“და ჩვენ ვიცეკვეთ” ფილმის შემოქმედებით ჯგუფს საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი სრულ მხარდაჭერას უცხადებს

0
365

საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი  ოფიციალურ გვერდზე განცხადებას ავრცელებს და ექსტრემისტული ჯგუფების მხრიდან ფილმის -“და ჩვენ ვიცეკვეთ” პრემიერის ჩაშლის დაანონსების გამო შეშფოთებას გამოთქვამს.

ეროვნული კინოცენტრი მხარდაჭერას უცხადებს შემოქმედებით ჯგუფს,  კინოთეატრების მესვეურებს და მოუწოდებს  საერო და  სასულიერო პირებს, თავი შეიკავონ ფილმის ჩვენებისთვის ხელის შეშლისგან.

“შვედურ-ქართულ-ფრანგული კოპროდუქცია “და ჩვენ ვიცეკვეთ” 8 ნოემბერს უნდა გამოვიდეს თბილისის ეკრანებზე. მაყურებლის ინტერესი ფილმისადმი ძალიან დიდია და, შესაბამისად, ყველა ბილეთი გაყიდულია. ეროვნული კინოცენტრი, ისევე როგორც ბევრი მაყურებელი მთელს მსოფლიოში, გულშემატკივრობს ამ ფილმს, რომელიც შვედეთმა ამერიკის კინოაკადემიის ჯილდოზე წარადგინა. ფილმმა უკვე მოიპოვა არაერთი საერთაშორისო აღიარება. მას კომერციული წარმატებაც აქვს.

ეროვნული კინოცენტრი, მიუხედავად იმისა, რომ მას მონაწილეობა არ მიუღია ფილმის შექმნაში, სრულ მხარდაჭერას უცხადებს როგორც შემოქმედებით ჯგუფს, ისე კინოთეატრების მესვეურებს და თავის მხრივ მოუწოდებს ყველა ადამიანს, იქნება ეს საერო თუ სასულიერო პირი, თავი შეიკავოს ფილმის ჩვენებისთვის ხელის შეშლისგან და შეახსენებს მათ, რომ საქართველოში ნებისმიერი სახის ცენზურა დაუშვებელია, ვისგანაც არ უნდა მოდიოდეს ის.

საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით „შემოქმედების თავისუფლება უზრუნველყოფილია“, „შემოქმედებით პროცესში ჩარევა, შემოქმედებითი საქმიანობის სფეროში ცენზურა დაუშვებელია“.

ამავე დროს საქართველოს კონსტიტუცია ადამიანთა თანასწორობის გარანტია. ეს ფილმი სწორედ ადამიანთა თანასწორობას და საკუთარი იდენტობის ხმამაღლა გაცხადებას ეხება. ადამიანთა თანასწორობის აღიარება კაცობრიობის უდიდესი მონაპოვარია. კაცობრიობამ დიდი ძალისხმევით და უზარმაზარი მსხვერპლის ხარჯზე თანდათან დაძლია რასიზმი, ფაშიზმი… ის აუცილებლად დაძლევს მიზოგინიას, ქსენოფობიას, ჰომოფობიას. ამ ფილმს შეუძლია თავისი მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანოს ამ ბრძოლაში, იმისათვის რომ ქართულმა საზოგადოებამ ერთხელ და სამუდამოდ უარყოს აგრესია და მიუღებლობა სექსუალური უმცირესობების მიმართ, და უფრო ჰუმანური გახდეს.

ეროვნული კინოცენტრი მიესალმება ფილმის ირგვლივ მსჯელობას, კრიტიკულ განხილვას, დისკუსიას საზოგადოების ყველა ფენაში, თუ ასეთი დისკუსიები ერთმანეთის მიმართ პატივისცემისა და საპირისპირო აზრის შეწყნარების ატმოსფეროში გაიმართება,” – წერია განცხადებაში.

ქართული წარმოშობის შვედი რეჟისორის ლევან აკინის ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ (And Then We Danced) პრემიერა საქართველოში დღეს, 8 ნოემბერს გაიმართება. 

წინა სტატიამამა გიორგი სხილაძის მიმართ განხორციელებულ შესაძლო მუქარაზე გამოძიება დაიწყო
შემდეგი სტატიადონალდ ტრამპს საქველმოქმედო ორგანიზაციის ფონდის წინასაარჩევნო კამპანიის ხარჯებისათვის გამოყენების გამო ჯარიმის სახით 2 მილიონი აშშ დოლარს გადაახდევინებენ
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური