წმინდა გიორგი ილორში მიყვანამდე სამგზის დაატარებს ხარს ზღვიდან მთებისკენ და პირიქით

0
1222

ნონა ქობალიას ბლოგიდან ,,მთვარის მოზიკა”

 ილორის ხარი და მისი პატრონი ხოჯგორია (წმინდა გიორგი, წითელი ხუცესი, ხარის მძებნელი) სამჯერ გადიან გზას ზღვიდან მთებისკენ და პირიქით, მთებიდან ზღვისკენ.იქნებ,   წმინდა გიორგის მიერ მოყვანილი ილორის  ხარის სამგზის სვლაში  ირეკლება სამ დროსა და სივრცეში   ინიციაციის,  სამგზისი გამოცდით გამყარებული  სულიერი ჰარმონიის მიღწევის   საზრისიც. იქნებ,  წმინდა გიორგი   აფხაზეთის ქართველებს   ცხოვრების გზებზე სამგზის რთული სვლის შემდეგ თუ შედეგად  ერთ მშვენიერ ილორობას შინ შეგვიძღვეს? იქნებ, ჩვენც ამ მიმოსვლაში ნაკურთხი თუ საკურთხებელი, გამოლოცვილი თუ გამოსალოცი, შესავრდომელი თუ შევრდომილი  (გითოხვამილ დო გითახვამალი)  ხარები ვართ? ერთი სოხუმელი პოეტისა არ იყოს, ,,ჩვენ ახლა ვგავართ იმ დაჭრილ ხარებს, აკრძალულ ტყეებს გარს რომ უვლიან”…   

 გერგებათუთა – გიორგობისთვე წმინდა გიორგისა და მისი მითოსური არქეტიპის – თუთა ღორონთის, ჯეგე თეიროსანისა და, თუ უფრო შორს წავალთ, ჯეგე მისარონის, მირსას კულტმსახურების კალენდარული თვეა. ამ კულტმსახურების მრავალსაუკუნოვანი თუ სულაც ათასწლოვანი მეტამორფოზები ყველაზე დიდი სიცხადით შემორჩა ილორის წმინდა გიორგის ხატის ტრადიციულ ობას, რომელიც ძველი სტილით 10 ნოემბერს, ახალი სტილით 23 ნოემბერს იმართებოდა.  ეს ობა თავისთავში აერთიანებს წარმართული და ქრისტიანული სიმბოლიკისა და  მისტერიების დანაშრევებს – მათი  ნაწილი მარტივად აიხსნება, ნაწილი კი უამრავ კითხვას ბადებს.  ასეა წმინდა გიორგის ხართან დაკავშირებული ორი ერთმანეთისგან განსხვავებული მისტერიის შემთხვევაში. ერთი მისტერიის ღერძია წმინდა გიორგის მიერ ილორის გალავანში ჩაკეტილი საზვერე ხარის  გაქრობა ანუ მოპარვა  ( აქედანაა ეპითეტი ,,ხარიპარია’’ გიორგი) ანუ სასწაულებრივი ქმედება, რომლის  არსი მეგრულ შესატყვისში დამატებით ნიუანსსაც მოიცავს:  გითოხირუა, პარვა /მოპარვასთან ერთად, გამოპარებასაც   გულისხმობს, რაც სავსებით ლოგიკურად ჯდება ალობაშ მემაჩამალიშ (ალობის, თავისუფლების  მიმცემის), ასევ თქვათ, ამპლუაში ( აქ ამ ეპითეტის არსის განვრცობას ვერ შევუდგებით) და   მეორე, პირიქით, წმინდა გიორგის მიერ ნაკურთხი ხარის შეყვანა ცხრაგზის დაბეჭდული გალავნის (ჩხორო ფათ ერანგვილ ქართა) გავლით.  

დღევანდელი ბლოგი  ამ უკანასკნელ მისტერიას ეძღვნება, უფრო ზუსტად,  მის ერთ–ერთ საიდუმლო შემადგენელს, რომელსაც გაცილებით  ღრმა წარსულში უდგას ფესვები, ვიდრე თუნდაც წარმართულ- ქრისტიანული, გარდამავალი  პერიოდის  ხატობას.  თუ ხარის აღჩენა  ( ხოჯიშ ერჩქინა), ქადაგად დაცემის რიტუალი (ქადაქიშ ძახი, მეუქვეშ მიშალაფა), ცოდვილის წმინდა გიორგის მშვილდში გატარება ( ჯეგეშ შქვილს გითოყონაფა), ხატს შევრდომა (ხატიშ ათონჯირაფა),  ხატის ფერხთით გართხმა ( ხატიშ ათონთხაფა),    ზვარაკის მოხარშვა და მლოცველებს შორის  განაწილება ( აკოწიწილუა)  შედარებით მარტივად აიხსნება როგორც სხვადასხვა მითოსური რწმენა–წარმოდგენების ჰარმონიული თუ დისჰარმონიული მონაცვლეობის შედეგი, გაუშიფრავი რჩება ან ძნელად იშიფრება ის, თუ რატომ დაატარებს წმინდა გიორგი თუ მისი არქეტიპი ხარს ( თეთრს,  სპილენძისფერს, უნიშნო შავს თუ ნიკორას)  წინ და უკან ზღვასა და მთებს შორის,  სანამ  ილორის ეკლესიის ეზოში შეიყვანდეს და დატოვებდეს.

 ალიო ქობალიას ეთნოგრაფიულ ჩანაწერებში  ილორის ხარი დამისი პატრონი ხოჯგორია ( წმინდა გიორგი, წითელი ხუცესი, ხარის მძებნელი) სამჯერ გადიან გზას ზღვიდან მთებისკენ და პირიქით, მთებიდან ზღვისკენ. ხარისა და მისი პატრონის  სვლა  საზოგადოდ დასტურდება  ფოლკლორში, მაგრამ საინტერესოა, რომ თვინიერ ილორის ხატობისა, ამ მოტივის მრავალჯერადობა არც ერთ სხვა მსგავს ხატობასთან დაკავშირებულ რიტუალებში, მათ შორის, არც ალერტის წმინდა გიორგის, არც სუჯუნის წმინდა გიორგისთვის ღამისთევის რიტუალში  ჩანს, უფრო მეტიც, ამბავი სამგზის სვლის შესახებ ილორის მრევლის მხოლოდ მცირე ნაწილის ნაამბობში ყოფილა შემორჩენილი ჯერ კიდევ სამოციან წლებში, როდესაც ალიო ქობალიას ეს მონათხრობი ჩაუწერია  ბექი ქობალიასგან.  ჩვენ შეგვიძლია მხოლოდ ვივარაუდოთ, საიდან მოდის და რას უკავშირდება ეს სამჯერადი ციკლი,  რიცხვ სამის საკრალურ სიმბოლიკას, ხარიპარიას  ინიციაციას სამ დროსა და სივრცეში, ძველი ღმერთების კვდომას და  სხვა ჰიპოსტასით აღდგენის სამგზის მისტერიას? ალბათ, სამივეს ერთად. 

 მოგეხსენებათ, წმინდა გიორგის ერთ–ერთი, დღეს ჩვენთვის ყველაზე ახლობელი არქეტიპი მთვარეა, სამი კი მთვარესთან დაკავშირებული საკრალური რიცხვია. არისტოტელეს თანახმად, 3 ნიშნავს მრავალჯერადობას, ზრდას, შემოქმედებით ძალას, წინსვლას, ეს არის პირველი რიცხვი, რომელსაც სინონიმად შეესაბამება ,,ყველა, ყველაფერი’’, სამეული (სუმელა)  აღნიშნავს მთელს, რადგან მოიცავს საწყისს, შუალედს და დასასრულს ( აქ უბრალოდ დავჯერდეთ იმის კონსტანტაციას, რომ სუმელას ერთერთი მნიშვნელობა სამებაც არის) . სამის ძალა უნივერსალურია და განასახიერებს  ბუნების, სამყაროს სამნაწილიანობას და მთლიანობას (ჰაერი, მიწა და წყალი: ზესკნელი, შუასკნელი და ქვესკნელი); სხეულის, სამშვინველისა და სულის ერთიანობას – ადამიანში, ისევე, როგორც მისი დაბადების, სიცოცხლის და სიკვდილის დანაწევრებულობასა და მთლიანობას დროში და ზედროულ სივრცეში; მაგრამ რადგან  დღეს ილორობის მისტერიასთან კავშირში ვლაპარაკობთ,  ძალიან მნიშვნელოვანია,  რომ სამი უკავშირდება მთვარის ფაზებსა და მთვარისმიერ დროებს  – ახალ მთვარეს, სავსე მთვარეს და წარმავალ მთვარეს.  რიცხვი სამის ძირითადი სიმბოლო არის სამკუთხედი – ისევე როგორც მთვარისა, აქედან მოდის მთვარესთან ლაპარაკის, მთვარესთან ტელეპატიური განდობის სიმბოლო და საშუალება – ვერცხლის სამკუთხა ფირფიტა ან  ორი სამკუთხა ფირფიტის ერთიანობა –  რომბი, რომელიც მთვარეზე მლოცველთა, მათ შორის მეილორეთა  ტაბლის უცილობელ ატრიბუტს წარმოადგენს.  მთვარის სიმბოლიკას უკავშირდება  სამთითას ( სუმკითი), სამფეხას ( სუმკუჩხი),  სამყურა ბალახის  სიმბოლური მნიშვნელობა ( ამას  სხვა ბლოგში დავუბრუნდებით), და ასევე ის, რომ  მეგრულ ( და არამხოლოდ) ზღაპრებსა და გადმოცემებში მთვარის ან მთვარზე შესახელებული ცხოველები ხშირად სამყურიანები არიან, მთვარის ეტლს სამი ბორბალი აქვს და ა.შ. აქ გვერდს ვერ ავუვლიათ სუმგეკულასაც – მსგეფსის  სამ საკრალურ დღეს, რომელიც დღევანდელი გაგებით სამგზის ლოცვას, სამგზის სალოცავს, სამგზის ბრძნობას უკავშირდება, და აიხსნება როგორც მოკლე დღე ( კულე დღა) ყოფითი საქმიანობისთვის, ხორციელი ყოფისთვის და დარჩენილი დღის (მოსაღამოებული, საღამო და ღამე  – მოონჯუე/მაინჯე, ონჯუა/ლუმჯი,  სერი/აკოსერუა) მონაკვეთი  სულის განწმენდისთვის.  

მაგრამ   არ არის გამორიცხული სუმგეკულა, გეკულა   ( მით უფრო, რომ მისი ერთერთი განმარტება და ახსნა არის ასვლა, სახელდობრ სალოცავში ასვლა)   კავშირში იყოს ილორის ხარის სამგზის ტარებასთან  სალოცავში შეყვანამდე. ილორობაში ხარის სვლის სამჯერადობასთან კავშირში  მოსანიშნია (მიკაწონებელ რე) , რომ რიცხვი სამი მითრაიზმში მითრას რიცხვია, მისი ინიციაცია ხდება წყალში, ბარში და მთაში და ამდენად მითრას და ილორის ხარისა და მისი პატრონის სამჯერადი სვლა განასახიერებს კათარზისს, განწმენდას და ღვთაებრივი სიწმინდით მოსილის, უკვე ნაკურთხის შესვლას სალოცავში. რაც შეეხება იმას, რატომ  ამოდის ილორის ხატზე შესახელებული მისტიური ხარი  ზღვიდან და რატომ მიემართება მთისკენ, რომ იგივე გზით დაუბრუნდეს ზღვას, ზღვისპირა სალოცავს –  ჩვენს ერთ–ერთ წინა ბლოგში  ხოჯგორიას შესახებ, ვწერდით, რომ ხარი წყლის სტიქიასთან მებრძოლს, წყლისგან ხმელეთის გამომტაცებელს, კოსმოსს  განასახიერებს. ხმელზე  თავისი სვლით იგი აძლიერებს ბარს:  როგორც მიწათმოქმედი, განაპირობებს მიწის ნაყოფიერებას,  ბარის წყლების – მდინარეების და ტბების ნაყოფიერებასა და თევზმრავლობას, ხოლო მთაში, მთის მწვერვალზე იგი მიეახლება თავის პატრონს,  კოსმოსს,  მთვარეს და იქ, მთაში აღასრულებს ზეციურთან  ზიარების,  დროთა და სამყაროთა ნაწილების იდუმალი კავშირის მისტერიას.  ამრიგად, წმინდა გიორგიზე შესახელებული თუ მის მიერ მოყვანილი ილორის  ხარის სამგზის (სახელდობრ) სვლაში სხვასთან ერთად ირეკლება სამ დროსა და სივრცეში   ინიციაციის,   სამგზისი გამოცდით გამყარებული  სულიერი ჰარმონიის მიღწევის   საზრისიც.   იქნებ,  წმინდა გიორგი   აფხაზეთის ქართველებს   ცხოვრების გზებზე სამგზის რთული სვლის შემდეგ თუ შედეგად  ერთ მშვენიერ ილორობას შინ შეგვიძღვეს? იქნებ, ჩვენც ამ მიმოსვლაში ნაკურთხი თუ საკურთხებელი, გამოლოცვილი თუ გამოსალოცი, შესავრდომელი თუ შევრდომილი  ( გითოხვამილ დო გითახვამალი)  ხარები ვართ?  აწ გარდაცვლილი სოხუმელი პოეტისა არ იყოს, ,,ჩვენ ახლა ვგავართ იმ დაჭრილ ხარებს, მშობლიურ ტყეებს გარს რომ უვლიან,  მაგრამ გვაფრთხილებს მკაცრი წარწერა – ამ ტყეში შესვლა აკრძალულია…’ წმინდა გიორგის მფარველობა   – სრულიად საქართველოს.  

წინა სტატიარატომ კანკალებს ნუკრი ქანთარია, რატომ იჭაჭება ზურა ხაჩიძე და რა სურს სიმონ ნოზაძეს – დისკომფორტი დაპირებული ჯოჯოხეთის გამო
შემდეგი სტატიათბილისში ხვალ თოვლს ელოდებიან
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური