მთავარიUncategorizedრეანომობილის გაუმართაობის გამო კომაში ჩავარდნილი 16 წლის ლუკა ფოფხაძე გარდაიცვალა

რეანომობილის გაუმართაობის გამო კომაში ჩავარდნილი 16 წლის ლუკა ფოფხაძე გარდაიცვალა

Published on

16 წლის ლუკა ფოფხაძე, რომლის ჯანმრთელობის მდგომარეობაც რეანომობილის გაუმართაობის გამო გართულდა, გარდაიცვალა.

მოზარდი 41 დღის განმავლობაში ქუთაისის ინტერვენციული მედიცინის ცენტრში უგონო მდგომარეობაში იმყოფებოდა.

იქ მოსახვედრად ლუკამ გრძელი, უფრო ზუსტად კი ხანგრძლივი გზა გაიარა. ამბროლაურში დასასვენებლად ჩასული მოზარდი, 20 ივლისს, დილის 6:15 წუთზე, ვირუსული ნეიროტოქსიკოზის ნიშნებითა და სუნთქვის მწვავე უკმარისობით, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ამბროლაურის საავადმყოფოში მიიყვანა.

ბიჭი საავადმყოფოში შეყვანიდან 10 წუთში ხელოვნური მართვის სუნთქვის აპარატზე გადაიყვანეს და ქუთაისში ტრანსპორტირებისათვის რეანომობილი გამოიძახეს. ამბროლაურის საავადმყოფოს კლინიკური მენეჯერი ეკა მურუსიძე ამბობს, რომ კატასტროფის ბრიგადის მოსვლამდე, ექიმებმა ბიჭის სასიცოცხლო მაჩვენებლები დაასტაბილურეს და არაფერი მოასწავებდა იმას, რომ მოზარდის მდგომარეობა უნდა დამძიმებულიყო.

ლუკასთვის რეანომობილი ლენტეხიდან წამოვიდა. რადგან ამბროლაურში რეანომობილი არ არის. რეანომობილმა რაჭაში გამოძახებიდან დაახლოებით ორ საათში ააღწია. დამატებით კიდევ ორი საათი დასჭირდა ბიჭის რეანომობილში გადაყვანასა და მიმღებ კლინიკასთან შეთანხმებას. ლუკამ ამბროლაურის საავადმყოფო 10:40 წუთზე დატოვა. რეანომობილში ბიჭთან ერთად ჩაჯდა მისი მამიდა, სასწრაფოს ექიმი ფატი ფოფხაძე.

მისი თქმით, რეანომობილში დამონტაჟებული აპარატურა ნაქერალას უღელტეხილზე მწყობრიდან გამოვიდა. გამოილია ჟანგბადი და ბავშვს გული გაუჩერდა. ფატი ფოფხაძე იმასაც ამბობს, რომ ლენტეხიდან ჩამოსულ რეანომობილს თან მოჰყვა არა რეანიმატოლოგი, არამედ რიგითი ექიმი:

ნაქერალადან ტყიბულში ჩასასვლელად 15 წუთი დაგვჭირდა. ამ დროის განმავლობაში ბავშვის ტვინი უჟანგბადოდ დარჩა და ბიჭი ტყიბულის საავადმყოფოში, ფაქტობრივად, მკვდარი მივიყვანეთ. ტყიბულში ბავშვს ელექტრო-შოკი გაუკეთეს და გული ამუშავდა“.

ლუკას გადასაყვანად ამჯერად ქუთაისიდან გამოიძახეს რეანომობილი. რეანომობილმა დაიგვიანა:

„ქუთაისიდან ტყიბულში რეანომობილის ჩამოსვლას სამი საათი დასჭირდა, არადა ერთი საათის გზაა. მოვიდა ექიმი, ნახა ბავშვი და თქვა, ტრანსპორტირებას აზრი არ აქვს, მკვდარიაო. არადა, ბავშვი მას მერე მეთორმეტე დღეა ინარჩუნებს სასიცოცხლო ფუნქციებს და სტაბილურად მძიმე მდგომარეობას. ჩვენი ძალდატანებითა და წივილ-კივილით გადაიყვანეს ქუთაისში, ქუთაისის სადიაგნოსტიკო ცენტრში. დღესდღეობით ლუკა სასიცოცხლო მონაცემებს ინარჩუნებს, თუმცა, ექიმები სანუგეშოს ვერაფერს ამბობენ“, – ამბობს ლუკას მამიდა, ფატი ფოფხაძე.

16 წლის მოზარდის შემთხვევასთან დაკავშირებით, 25 ივლისს განცხადება გაავრცელა ჯანდაცვის სამინისტროს სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტომ. სააგენტოს განმარტებით, პირველადი მოკვლევით გამოვლინდა, რომ კერძო კატასტროფის ეკიპაჟის მანქანას ჰქონდა გარკვეული ხარვეზები. კერძოდ, სრულყოფილად ვერ ხდებოდა პაციენტის აპარატურული უზრუნველყოფა, რაზეც სააგენტო შესაბამის ღონისძიებებს გაატარებს.

რაც შეეხება ექიმების პასუხისმგებლობას, სააგენტოს ინფორმაციით, სამედიცინო დოკუმენტაციის შესწავლის შედეგად დარღვევების გამოვლენის შემთხვევაში, რეგულირების სააგენტო კანონით განსაზღვრულ ფარგლებში დააყენებს არამხოლოდ ექიმების, არამედ კონკრეტული სამედიცინო დაწესებულებების პასუხისმგებლობის საკითხს.

არსებობს საფუძვლიანი ვარაუდი, რომ ლუკა ქუთაისის კლინიკამდე დროულად, გამართული რეანომობილითა და რეანიმატოლოგის თანხლებით რომ გადაეყვანათ, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ასე არ დამძიმდებოდა.

ქუთაისის კლინიკის ექიმების ყველა მცდელობა 23 ივლისიდან დღემდე გამოეყვანათ ყმაწვილი უმძიმესი მდგომარეობიდან, ამაო აღმოჩნდა. 16 წლის მოზარდი, რომლის გადაჩენა არ იყო შეუძლებელი, რომ არა რეანომობილის გაუმართაობით გამოწვეული გართულება , აღარ არის.

სიახლეები

ბატონი ელჩი ტრაგიკულ მდგომარეობაშია – კობახიძე ჰერჩინსკიზე

ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ ევროკავშირის ელჩის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაბარება "მიზანშეწონილია. "ოცნების" ლიდერმა დღეს...

კახა კალაძე ევროკავშირის ელჩის “დაბარებას” ითხოვს

კახა კალაძე ევროკავშირის ელჩის განცხადებას ეხმაურება და პაველ ჰერჩინსკის შესაბამის უწყებაში "დაბარებას" ითხოვს. თბილისის...

ჰერჩინსკი- მალე გაირკვევა, საქართველო ევროპულ ოჯახს ეკუთვნის თუ ბნელ წარსულს დაუბრუნდება

საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ ბრიუსელში, ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურში, ფოტოგამოფენის "საქართველო ფოკუსში" გახსნაზე...

ჯიჭონაიების ოჯახი სახლიდან გამოასახლეს

მოსახლეობის წინააღმდეგობის მიუხედავად, ზუგდიდში, ჯიჭონაიების შვიდ სულიანი ოჯახი სახლიდან იძლებით გამოსახლეს. სახლის ყველა კარი...