გაზის აფეთქებას თბილისის ერთერთ საცხოვრებელ კორპუსში მძიმე შედეგები მოყვა

0
478

თბილისში, დ. გურამიშვილის ქუჩაზე, ერთერთ საცხოვრებელ კორპუსში დილის ცხრა საათზე აფეთქება მოხდა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის პირველადი ინფორმაციით, 16-სართულიან კორპუსში აფეთქება გაზის დაგროვებამ გამოიწვია. 

უწყების ცნობითვე, მომხდარის შედეგად მეოთხე სართული ჩამოინგრა და მოპირდაპირედ მდგარ კორპუსში ფანჯრის მინები ჩაიმსხვრა.  მეხანძრე-მაშველების ადგილზე მისვლისთანავე კორპუსიდან მოსახლეობის სრული ევაკუაცია მოხდა. 

არსებული ინფორმაციით, სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფებმა სხვადასხვა სამკურნალო დაწესებულებაში სულ ოთხი პირი გადაიყვანეს. ერთერთ დაშავებულ პირს, 39 წლის კაცს სხეულის 60% აქვს დამწვარი და სასუნთქი გზების დამწვრობა ცეცხლის ალით. დამწვრობის ცენტრის ექიმების თქმით, მისი მძდგომარეობა უმძიმესია.

შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური გურამიშვილის გამზირზე მომხდარი აფეთქების გამო ადგილზე მივიდა. გომელაურმა ჟურნალისტებთან საუბრისას თქვა, რომ ექსპერტების ცნობით, ოჯახი, რომლის სახლშიც აფეთქება მოხდა, წინასწარ გაფრთხილებული იყო. 

“როგორც გვეუბნებიან ექსპერტები, იყო გაფრთხილებული ეს ოჯახი რამდენიმე თვის წინ, რომ არ დაეერთებინათ ასე და ჩაუჭრეს. სავარაუდოდ, ამ მიერთებამ გამოიწვია აფეთქება. ჯერ ვერაფერს ვიტყვით წინასწარ, გამოძიება დაწყებულია, ექსპერტიზა დაადგენს ზუსტად,” – თქვა გომელაურმა. 

კითხვაზე, მიმართეს თუ არა შესაბამისმა სამსახურებმა შინაგან საქმეთა სამინისტროს, მინისტრი ამბობს, რომ რამდენადაც მისთვის ცნობილია, არ მიუმართავთ. 

“თუმცა კანონის შესაბამისად პოლიციას არ აქვს უფლება კარი შეუნგრიოს ვინმეს და იძულებით დაათვალიეროს გამათბობელი, თუ გაზქურა,”- ამბობს გომელაური. 

რაც შეეხება პასუხისმგებლობას, მინისტრის თქმით, ჯერ ექსპერტიზა უნდა დამთავრდეს და გამოძიებამ დაადგინოს, ვისი პასუხისმგებლობის საკითხი დადგება. 

წინა სტატიაჰილარი კლინტონი: რუსეთი ამზადებს კანდიდატს ამერიკაში
შემდეგი სტატიასოფელ ატოცში ოკუპანტებმა საზღვრები გადმოწიეს. „დღეს, მთელი დღის განმავლობაში ვართ გორში. გავერკვევით სიტუაციაში და გიპასუხებთ“ – აცხადებს გიორგი გახარია
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური