იმ მუნიციპალური სამსახურების სიაშია ზუგდიდიც, რომლებიც ნაქირავებ შენობებში მუშაობენ

0
552

მუნიციპალიტეტების ნაწილი ცალკეული უფლებამოსილებების განსახორციელებლად შენობებს ქირაობს, ნაწილი კი სახელმწიფო საკუთრებაში არსებული შენობებით სარგებლობს.კვლევას ,,საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო,, აქვეყნებს.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ” თბილისის გარდა, საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტიდან  გამოითხოვა ინფორმაცია, თუ ვის საკუთრებაშია ის შენობები, სადაც განთავსებულია მერია, საკრებულო ან/და ადგილობრივი ბიუჯეტით დაფინანსებული  ყველა სხვა მუნიციპალური დაწესებულება.

,,როგორც მიღებული ინფორმაციით დგინდება, 63 მუნიციპალიტეტს შორის 22-ს საკუთრებაში არ აქვს საკმარისი რაოდენობის შენობა საკუთარი უფლებამოსილებების განსახორციელებლად.

წალკის მუნიციპალიტეტი ერთადერთია, რომელსაც საკუთრებაში მერია/საკრებულოს შენობაც კი არ აქვს და სახელმწიფო საკუთარებაში არსებული შენობით უსასყიდლოდ სარგებლობს. ნაწილ შემთხვევებში კი მუნიციპალიტეტებს შენობების ქირაობა უწევთ საბავშვო ბაღების, ცალკეული სამსახურებისა და მუნიციპალური იურიდიული პირების ფუნქციონირებისათვის.,,- წერია ორგანიზაციის კვლევაში.

გრაფიკულ ჩამონათვალში ზუგდიდისა და სენაკის მუნიციპალიტეტებიც შედიან. აქვეა მითითებული თანხა, რისი გადახდაც უწევთ ქირის სახით მუნიციპალიტეტებს.

,,საქართველოში დეცენტრალიზაციის დაბალი დონე მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენს. თვითმმართველობებს, უფლებამოსილებებთან ერთად, საკმარისი ოდენობის ფინანსური რესურსები და ქონებაც არ გააჩნიათ, მეტიც – მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე სახელმწიფო განკარგავს უფრო მეტ უძრავ ქონებას  ვიდრე თვითმმართველობა.

საკმარისი ოდენობის ქონების არქონა კი მნიშვნელოვნად უშლის ხელს ადგილობრივ ეკონომიკურ განვითარებას, აფერხებს მუნიციპალური სერვისების მიწოდების პროცესს, აძვირებს მას, ხშირ შემთხვევაში კი მუნიციპალიტეტები მოკლებულნი არიან შესაძლებლობას, მათსავე ტერიტორიაზე არსებული ქონება გამოიყენონ შემოსავლების გასაზრდელად. ხელისუფლება ამჟამად 2019-2025 წლების დეცენტრალიზაციის სტრატეგისა და 2019-2020 წლების სამოქმედო გეგმაზე მუშაობს, თუმცა  თუ რა სახის და ოდენობის ქონება შეიძლება გადაეცეთ თვითმმართველობებს საკუთრებაში, უცნობია. ,,- წერია ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებულ კვლევაში.

“საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო” მოუწოდებს საქართველოს პარლამენტსა და აღმასრულებელ ხელისუფლებას გადადგან ქმედითი ნაბიჯები თვითმმართველობების გაძლიერებისათვის და მუნიციპალიტეტებს საკუთრებაში გადასცენ ყველა ის ქონება, რაც, ერთის მხრივ, აუცილებელია მათი უფლებამოსილებების განსახორციელებლად, მეორეს მხრივ კი მუნიციპალიტეტებს გაუჩენს დამატებითი შემოსავლების მიღების შესაძლებლობას.

ამასთანავე პრობლემურია შემდეგი გარემოებაც – დამკვიდრებული პრაქტიკის თანახმად, მუნიციპალიტეტები შენობის ქირაობისას ხელშეკრულებას აფორმებენ სასურველი შენობის მეპატრონესთან, რაც ქმნის კორუფციული გარიგების რისკებს. ამ რისკის შესამცირებლად აუცილებელია დამკვიდრდეს უკეთესი სტანდარტი და კონკრეტული უფლებამოსილების განხორციელებისათვის საჭირო შენობა მუნიციპალიტეტმა შეარჩიოს საჯარო გამოცხადების, კონკურსის ან/და ფასთა გამოკითხვის მეშვეობით, რაც უზრუნველყოფს პროცესის გამჭვირვალობასაც და თვითმმართველობის მიერ გასაწევი ხარჯების გარკვეულ ეკონომიასაც.

წინა სტატიაm 2 თავისუფლებისა და ლაზის ქუჩაზე მდებარე მიწის ნაკვეთზე საცხოვრებელი კორპუსის აშენება სურს [Video]
შემდეგი სტატიანარცისისტები “საშინელი” მაგრამ ბედნიერი ადამიანები არიან
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური