ნაციონალური მოძრაობა შიდაპარტიული დემოკრატიის მაგალითს გვიჩვენებს

0
532

თუ ვინმე ფიქრობდა, რომ ერთიანი ნაციონალური მოძრაობა ლიდერის უსიტყვო მორჩილი პოლიტიკოსების საკრებულოა და მისი წევრები უკრიტიკოდ იღებენ მის ყველა მოსაზრებას, , როგორც ეს ,,ქართულ ოცნებაში” ხდება, ახლა მაინც უნდა დარწმუნდეს, რომ ნაციონალური მოძრაობა ამ მხრივაც მაღლა დგას და შიდაპარტიული დემოკრატიის მაგალითს გვიჩვენებს.

მიხეილ სააკაშვილის ინტერვიუს ,,მთავარ არხზე” სადაც მან განაცხადა, რომ მასა და გიგა ბოკერიას შორის ფუნდამენტური განსხვავებებია, რაც გამოიხატება იმაში, რომ ენმ ქრისტიან-დემოკრატიული ღირებულებების მქონე პარტიაა, რომ   თავად “მართლმადიდებელი ქრისტიანია, ხოლო გიგა ბოკერია და მისი გუნდის ერთი ნაწილი – “ქრისტიანული ტრადიციების წინააღმდეგ მებრძოლი”, პარტიაში ურთიერთსაპირისპირო შეფასებები მოყვა, თუმცა ეს არ ქცეულა საფრთხედ შიდაპარტიული ერთიანობისთვის, თუ არ ჩავთვლით იმას, რომ პოლისტსაბჭოს ერთმა წევრმა დატოვა პარტია მიხეილ სააკაშვილის გამონათქვამებისადმი პროტესტის ნიშნად.

ზაალ უდუმაშვილი: ,,ჩვენ ზოგადად მომხრე ვართ ტრადიციების და იმ სულისკვეთების, რასაც ქართული ტრადიციები ჰქვია, ამაში დასაძრახს ვერაფერს ვხედავ, ჩვენ არ ვართ სახელმწიფო და ქვეყანა, რომელსაც 300 ან 500-წლიანი ისტორია გააჩნია, ჩვენს გენში ზის ტრადიციები და ჩვენს გენში ზის ამ ტრადიციების პატივისცემა. ის, რომ ჩვენს გენში ზის ტრადიციებისადმი პატოვისცემა და სიყვარული, ამას ვერ ამოშანთავ ვერანაირი ლიბერალური მიდგომით, როგორი ულტრალიბერალიც არ უნდა იყო, ეს გენში გაქვს შენ…

ვნებათაღელვა გამოიწვია იმ ფაქტმა, რომ გიგა ბოკერიას სახელი და გვარი იყო გაჟღერებული ამ კონტექსტში და ეს, რა თქმა უნდა, არის სადავო და საკამათო თემა – გვარი უნდა ყოფილიყო ნახსენები თუ არა, მითუმეტეს, იმ ფონზე, როცა ამ გვარს გარკვეული კლიშეები მოსდევს წლების განმავლობაში. ჩემი პირადი მოსაზრებით, ჯობდა, გვარების გარეშე გაგვევლო ეს თემა. სწორი ინტერპრეტაცია იქნებოდა, როცა პარტიასთან გაქვს პრეტენზია ამ მიმართულებით და არ გამოგაქვს კონკრეტული პიროვნებები

გრიგოლ ვაშაძე: ,, არ მეგონა, რომ პრეზიდენტის ინტერვიუს ,,გადათარგმნა” მომიწევდა, ან ამაზე ლაპარაკი, მაგრამ თეზისობრივად რომ გავყოთ, ძალიან მარტივად ვიტყვი.

პირველი – საქართველოში დაბრუნდება, თუ დაიწყო ჩვენი სამხედროების დაპატიმრება, რაც სასიკვდილო საფრთხეს შეუქმნის ჩვენს სახელმწიფოს.

მეორე – როდესაც ასჯერ შეგეკითხებიან და მით უმეტეს ადამიანებზე, რომლებიც 2 წელია თავზე ლაფს გასხამენ და უშველი სიტყვებით მოგიხსენიებენ, ერთი გვარი ახსენა და თქვა, რომ ჩვენში განსხვავება ის არისო, რომ ერთიანი ნაციონალური მოძრაობა არის ქრისტიან დემოკრატიული სახალხო პარტია, რომ მას არ უნდა კოლბაში გამოყვანილი ქართველი, ძალიან მოსწონს დღევანდელი ქართველი და უნდა, რომ ამ ქართველს ჰქონდეს ღირსეული ცხოვრების უფლებები.

მესამე – საერთოდ მოვეშვათ თბილისის ქვიშის ორმოში თამაშებს, იმიტომ, რომ ჩვენი სახელმწიფო და მოქალაქე არის გაუსაძლის პირობებში.

ლევან ბეჟაშვილი:  არ შევხედოთ ამ ინტერვიუს როგორც ვიწრო პარტიული ინტერესებიდან და ასე ვთქვათ, თუნდაც თავდასხმებიდან გამომდინარე. მნიშვნელოვანია ოპოზიციამ შეინარჩუნოს ერთიანობა და მთავარი მოწინააღმდეგე განვსაზღვროთ ბიძინა ივანიშვილის სახით. სამწუხაროა, რომ მოვისმინეთ ინტერვიუები ბაქრაძისგან, ვოლსკისგან, სხვა პოლიტიკური პატიებისგან და მათი მთავარი წინააღმდეგობის ობიექტი მიხეილ სააკაშვილია, როცა ქვეყნის წინაშე მთავარი საფრთხის სახით ბიძინა ივანიშვილია წარმოდგენილი.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის დეპუტატი რომან გოცირიძე კონცეპტუალურად არ ეთანხმება პარტიის ლიდერის მიხეილ სააკაშვილის გამონათქვამებს იმის შესახებ, რომ ნაციონალური მოძრაობა თავისი არსით ქრისტიანულ-დემოკრატიული სახალხო პარტიაა

,, ნაციონალური მოძრაობა და ვარდების რევოლუცია ისტორიაში უპრეცენდენტო ლიბერალური რეფორმების სახელით შევიდა, განსაკუთრებით კი ეკონომიკის სფეროში და მისი თქმით, ამ ყველაფრის არქიტექტორი თავად სააკაშვილი იყო.”  – წერს რომან გოცირიძე Facebook-ზე

“ყველა სიკეთე (არა მხოლოდ რეიტინგებში მოწინავე პოზიციები), რაც კი ქვეყანაში დღემდე შემოგვრჩა, გაჩნდა იმ პერიოდში და ქმნის ქვეყნის მომავალი განვითარების ფუნდამენტურ საფუძველს. ბევრი რამ იმდენად მყარად იყო ნაშენები, რომ გაუძლო ხელისუფლების შეცვლის შემდგომ არაკომპეტენტურობას და პოლიტიკური კურსის რევიზიას,”-

დეპუტატის თქმით, ცხოვრების ყველა სფეროში გატარებული ლიბერალური რეფორმების წყალობით საქართველო თანამედროვე ტიპის მიმზიდველი, უსაფრთხო ქვეყანა გახდა. მისივე თქმით, დღეს საქართველოში ლიბერალიზმს ბევრი მტერი გამოუჩნდა და ამის ერთერთი მიზეზი სწორედ წინა ხელისუფლების მიღწევების გადაფასების მცდელობა და მის წინააღმდეგ ბრძოლის იდეოლოგიური პლატფორმის შექმნაა. 

“ნაციონალური მოძრაობის სიძლიერე მის წარსულშია (მიუხედავად შეცდომებისა და ცალკეული დანაშაულობებისა). მოწყდება თავის ლიბერალურ ფესვებს, თავად გაითხრის სამარეს, იმ ღამურად გადაქცეულ თაგვს დაემსგავსება, რომელიც უცხო გახდა როგორც თავისიანებისათვის, ასევე იმათთვის, ვისი მსგავსობაც მოინდომა,”- ამბობს რომან გოცირიძე. 

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი სალომე სამადაშვილი: ,, რაც უფრო მეტ დროს დაუთმობენ ოპოზიციონერი პოლიტიკოსები ერთმანეთზე ტალახის დასხმას, მით ნაკლებად საინტერესო გახდებიან ქართველი ხალხისთვის. ქვეყნის მომავალი პირადი ამბიციების დასაკმაყოფილებელი საჭიდაო მოედანი არ არის. არც ქართველი ხალხია, სულელი. ფრთხილად”. – წერს იგი სოციალურ ქსელში მიხეილ სააკაშვილის მიერ გიგა ბოკერიაზე გაკეთებული განცხადებების შემდეგ.

მიხეილ საკაშვილი? ბიძინა ივანიშვილისგან განსხვავებით არ გაბრაზებულა. მშვიდად შეხვდა თანაპარტიელების კრიტიკას. მას ერთგულების სხვა საზომები აქვს – ქვეყნისადმი ერთგულების ხარისხი, ქვეყანას კი, რომელზედაც ის ოცნებობს, კოლბაში გამოყვანილი ადამიანები ვერ ააშენებენ, ეს მხოლოდ მოაზროვნე, სტერეოტიპებისადმი დაუმორჩილებელ ადამიანებს შეუძლიათ. ნაციონალური მოძრაობაში წარმოქმნილმა განსხვავებულმა რეაქციამ გვაჩვენა, რას ნიშნავს სინამდვილეში შიდაპარტიული დემოკრატია. ეს პარტიის შემქმნელს მხოლოდ სიხარულს შეიძლება გვრიდეს.

წინა სტატიარეგიონული ახალგაზრდული სამეწარმეო პროგრამის შესახებ ახალგაზრდებს ინფორმაცია მიაწოდეს [Video]
შემდეგი სტატიაძმის მკვლელობაში ბრალდებულმა ქუთისის ციხეში სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური