საქართველოში ნატო-ს დღეები ოფიციალურად დაიწყო და ოქტომბრის ბოლომდე გაგრძელდება. საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატო-სა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის დირექტორის თამარ წულეისკირის განცხადებით, პირველი ღონისძიება, რომლითაც „ნატო-ს დღეები 2019“ გაიხსნება, ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალური მდივნის მოადგილის ვიზიტის ფარგლებში, დასავლეთ საქართველოს უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებთან საჯარო შეხვედრაა.
„ეს ღონისძიება უკვე ტრადიციად ქცეულია ჩვენი ცენტრისათვის. წელს განსაკუთრებული მასშტაბურობით გამოირჩევა, რადგან არა მხოლოდ დედაქალაქში, არამედ საქართველოს 10 სხვადასხვა რეგიონში 70-მდე ღონისძიება გაიმართება. ღონისძიებაც ასევე გამოირჩევა მრავალფეროვნებით. კომუნიკაცია მიზნად ისახავს ურთიერთობას სხვადასხვა სამიზნე ჯგუფთან, მათ შორის მასწავლებლებთან, საშუალო და უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებთან, ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლებთან, საოკუპაციო ხაზთან მიმდებარე სოფლებში მცხოვრებ მოსახლეობასთან. ღონისძიებების ფარგლებში სპიკერებად მოგვევლინებიან როგორც საჯარო, ისე სამოქალაქო სექტორის, მედიის წარმომადგენლები. ასე რომ, ძალიან საინტერესო პროგრამა გველოდება“, – განაცხადა თამარ წულეისკირმა.
ნატო-ს დღეების მნიშვნელობაზე ისაუბრა საქართველოში ნატო-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელმა როზარია პუგლისმაც.
„წლევანდელი ნატო-ს დღეები ძალიან მნიშვნელოვანია გამომდინარე იქიდან, რომ მოვლენებით დატვირთული პერიოდი გვქონდა ამ წელს. ოქტომბერში ჩამოდის ჩრდილოატლანტიკური საბჭო, რომელთან ერთადაც ჩვენ ვუმასპინძლებთ გენერალური მდივნის მოადგილეს. აგრეთვე მარტში საქართველოს სტუმრობდა სამხედრო კომიტეტი და გენმდივანი. აქედან გამომდინარე, საკმაოდ ბევრი მოვლენა გვექნება განსახილველი მთელი თვის განმავლობაში“, – განაცხადა როზარია პუგლისმა.