მარადი მგზავრი … – ოდიშური ზურგის ქარი გზად მიმავალთათვის

0
1257

ნონა ქობალიას ბლოგი ,,მთვარის მოზაიკა”

მგზავრს სახლის ზღურბლზე წაღმა დაატრიალებდნენ (მორძგვშე დართინუანდეს) და ზურგზე მსუბუქი ხელისკვრით უბიძგებდნენ (ეს ზურგის ქარის სიმბოლიკა იყო) შინ დამრჩენი უფროსები, რომელთაც ამასობაში თავადაც ჰქონდათ ნალოცი იმისთვის, რომ  მარადი მგზავრების – მზის, მთვარისა და ვარსკვლავების,  უფრო კონკრეტულად  – გზის სულის   ნაწყალობევი თბე – ტიბინი  შემოხვეოდა ჯავშნად და დაეცვა უამინდობისგან, ავსულებისგან, ავი თვალისგან, უბედური შემთხვევისაგან, რასაც განზოგადებულად ,,უბადო მუნახვამილეფი’’ ერქვა..

დღევანდელი ბლოგი ეძღვნება მათ, ვინც ახლა გზაშია ან გასამგზავრებლად  ემზადება, და  ყველას, ვინც  მას გზის თავსა და ბოლოში ელოდება და თავის სულს ატანს გზაზე (შურს უყუნუანს). 

გზა (მეგრულად რზა), გზის სემიოტიკა, მისი მეტაფორული, ფილოსოფიური მნიშვნელობა მოიცავს ცხოვრების, შემეცნების, ინიციაციის, სულიერი განწმენდის, საკუთარი თავის ძიების, დროსა და სამყაროს სხვადასხვა განზომილებებში მოძრაობის გაგებას, მაგრამ ამას ალბათ სხვა დროს დავუბრუნდებით, დღეს კი ლაპარაკი გვაქვს ჩვეულებრივ, ყოფით მგზავრობასა და მოგზაურობაზე, ანუ სივრცეში გადაადგილებაზე პირდაპირი მნიშვნელობით, გზაზე, რომელსაც თქვენ, შესაძლოა, ამ წუთებში ადგახართ ან უნდა დააადგეთ სამსახურის საქმეზე, ახლობლების, მეგობრების მოსანახულებლად თუ საყიდლებზე მიმავალნი. 

ნებისმიერ მგზავრობას  ახლავს გაცნობიერებული თუ გაუცნობიერებელი მღელვარება. ეს ალბათ მაინც იმ დროის დანაშრევია, იმ დროის გამოძახილი, როცა სახლიდან გასვლა უცილობლად იყო დაკავშირებული ხიფათთან და დაბრკოლებებთან  – მაშინ ადამიანების ცხოვრება ლოკალურ სივრცეში ბრუნავდა და ამ ლოკალური სივრციდან გასვლა – მაგალითად, მწყემსების, მონადირეების გზა მთებისკენ,  ტყეებისაკენ –  იყო  გასვლა დამცველი გარსიდან, ნერჩის ( ფუძის ანგელოზის)  მფარველობის არეალიდან. 

 გზისთვის ჩვენი წინაპრები დიდხანს ემზადებოდნენ, განსხვავებით ჩვენგან, როცა უბრალოდ  ხელს  დავავლებთ აუცილებელ ნივთებს და სასწრაფოდ დავადგებით გზას, რომელიც, მაგალითად გუშინ, ან სულაც დღეს გამოგვიჩნდა. სახლიდან გასვლის წინ, ისინი გულმხურვალედ ილოცებდნენ, შემდეგ კერასთან ჩამოსხდებოდნენ და რამდენიმე წუთით დუმილს მიეცემოდნენ, რომ ერთის მხრივ, თავად მოეკრიბათ სულიერი ძალები, და, მეორე მხრივ, მგზავრებისა და მოგზაურების მფარველ ღვთაებებსა და სულებს მისწვდომოდათ მათი ნავედრი და ნალოცი. 

მგზავრს სახლის ზღურბლზე წაღმა დაატრიალებდნენ (მორძგვშე დართინუანდეს) და ზურგზე მსუბუქი ხელისკვრით უბიძგებდნენ (ეს ზურგის ქარის სიმბოლიკა იყო) შინ დამრჩენი უფროსები, რომელთაც ამასობაში თავადაც ჰქონდათ ნალოცი იმისთვის, რომ  მარადი მგზავრების – მზის, მთვარისა და ვარსკვლავების,  უფრო კონკრეტულად  გზის სულის  ნაწყალობევი თბე – ტიბინი  შემოხვეოდა ჯავშნად და დაეცვა უამინდობისგან, ავსულებისგან, ავი თვალისგან, უბედური შემთხვევისაგან, რასაც განზოგადებულად ,,უბადო მუნახვამილეფი’’ ერქვა… (ალბათ, გაგახსენდათ ,,ვეფხისტყაოსანი”, ავთანდილის ვედრება მნათობებისადმი).

 მგზავრს ყელზე ჩამოკიდებდნენ ან სამოსის საიღლიეში ჩაუკერავდნენ ავგაროზს, რომელსაც  უნდა დაეცვა იგი ჭინკებისა და ქაჯებისგან, რომელნიც, როგორც წესი, გზაში უსაფრდებოდნენ მგზავრებს და ათასი მანქანებით შეიტყუებდნენ თავიანთ სამფლობელოში, გზას ააცდენდნენ, მხარს უქცევდნენ, ცხენს დაუფრთხობდნენ და ა.შ. 

შინ დარჩენილები ცდილობდნენ ყველა საშინაო, საყოველდღეო, რუტინული საქმე წინასწარ მოესტუმრებინათ, რადგან გამგზავრების წუთიდან გარკვეული დროის განმავლობაში უქმობდნენ, უქმობის აღთქმას უსრულებდნენ  მფარველ ძალებს. განსაკუთრებით უფრთხოდნენ საქმეს, რომელიც გამგზავრებულის ნაკვალევს – ნოქურის უკავშირდებოდა:  ცოცხს ხელს არ ახლებდნენ, რომ კვალი არ გაქრობოდა,  უკვალოდარ გამქრალიყო, არ გადახვეწილიყო ( ვეკახუშანდეს –  ვეგნიქოსასია, კვალქ ვაუდინასია). სხვათა შორის, ძალიან უფრთხოდნენ მაგიურ ფორმულას –  კვალიჭყელი (კვალდაწყევლილი), გინოწიმინდელი ( გადაკარგული, უკვალოდ გამქრალი, გასახვეწილი) იყო სხვა აკრძალვებიც – მგზავრის ლოგინს არ აალაგებდნენ, თუ ამას მის წასვლამდე ვერ მოასწრებდნენ, თავს არ დაიბანდნენ, რომ წყალი არ წაებილწათ და ამით ღამეულ მგზავრთა მფარველი მთვარე არ გაენაწყენებინათ, მიწას არ მოწყლავდნენ – დიხას ვაჭყოლუნდეს, ბარსა და თოხს მთელი დღით მიივიწყებდნენ.

 და მაინც ყველაზე მკაცრი და შეუვალი  ტაბუ ედო ხელსაქმეს, რომელიც ძაფთან იყო დაკავშირებული.  ძაფი იყო სიმბოლო გზისა, რომელიც მგზავრს უნდა გაევლო და რომელსაც იგი უკან, სახლისკენ უნდა გამოყოლოდა, ის კი  კერვის, ქარგვისა და ქსოვისას შეიძლება შეკრულიყო ( შარაშ აკოკოკირუა – გზის შეკვრა), დახლართულოყო,   აბურდულიყო ( შარაშ აკოხართუა)  და გზაც, რომელსაც იგი განასახიერებდა, ძნელად სავალი ( უბადო ოლი) გამხდარიყო. რაც შეეხება ობობას და მის ქსელს, გამგზავრების წინა დღეს ყველა კუთხე–კუნჭულს დაივლიდნენ და აბლაბუდას ჩამოფერთხავდნენ, რომ მგზავრი აბლაბუდაში მოქცეული მწერივით არ გახლართულიყო  ხიფათში ( მოსას მიშახართუა) . 

სრულიად განსაკუთრებული რამ იყო საგზალი – ორზოლი, რომელიც  ბედნიერი სახით, უცრემლოდ უნდა მომზადებულიყო, რომ  საგზაო ჭამადს ნათელი ფიქრები დართვოდა. რაც უნდა მძიმე ყოფილიყო განშორება და რაც უნდა გაუსაძლისი ყოფილიყო შიშნეული მოლოდინი, ერთს არ დაიწუწუნებდნენ, გზის აუგს არ იტყოდნენ, ემანდ მეამინემ არ ჩამოიაროს და ხმამაღლა გაცხადებულ შიშზე კვერი არ დაგვიკრასო (ეს იყო ანარეკლი ცოდნისა სიტყვის, ფიქრის მატერიალიზაციის შესახებ).  საერთოდ, მთელი ორზოლი – საგზალი ლოცვის ძალის მატარებელი იყო, ამასთან გამიზნული იყო იმაზეც, რომ მგზავრი ძნელად სავალ გზას  და ფათერაკებს  ძლიერი  შეხვედროდა. (აქვე აღვნიშნავთ, რომ უკაკალებუო – უზმოზე კაცს ფეხს არ გაადგმევინებდნენ სახლიდან). 

ლოცვების  უპირველესი ადრესატი იყო მთვარე (წმინდა გიორგი), თავადაც მარადი მგზავრი,  სწორედ მას უკავშირდებოდა  ლოცვები წყალში გაჭირვებულთათვის და გზამოჭრილთათვის, რადგან ის იყო ყველგან მყოფი, წყლის მბრძანებელი და ღამის მანათობელი.  ლოცვა წყალში გაჭირვებულთათვის უპირატესად მენიშოლებისთვის – ნაოსნებისთვის, მდინარითა და ზღვით მოგზაურთათვის იყო განკუთვნილი ( ამას სხვა ბლოგში შევეხებით), მეორე – ხმელეთით მოგზაურთათვის, თუმცა წყლის ღმერთების წყრომა მშრალზეც (სქირზეც)  არ იყო უძალო. 

 ცალკე ლოცვა იყო შესახელებული შარა–მეშარე პატონებზე, ეს უკანასკნელნი (გზად ჩასაფრებული ბატონები)  მგზავრობაში ავბედითი ხდომილებებისა და სნეულებების განმკარგავნი იყვნენ და მათი გულის მოგება აუცილებელი გახლდათ.  ,,ირ შარა დო კარს დომითხილე, უბადო თოლი დო ფათარაკ  ქუგარაი, სქან სახელ ხვამელი’’ – ყველა გზასა და კარზე დაიფარე, ავი თვალი და ფათერაკი აშორეო – შესთხოვდნენ ღმერთებს მლოცველები. კონკრეტულ მგზავრზე შესახელებული საგანგებო ლოცვები თავისთავად, მაგრამ  საზოგადოდ, მლოცველებს, ყოველთვის ახსოვდათ, რომ იმ წუთებში, როცა ისინი თავიანთი მგზავრზე შესახელებულ  ლოცვას ასრულებდნენ, გზას უსათუოდ ადგა ვინმე სხვაც, და სათავისო სავედრს ზოგადად მეშარეზე, მგზავრზე  განავრცობდნენ –   ანუ ყველა მგზავრის,  მათთვის  უცნობი მგზავრების მფარველობასაც შესთხოვდნენ ღმერთებს. მაგრამ რას აკეთებდა ამ დროს თავად მგზავრი – გზად ხატის ტყეს, წმინდა ჭალის ხეებს ტოტს არ შეატეხავდა,  წყაროში ფეხს არ ჩაიბანდა, არ წაბილწავდა, გზაში დაღუპულთა ნიშებში დადგმულ ღვინოს რომ წაუქცევდა, საგანგებოდ წაღებული მათარიდან  – ბათარიიდან შეავსებდა. ყველაზე მთავარი – ღამის თევის ადგილას, რისთვისაც უპირატესად ფართოფოთლოვან ხეს, უპირატესად, საღვთო მუხას ირჩევდნენ, სანთელს აუნთებდნენ და სანამ არ ჩაიწვებოდა, რაც უნდა მშიერნი ყოფილიყვნენ, პურს არ გატეხავდნენ.

მათი სავედრებელი, რა თქმა უნდა, მშვიდობიანი ღამე, ნადირთაგან და ავსულთაგან მფარველობა იყო. ამ ლოცვას ,,ჭყონ მიოხვამუ’’, ,,ჭყონიშ მიოგამური’’ ერქვა. ,,შარაშ რენო, კარიშ რენო, დიხაშ რენო, ცაში რენო, წყარიშ რენო, თახაშხაშ რენო, ჯუმაშხაშ რენო, ცაშხაშ რენო, საბატონიშ რენო, ჟაშხაშ რენო, მიკოჯირაშე ვარ, ენადგინაში რენო, ათეშ მარჩქილეს დეთხი დო ფუი! –  ათაშ გააქარი უბადო მოხვამილაფა დო მუნახვამილეფი…’’ 

ალბათ შენიშნეთ, რომ ამ შელოცვაში კვირის ოთხი დღეა მოხსენიებული, საქმე ისაა, რომ გარდა საკრალური დღეებისა (ჟაშხა დო სუმგეკულა), ჩვენი წინაპარი გზას არ დაადგებოდა, ორშაბათს მგზავრობას კი ყველაზე მძიმე  ტაბუ ედო ( თუთაშხას კოჩ შარაშა გინურსო! – ორშაბათს კაცი გზას როგორ დაადგება!). მაგრამ რა ვქნათ მათ, ვისაც ორშაბათს და სხვა დღეებშიც გვიწევს მგზავრობა… არც არაფერი. მივენდოთ ღმერთს ცაში და ღმერთს ჩვენს სულში და  გვახსოვდეს, რომ მთელი სამყარო ვართ მათთვის, ვისაც ვუყვარვართ.  

 ჭკვერას იდ, ნანა! ჭკვიანად იარე, დე! – ეს დედის ხმაა, სადაც არ უნდა იყოს ის, მკვდარია თუ ცოცხალი, გვითხრა თუ არ უთქვამს ეს, ჩვენი დედაა თუ სხვისი.  ის ღვთისმშობელი არ არის, მაგრამ ის დედაა და ღვთისმშობლის ფიქრებისა და ძალის  მოზიარე. 

,,ოდიში ნიუსი” ბედნიერ მგზავრობას გისურვებთ. 

წინა სტატია,,ძველი ქართული იმპრესიონიზმი” – ბუხუტი შონიას ნამუშევრების გამოფენა გალერეაში [Video]
შემდეგი სტატიაროგორ ,,ჩაირიცხა” შალვა თადუმაძე 1993 წელს უნივერსიტეტში, რომელიც 1994 წელს გაიხსნა
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური