პირველად საქართველოში – სამეგრელო „ხაჭაპურის ფესტივალს“ უმასპინძლებს

0
1286

ქართული ტრადიციული სუფრა ხაჭაპურის გარეშე წამოუდგენელია. ეს არ არის მარტო ყველიანი პური, რომელსაც მარტივი კულინარული მეთოდით გამოვაცხობთ. ხაჭაპური საქართველოს ეროვნული ცომეული ნაწარმია თავისი მრავალსაუკუნოვანი ისტორიით და მომზადების განსაკუთრებული მეთოდით. მის წარმოშობაზე დღემდე ბევრს დაობენ, მაგრამ იმის უარყოფა, რომ ხაჭაპური დასავლეთ საქართველოში გამოიცხო პირველად, ამაზე თანხმობა მიღწეულია.

ქართულ ეროვნულ კულტურის ნაწილს, წელს პირველად ფესტივალს გაუმართავენ და როგორც ორგანიზატორები აცხადებენ, მას ტრადიციული დღესასწაულის სახე მიეცემა. 19 ოქტომბერს „ხაჭაპურის ფესტივალი“ პირველად სამეგრელოში, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ რუხში გაიმართება. ინფორმაცია სამეგრელოს ზემო სვანეთის დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაციის მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობების მენეჯერმა ედიშერ ბაღათურიამ დაგვიდასტურა.

„ხაჭაპურის ფესტივალი წარმოადგენს ერთდღიან გასტრონომიულ ღონისძიებას, რომელიც სამეგრელო-ზემო სვანეთის დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაციის (DMO) ორგანიზებით და USAID პროექტი “ზრდას”, რეგიონული ხელისუფლების, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის და რუხის სავაჭრო ცენტრის მხარდაჭერით, 2019 წლის 19 ოქტომბერს, რუხში გაიმართება. ფესტივალი მიზნად ისახავს რეგიონული ტურიზმის მხარდაჭერას, ახალი ტურისტული პროდუქტის შემუშავებას, ტურისტული დანიშნულების ადგილების პოპულარიზაციას და ტურიზმში ჩართული მხარეების/ადგილობრივი მეწარმეებისთვის საერთაშორისო სტანდარტების დანერგვას. ღონისძიების მიზანია ასევე საქართველოსა და ქვეყნის ერთ-ერთი პოპულარული პროდუქტის – ხაჭაპურის – პოპულარიზაცია.

ღონისძიების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი გახლავთ კონკურსი სხვადასხვა სახეობის ხაჭაპურის მომზადებაში (მეგრული, იმერული, აჭარული, გურული, რაჭული, სვანური, მესხური, ქისტური, ოსური, თუშური), რის შედეგადაც ჟიურის წევრების მიერ საქართველოს გასტრონომიულ ასოციაციასთან ერთად გამოვლინდებიან და დაჯილდოვდებიან სხვადასხვა ნომინაციის გამარჯვებულები. ფესტივალზე ასევე წარმოდგენილი იქნება ცნობილი ადგილობრივი პროდუქტები და კერძები (ელარჯი, აჯიკა და სხვა კერძები, ხელნაკეთი ნივთები), ბავშვების კუთხე მათზე მორგებული გასართობი პროგრამით“ – აცხადებენ ორგანიზატორები.

2019 წელს, მსოფლიოში ცნობილმა კულინარიულ ვებგვერდმა TasteAtlas.com მსოფლიოს 100 საუკეთესო კერძს შორის პირველ ადგილზე ხაჭაპური დაასახელა. TasteAtlas.com-ის მიხედვით, ხაჭაპურის ორი ყველაზე პოპულარული ნაირსახეობა იმერული და აჭარული ხაჭაპურია.

ფესტივალზე წარმოდგენილი იქნება ყველა რეგიონი.

რაც შეეხება ღონისძიებისთვის შერჩეულ ადგილს, ორგანიზატორების განმარტებით, მას სიმბოლური ხასიათი აქვს,  რადგან რუხი საზღვრისპირა სოფელია (საქართველო – ე.წ. აფხაზეთის ადმინისტრაციული საზღვარი)  და ქართულ ტრადიციას აფხაზეთი, როგორც კულტურის ნაწილი, არ უნდა გამოაკლდე

წინა სტატიაროგორ ,,ჩაირიცხა” შალვა თადუმაძე 1993 წელს უნივერსიტეტში, რომელიც 1994 წელს გაიხსნა
შემდეგი სტატიაგიორგი გახარია: ,,როგორც კი არჩევნებს მოვიგებთ, შემდგომი არჩევნებისთვის ვიწყებთ მზადებას. მოსკოვში არ მივემგზავრები”
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური