პროფესიული განათლების ზრდისა და შრომის ბაზრის განვითარების ხელშეწყობის მიზნით ევროკავშირი საქართველოში 150-მილიონიან პროგრამას იწყებს

0
707

ევროკავშირი და საქართველოს მთავრობა იწყებენ ახალ 150 მილიონი ლარის ოდენობის პროგრამას, რომელიც ხელს შეუწყობს პროფესიული განათლების ზრდასა და შრომის ბაზრის განვითარებას საქართველოში. ხუთწლიანი პროგრამის მიზანია, ხელი შეუწყოს 105 000 საქართველოს მოქალაქეს დასაქმებაში, მაღალი ხარისხის პროფესიული განათლების, გაუმჯობესებული შრომითი პოლიტიკისა და სამეწარმეო გადამზადების გზით.

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა, მიხეილმა ბატიაშვილმა და ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, კარლ ჰარცელმა და ევროპული განათლების ფონდის დირექტორმა, ჩეზარე ონესტინმა, „განათლება დასაქმებისთვის“ (Skills4Jobs) პროგრამის მეორე ფაზა ოფიციალურად გახსნეს. ღონისძიება სსიპ გლდანის პროფესიული მომზადების ცენტრში გაიმართა. ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტიც.

ფოტო: ნიკა ჯახია – შოთამესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერისტეტის პროფესიული პროგრამის – ბეჭდური და ონლაინ გამოცემების რეპორტიორის მე-3 კურსის სტუდენტი

ახალი ხუთწლიანი პროგრამა, რომლის მთლიანი ბიუჯეტი 48.85 მილიონ ევროს (დაახლოებით 156 მილიონი ლარი) შეადგენს, მიზნად ისახავს შესაბამისი უნარების და პროფესიული განათლების, სწავლების, მეწარმეობის დარგში არსებული მომსახურების და საგანმანათლებლო შესაძლებლობების თანხვედრას, მათ შორის ახალგაზრდებისთვის, ქალებისა და მოწყვლადი ჯგუფებისთვის საქართველოს მასშტაბით. პროგრამის ძირითადი ამოცანებია.

პროფესიული განათლებისა და სწავლების მეშვეობით, საქართველოს მასშტაბით, 15-29 წლამდე ახალგაზრდების დასაქმების მაჩვენებლის სულ მცირე 10 პროცენტიანი ზრდა 2017 წელთან შედარებით;
რეგიონებში პროგრამის ფარგლებში გადამზადებულ დასაქმების მაძიებელთა სულ მცირე 20 პროცენტის დასაქმება სამი თვის ვადაში; ხუთწლიანი მოსალოდნელი ეროვნული უნარების ანგარიშის გამოქვეყნება.

გახსნის ცერემონიაზე, ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, კარლ ჰარცელმა აღნიშნა, რომ დასაქმების საკითხი მნიშვნელოვანია ყველა ადამიანისთვის ნებისმიერ ქვეყანაში.

„მთავარია, რომ დასაქმების მაძიებელს გააჩნდეს ბაზარზე მოთხოვნადი ცოდნა-უნარები და შეეძლოს შესაბამისი სამსახურის შოვნა. „განათლება დასაქმებისთვის“ (Skills4Jobs) პროგრამის მეშვეობით, ევროკავშირი დაეხმარა საქართველოს მთავრობას 750-ზე მეტი მასწავლებლის გადამზადებასა და 100-ზე მეტი შესაბამისი, თანამედროვე პროფესიული სასწავლო კურსის შექმნაში. ასევე, ჩვენი ხელშეწყობით შეიქმნა ისეთი მექანიზმები, როგორიცაა ეროვნული შრომითი საჭიროებების კვლევა, ვორქნეტი და საპილოტე დასაქმების ხელშეწყობის ცენტრები. აღნიშნული აქტივობების შედეგად, 30,000-ზე მეტმა ადამიანმა იშოვა სამუშაო ადგილი, თუმცა მათი უმეტესობა დასაქმდა თბილისსა და დიდ ქალაქებში. ამ ახალი პროგრამის ფარგლებში, ჩვენ ვგეგმავთ მსგავსი ქმედებების წარმატებულად განხორციელებას რეგიონებში, რაც უზრუნველყოფს რეგიონის მოსახლეობის, კერძოდ ახალგაზრდების, ქალებისა და მოწყვლადი ჯგუფების ხელმისაწვდომობას პროფესიული განათლების სისტემებზე. ბუნებრივია, რომ მხოლოდ ეს პროგრამა არ არის საკმარისი საბოლოო შედეგის მისაღწევად, რადგან ასევე საჭიროა არსებობდეს მტკიცე პოლიტიკური ნება და მზადყოფნა.

ვიმედოვნებთ, რომ მომდევნო წლებშიც ვითანამშრომლებთ საქართველოს მთავრობასთან პოლიტიკის შემუშავებაზე, რაც ხელს შეუწყობს უფრო მეტი და უკეთესი დასაქმების შესაძლებლობების შექმნას საქართველოს მოქალაქეებისთვის“, – აღნიშნა ჰარცელმა.

ევროპული განათლების ფონდის დირექტორმა, ჩეზარე ონესტინმა აღნიშნა, რომ ცოდნა-უნარების განვითარება საქართველოში ევროპული განათლების ფონდის საქმიანობის უმნიშვნელოვანეს ნაწილს წარმოადგენს.

„საქართველოს მოქალაქეები, მათ შორის ახალგაზრდები მიიღებენ სარგებელს მიმდინარე რეფორმებიდან, უკეთესი განათლებისა და გადამზადების შესაძლებლობების მეშვეობით, რაც მათ დაეხმარებათ უკეთესი სამუშაო ადგილების პოვნაში“, – აღნიშნა ჩეზარე ონესტინმა.

პროგრამა მოიცავს რამდენიმე დამხმარე კომპონენტს – საქართველოს მთავრობასთან 30 მილიონი ევროს ოდენობის (დაახლოებით 95 მილიონი ლარი) სექტორის რეფორმის შესრულების კონტრაქტს, რომლის ფარგლებშიც, პირდაპირი ყოველწლიური დაფინანსების მიიღება მიღწეული შედეგების საფუძველზე; ევროკავშირის ორი დაძმობილების (Twinning) პროექტი, რომლის ფარგლებშიც ევროკავშირის ქვეყნებიდან მოწვეული საჯარო მოხელეები დაეხმარებიან საქართველოს რეფორმების გატარებაში; და კერძო სექტორული ტექნიკური დახმარების პროექტები, როლებიც სათანადო დახმარებას გაუწევენ სამინისტროებს. გარდა ამისა, შვიდი მილიონი ევროს (დაახლოებით 22 მილიონი ლარის) ოდენობის გრანტები გამოიყოფა კერძო ან საჯარო სექტორისათვის ან სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისათვის, რათა მოხდეს დასაქმების შესაძლებლობების ზრდა რეგიონებში.

პროგრამა ემყარება 2013-2018 წლებში მიმდინარე, 27 მილიონი ევროს (დაახლოებით 80 მილიონი ლარი) ოდენობის „განათლება დასაქმებისთვის“ (Skills4Jobs) პროგრამის პირველი ფაზის ფარგლებში მიღწეულ შედეგებს. პროგრამის პირველი ფაზის ძირითად მიზნებს წარმოადგენდა შრომითი ბაზრის საინფორმაციო სისტემის შემუშავება, 69 მუნიციპალიტეტში დასაქმების მხარდამჭერი სერვისების გაფართოება და worknet.gov.ge საიტის შექმნა. ასევე, გაუმჯობესდა პროფესიული განათლების ხარისხი, კერძოდ განახლდა და თავიდან დაინერგა 100-ზე მეტი დასაქმების სტანდარტი, გადამზადდა 762 მასწავლებელი და ყველა საჯარო კოლეჯში დაინერგა სამეწარმეო სწავლება.

აღნიშნული აქტივობების შედეგად, ჯამში დაახლოებით 30,000 დასაქმებით დაინტერესებული პირი დასაქმდა. პროგრამის მეორე ფაზა მიზნად ისახავს აღნიშნული მიღწევები საქართველოს სხვადასხვა რეგიონშიც დანერგოს.

პროგრამის ოფიციალური გახსნის შემდეგ გაიმართა მაღალი დონის პანელური დისკუსია, საქართველოში შრომით ბაზარზე არსებულ გამოწვევებსა და პერსპექტივებზე. დისკუსიის დროს, სიტყვით გამოვიდნენ ევროპული განათლების ფონდის დირექტორი, ჩეზარე ონესტინი, ევროკავშირის ელჩი საქართველოში, კარლ ჰარცელი, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე, თამილა ბარკალაია, საქართველოს პარლამენტის წარმომადგენლები, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე, გიორგი ვაშაკიძე, საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე, მაიამ ჯაში და საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, თამარ ხულორდავა.

ფოტო: ნიკა ჯახია – შოთამესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერისტეტის პროფესიული პროგრამის – ბეჭდური და ონლაინ გამოცემების რეპორტიორის მე-3 კურსის სტუდენტი

წინა სტატიაივანიშვილი, რომლის გამოც არ განვითარდა წყალტუბო, აპირებს, პრაქტიკულად უფასოდ იგდოს ხელში ქონება, რომელიც მინიმუმ 700 მილიონი დოლარი ღირს – სააკაშვილი
შემდეგი სტატია2021 წელს ენგურჰესის ხუთივე აგრეგატის მუშაობა დროებით გაჩერდება
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური