოჯახის დედებსაც წესად ჰქონდათ ქრისტეზე შესახელებული პერანგის ქსოვა მთელი სიცოცხლის განმავლობაში იმ აუცილებელი პირობის დაცვით, რომ საქსოვზე მხოლოდ შობის ღამეს უნდა ამოეყვანათ თვლების ერთადერთი რიგი.

ბუნებრივია, ადამიანის , თუნდაც მზეგრძელი ადამიანის სიცოცხლე არ იყო საკმარისი  პერანგის გასრულებისთვის ასეთი ტემპებით. 80 ან თუნდაც 100-120 წელი ( განა რამდენი უნდა ეცხოვრა ადამიანს?) არათუ მაღალი აღნაგობის მაცხოვრის, ტანმორჩილი  ბავშვის შუაწვივსაც ვერ შეწვდებოდა. ამიტომ იყო ეს საქმე იმთავითვე დაუსრულებლობისთვის გადადებული. გარდაცვლილი დედისგან მიღებულ ნაქსოვს ქალიშვილი აგრძელებდა, მაგრამ ეს გაგრძელებაც პირობითი იყო. მემკვიდრე ხელუხლებად ტოვებდა წინამორბედის ამოყვანილ პირველ რიგს, ხოლო დანარჩენს ბოლომდე არღვევდა, რომ ისევ დედის მოქსოვილი პირველი რიგიდან ამოეყვანა თვლები.

ასე გადადიოდა თაობიდან თაობაში პირველმქსოველი დიდი დედისა და მისი ნაგრამის  ხელით ამოყვანილი რიგებიდან უკვე საკუთრივ მემკვიდრის პირველი რიგი, როგორც საწყისის გზისა, რომელიც ყველა თაობას თავად უნდა გაევლო. 

მაშ  რატომ იწყებდნენ ამ თითქოს უიმედო საქმეს ჩვენი ღვთისმოსავი ქალები, რაში მდგომარეობდა ქრისტეს პერანგის ქსოვის არამატერიალური, საკრალური მნიშვნელობა? ჯერ ერთი, პერანგის მქსოველი ქალი, უკვე დედა ან პოტენციური დედა, ამით თავის თავში  ეძებდა უმაღლეს დედობრივ საწყისსა და მსგავსებას მარიამ ღვთისმშობელთან ( უფრო სწორად ცდილობდა დამსგავსებოდა მას), რომელიც თავისი ხელით უქსოვდა პერანგებს იესოს ყრმობიდან ვიდრე ჯვარცმამადე – დედის ნაქსოვი პერანგი ეცვა ბაგაში მძინარე ყრმა მაცხოვარს და დედის  ნაქსოვი პერანგი ეცვა გვემულსა და   ჯვარცმულს. 

მეორეც,  პერანგის ქსოვა ამავე დროს იყო სიმბოლო კერის მფარველი ქალის მიერ თავისი ფანიას (ოჯახის) სულიერების ამოქსოვისა ქრისტიანული საწყისიდან, რომელსაც განასახიერებდა პირველი რიგი და ქრისტეს პერანგის შემოქსოვისა თავისი შვილების ტანზე, რასაც უნდა დაეცვა ისინი თავიანთი თუ წინაპართა ცოდვებისგან, ქრისტეს გზაზე უნდა დაეყენებინა ისინი და დაეცვა ავი ხდომილებისგან (უბადო მუნახვამილეფშე). 

რაც შეეხება პერანგის რღვევას და მისი ქსოვის უსასრულობას, ეს სიმბოლურად გამოხატავდა სწრაფვას სრულყოფილებისაკენ, რომლის მიღწევა ჩვეულებრივი მოკვდავისთვის შეუძლებელი იყო, მაგრამ თავად ეს სვლა და მისწრაფება აახლოებდა  ღმერთთან, სრულყოფილებასთან.

 ეთნოგრაფ ალიო ქობალიას გამოუქვეყნებელ ჩანაწერებში მოთხრობილია ქრისტეს პერანგის ქსოვის რიტუალი, რომელსაც იგი ლაკადაში, ლექობალეში შესწრებია მრავალი ათეული წლის წინათ.

შობის ღამეს, როცა სოფელს კერაზე მოგიზგიზე საშობაო ცეცხლის კვამლი და საქირსო ღეჯიშ – საკალანდო ღორის ნახარშის სურნელი ეფინებოდა, ხოლო ახალგაზრდობა სიცილ-ხარხარით ემზადებიდა ალილობისა და დროსტარებისთვის, გარგუებული – ანუ სამარადისოდ გლოვას მიცემული შვილმკვდარი და მარტოხელა ქალი განმარტოვდებოდა თავის ჯარგვალში, რომ, როგორც კი შობის ზარი დაჰკრავდა, თვალი ამოეყვანა ქრისტეს პერანგზე. 

ლაკადაში, კერძოდ ლექობალეში ეს მისია ნატვირთები ჰქონდა პატონ საჯიხეს (სხვათა შორის, სამეგრელოში  ,,ბატონი’’ ქალსაც და მამაკაცსაც მიემართებოდა, ხოლო ოსურ პატონი – ქალბატონი, ერთის მხრივ  ისეთივე  ხელოვნური ფორმა იყო, როგორც ,, მეფა” ქალი მეფის მიმართ, და, მეორე მხრივ, ფამილარობის, თუ არა უარესის, ნიუანსს ატარებდა და ამიტომ პატივსაცემ ქალს მხოლოდდამხოლოდ ბატონად მოიხსენიებდნენ)

ბავშვებმაც კი ვიცოდით, რომ ამ დროს მასთან შესვლა არ შეიძლებოდა- ქაცალით! ( აცალეთ!) – გვარიგებდნენ მშობლები. მაშინ არ ვიცოდით, და არც შეიძლება გვცოდნოდა, რატომ იყო ახლა ჩაკეტილი სხვა დროს ბავშვებისთვის მუდამ ღია სახლის კარი, სადაც ნებისმიერ დროს აგივსებდნენ უბეს ( ოსარეშ ლუბას) – ტკბილი კვერით, ჩურჩხელებით, ჩირით, ჯაშ კამფეტით (ხის კამფეტით – მცენარეა ასეთი,  ტკბილ რტოებს ისხამს) და სულმოუთქმელად ველოდით, როდის დამთავრდებოდა ეს კარჩაკეტილობა. – წერს ალიო ქობალია- სამაგიეროდ სოფელმა იცოდა, რომ ეს განმარტოება პატონ საჯიხეს ფიქრისთვის და ღვთისმშობელთან განდობისთვის სჭირდებოდა, ხოლო პერანგი, რომელსაც იგი ქსოვდა, სოფლისთვის იყო განკუთვნილი – თავად მას ხომ აღარავინ ებადა, თვინიერ თანასოფლელებისა. 

საჯიხეს ნაქსოვი ქრისტეს პერანგიც მინახავს – წერს ალიო ქობალია – სიცოცხლის ბოლოს მან სრულიად დაკარგა მეხსიერება და სულ სადღაც წასვლას ცდილობდა ხელში – ხის ჩემოდნით, თავზე  – თეთრი დარაიით, და, როცა შედარებითი გამონათების დროს,  მეტყველების უნარი და სურვილი უბრუნდებოდა, ამბობდა, რომ მამის სახლში ბრუნდებოდა…  

ბავშვებს გვაფრთხილებდნენ, რომ თუ საჯიხეს სადმე უადგილო ადგილას ვნახავდით – სოფლის ბოლო იქნებოდა ეს თუ  უსიერი ტყე, როგორმე უნდა დაგვებრუნებინა უკან და ჩვენც, როგორც კი სახლიდან გასულს ვნახავდით, ჟივილ – ხივილით გავეკიდებოდით, რომ ამ ხმაზე უფროსებიც მოგვშველებოდნენ. 

ერთხელაც საჯიხე გარდაცვლილი ვიპოვეთ გზაჯვარედინზე ( შარაოკართუს), ხის ქვეშ.  უფროსებმა იქვე მიგდებული ხის ჩემოდანი გახსნეს და შიგ ქრისტეს პერანგი ნახეს.  ყოველი რიგი ამ ნაქსოვზე სხვადასხვა ტონალობის თეთრი იყო : ადრეული რიგები – ჩაშავებული (ძაფის სიძველის გამო), ხოლო პირველი- სულაც დიხა ჭუბერის  (აყალო მიწის)  ფერისა… არავინ იცის, როდის იყო ამოყვანილი პირველი რიგი, ვინ იყო პირველმქსოველი, მაგრამ რიგების მიხედვით შეიძლებოდა დათვლა, რომ საჯიხე პატონი მეცხრე იყო ა, პერანგის მქსოველთა შორის… 

დაკრძალვისას სოფელში ბევრი იკამათეს, ჩაეტანებინათ  თუ არა მისთვის ქრისტეს პერანგი. შინერს – ვაშინერს… შინერს- ვაშინერს… ბოლოს მაინც ჩაატანეს.” 

რით არ ჰგავს უბრალო მეგრელი მქსოველი ქალისა და ქრისტეს პერანგის  ეს ამბავი ამბავს სიდონიასი, რომელიც გულში ჩაკრული ქრისტეს პერანგით მიაბარეს  მიწას?

 მაგრამ დავუბრუნდეთ გამოთქმას ,,ქირსეშ ოსარეჯგუა უგუთებელი – ქრისტეს პერანგივით გაუთავებელი… ‘’  ეს გამოთქმა   მსოფლიოს მრავალ ხალხშიც გვხვდება ( ნაწილობრივ ჩვენშიც) , მაგრამ სრულიად სხვა მნიშვნელობით:  იქ იგი უკავშირდება  გაუთავებელ დავას, რომელიც იმ დროიდან იღებს სათავეს, როცა ჯავარცმული ქრისტეს ნაცვამი პერანგის მემკვიდრეობაზე დაიწყო კამათი და დღეს ისეთ დავაზეა განზოგადებული, რომელსაც ბოლო არ უჩანს.

   მათ შეუძლიათ იდაონ, სამეგრელოს მივარდნილ სოფელში კი   ქრისტეს პერანგი ერთადერთი აღმოჩნდა, რასაც ადამიანი  ვერ შეელია უგონო მდგომარეობაშიც კი და ყველა განძს არჩია (პატონ საჯიხეს ნამზითვი ოქრო – ვერცხლი სახლში დაეტოვებინა), როგორც სიმბოლო სწრაფვისა უსასრულო, უსაზღვრო სიკეთისკენ, რომელიც არის ღმერთი. 

 …და სწორედ ეს არის იგავამდე ამაღლებული თითქოს ყოფითი ამბის   მთავარი ხაზი – ღმერთთან მიახლოების უდასასრულო მცდელობა მასზე ფიქრითა და განდობით,    ქრისტეზე შესახელებული პერანგის ქსოვის უსასრულობა  შობის სასწაულებრივ ღამეს და მთელი ცხოვრება .

წინა სტატიადავით წერედიანის გარდაცვალებით დამთავრდა დიდი ლიტერატურული ეპოქა – საზოგადოება მის მთაწმინდაზე დაკრძალვას ითხოვს
შემდეგი სტატიაგუშინ დაკავებული ბექა ბასილაია და ზურა ნადირაძე სასამართლოს დარბაზიდან დროებით გათავისუფლდნენ, მათი და სხვათა პროცესი კი გადაიდო
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური