ღვინის ხატი აგუნა მოდის…და ჩვენი ქვეყანაც ხომ ვენახია, შეიძლება მოუვლელი, მაგრამ მაინც ვენახი

0
1152

ნონა ქობალიას ბლოგი ,,მთვარის მოზაიკა” ღვინის ხატის – აგუნას შემოსვლის დრო ახლოვდება – აგუნაშ ძახი.  მისი წყალობით,  ჩვენს ყოფასა და სიტყვას  წმინდა ღვინის სურნელი ახლავს და ჩვენი ქვეყანაც ხომ ვენახია ამ სიტყვის ყველა მნიშვნელობით, შესაძლოა, მოუვლელი, მაგრამ მაინც ვენახი. 

ახალი წელი შემოდის და აგუნა მოყვება, წარმართული, საეკლესიო და საერო კალენდრების თუ ჩვენი გაორებული მიდგომების მომრიგებელი, სისხლის შემჩუჩხუნებელი, იმგვარად, როგორც ამას აკეთებს ცეცხლის მცველი, როცა ძილისკენ მიდრეკილ, დაფანებულ მუგუზლებს თავიდან ააბრიალებს და ტკაცა–ტკუცს დააწყებინებს. ~

ცოტაც და აგუნა ისევ ააბრიალებს ჩვენს სამომავლო ფიქრებსა და იმედებს, რომლისთვისაც კაცის გული მუდამ გახსნილია, განსხვავებით რუტინული, სადაგი დღეების მდინარებისგან, რომელთაც არ ახლავთ მთების გადაბრუნების განწყობა –  ჩვენი უმრავლესობა  ხომ ყოველთვის ხვალიდან, იმ კვირიდან, იმ თვიდან იწყებს თავისი ნაფიქრის განხორციელებას, წლები კი  მიდიან. 

მაგრამ რუტინულ ყოფაზე, უფერულ სადაგ დღეებზე – რომელთაც მეგრულად  ,,მენწკარილ , რდღიბალ, ტყურაია დღალეფს” ვეძახით, შემდეგ ვილაპარაკოთ, დღეს კი ახალი წელი ახლოვდება, სუფრასთან თავშეყრისა და საკუთარი თავისთვის და ერთმანეთისთვის გულის გადახსნის დრო, როცა მართლა გჯერა, რომ რაღაც ახალი უნდა დაიწყოს, რაღაც მეტი უნდა გააკეთო.  

აგუნაშ ძახიშ , აგუნა ღორონთიშ დღახუს, დღარ აგუნას  – ღვინის ღმერთ აგუნას ღამით   ყველა  თავშექცევა რაღაც დოზით ღვინოსთან და სადღეგრძელოსთან არის დაკავშირებული, ღვინო კი სუფრასთან ისმება, ლამაზ სუფრასთან, ჩვენ ის ხალხი არა ვართ, პირზე მივიყუდოთ ,,ლარიოკში“ ნაყიდი არყის ბოთლი და მარტოკა მივეგდოთ სადმე ღობის ძირას. ჩვენ აგუნას მფარველობის ქვეშ მყოფი ხალხი ვართ, ის კი ღვთაებრივი და ადამიანური საწყისის საუკეთესო შერწყმას უწყობს ხელს ჩვენში.

დიახ, აგუნა მწიფობის, მოსავლის, ნაყოფიერების ღვთაებაა, აქ იგი მარადისობის, მარადიული წრებრუნვის ხატია და ყოფიერების, ცხოვრების არსის ფილოსოფიური, ხშირად რთული, ძალიან რთული განსჯისკენ ეწევა ადამიანს, მაგრამ ამ სირთულეს გარკვეულწილად აგუნას კიდევ ერთი, ადაპტირებული ჰიპოსტასი გვიმსუბუქებს, ამ ჰიპოსტასს ღვინის ხატს, ღვინის ღვთაებას ვეძახით და ისიც, ფილოსოფიაში ძალიან შეტოპილთ ( გვალო ქიმშაბლითდა), თვალის ჩაპაჭუნებით გამოგვიყვანს უკან – უფრო მარტივი, ყოველ შემთხვევაში მოჩვენებითი სიმარტივით განსხვავებული, თუმცა ასევე ფილოსოფიური ფიქრებისკენ.


 ღვინის ხატი აგუნა თოვლის ბაბუასგან განსხვავებით, ულვაშებგაწკვერტილი ( მეგრულად ,,გამცქვიტია’’) ახალგაზრდა ღვთაებაა, ეშმაკურად მოღიმარი, მემთვრალე, არშიყი ვაცკაცი. იგი  თხის ფეხებით დაბაკუნებს და ღვინოში დასველებულ წვერს დააცანცარებს ჩვენს სოფლებში  – სოფლებს ვამბობ იმიტომ, რომ იდილია, ბუკოლიკა, ვენახების სიახლოვე თუ ვენახოვნება უფრო ბუნებრივი გარემოა მისთვის, ვიდრე თანამედროვე რესტორნები და არტკაფეები, რომელთა საწინააღმდეგო ჩვენ არაფერი გვაქვს, მაგრამ ეჭვი გვაქვს, აგუნას არჩევანი მაინც   სოფელია, მით უფრო პატრიარქალური

 

აგუნა სიამოვნებით წრუპავს ძველსა და ახალ ღვინოს მარნებსა და ჯარგვლებში, რომ შეზარხოშებულმა, გუნებაზე მოსულმა აიყოლიოს სოფლის ახალგაზრდები, ხშირად ახალგაზრდული სულის მქონე ბერიკაცებიც გაირიოს ამალაში და ხორხოცითა და ცეკვა–სიმღერა–ლაღობით აახმაუროს ზამთრის მდუმარე გარემო – ცალკერძ იმისთვის, რომ სიყვარულის ცეცხლი აუნთოს თვალებში ჭაბუკებსა და ქალიშვილებს და ესეც ნაყოფიერებასთან, გამრავლებასთან არის დაკავშირებული.

 ,,ელებგუნებუათ დო აკიფშაყარათ, ელებგუნებუათ დო გეფშვათ’’ – მოვიგუნებოთ და თავი მოვიყაროთ, მოვიგუნებოთ და დავლიოთ  – იტყვიან კაცები ჩვენში, ეს ელაგუნებუა სხვა არაფერია, თუ არა აგუნას ჩაჩურჩულება ყურში.  

 რა უყვარს აგუნას? – კი, ღვინო და ქალებიც, მაგრამ სოფელში სტუმრად მოსულ აგუნას არაფერი ეშლება, კარგად ახსოვს სოფლის პრინციპი, მეზობლის ქალს ხელს ნუ ახლებ, რომელიც იმ დროიდან მოდის, როცა სოფელს ერთი გვარის, ერთი სანათესაოს ხალხი, ერთი ბაბუას გამნარყი შეადგენდა, ბოლოსდაბოლოს, თავად აგუნაც იმ ძველი დროის შვილია, მაშინდელი ძველი ბიჭი და თავის მხლებლებს ისეთ რამეს არ ჩაადენინებდა, რომ სუფრა წაეხდინა – სიყვარულის ობიექტი სხვა სოფელშიც მოიძებნებოდა და, ესეც რომ არა,  (ვგულისხმობ კონკრეტული ობიექტის მოძიებას მაინდამაინც ახალი წლის ღამეს), აგუნას, უპირველეს ყოვლისა, თავად სიყვარული უყვარს და ეს სიყვარულისადმი სიყვარული, შეყვარებულობის განცდა და ფლირტი ალამაზებს და ახალისებს ირგვლივ ყველაფერს.

 მაგრამ დავუბრუნდეთ აგუნას სტუმრობას ოჯახში. ღმერთი რის ღმერთია, თუ ის ყველგან მყოფი და ყველასთან მყოფი არ არის და აგუნაც ერთდროულად ახერხებს ყველა ოჯახში ყოფნას, სადაც საწნახელზე საკალანდო ღორის თავის ცემით მიიპატიჟეს. უფრო მეტიც, აგუნა, პირველ რიგში, მხლებლებითურთ შედიოდა იმ ოჯახში, სადაც მარანიც და ბაღუც – ბეღელიც ცარიელი ან ღარიბული იყო და მაშინ ქვრივ–ობლისა და შეჭირვებულის სახლიც მოსაკითხისა და  მოკითხულის ძალით მყისვე უთანაბრებდა მეზობლის ბარაქიან, ხვავიან ოჯახს.

აგუნა ღარიბის ოჯახში ჯდებოდა წყალობის გასაცემად, აქედან ურიგებდა სოფელს ხვავსა და ბარაქას იმ პირობით, რომ გაცემულის ნახევარს ყველა ამ ოჯახს დაუბრუნებდა … და მაშინ აგუნაც დამშვიდებული გადადიოდა სხვა, მდიდარ სახლებშიც და სხვა  სუფრას ჩაუჯდებოდა. აქ კი, კერიაზე სანთადან გადმოშვებულ ნაჭაზე, ჩვენებურად ლანჭაზე დაკიდებულ ქვაბში უკვე იხარშებოდა საკალანდო ღორის ხორცი, ტაბლაზე, ტაბაკზე,  უფრო ზუსტად, ჩერხუზე ამოჭრილ ჩაღრმავებებში ოხშივარი ასდიოდა ახლად ჩაგებულ ღომს თუ ელარჯს, მათრობელა სურნელს აფრქვევდა გუნაფილი – დამწდარი, დაწმენდილი ღვინო, რასაც ნანიადან ( ჭერხოდან) ჩამოტანილი ჩაქარვებული ბიის სურნელი ერთვოდა. და მთელი ეს სურნელი ავსებდა ჯარგვალსა და მიდამოს, რომელსაც ღიობებიდან გასული ორთქლი, სითბო და სინათლე ეფინებოდა. 

ამ ღამეს აღარც შემცივნულ მინდორ–ველსა და ვენახს ეშინოდა უნაყოფო დროისა და კვდომის შეგრძნებისა და აღარც გლეხს, რომელიც იმედიანად აყურადებდა ,,მიკოდგუმილ ონჯირუს” – ჯარგვლის კედელს მიდგმულ ტახტს, რომელზედაც ბავშვები ჭყლოპინებდნენ და ბასილა მჭადის – ბასილაჭკიდის და ჭვილ კვარეფიშ – ხაჭაპურის ნაფშვენებით ავსებდნენ დედის ად ბებიების  დალიანდაგებულ ჭრელა–ჭრულა საბანს… 

მოგონებები წარსულზე, რომელსაც არ შევსწრებივართ, მაგრამ ჩვენს სისხლს ახსოვს, თბილია და ტკბილი. წარსულის, აწმყოსა და მომავლის კავშირის შეგრძნება და იმედი არ მოგშლოდეთ.

 ახალ წელს გილოცავთ, ღვინით თუ უღვინოდ,  ან ამას რა მნიშვნელობა აქვს. აგუნასთან ერთად თუ მის გარეშე ჩვენს ყოფასა და სიტყვას  ისედაც წმინდა ღვინის სურნელი ახლავს და ჩვენი ქვეყანაც ხომ ვენახია ამ სიტყვის ყველა მნიშვნელობით, შეიძლება მოუვლელი, მაგრამ მაინც ვენახი.

წინა სტატიაქალთა უფლებების დამცველი ციცინო შენგელია ზაზა ხუბუასთვის დეპუტატის მანდატის შეჩერებას ითხოვს [Video]
შემდეგი სტატიაგარდაიცვალა ცნობილი ქართველი მთარგმნელი დავით წერედიანი
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური