საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელთან საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ფედერიკა მოგერინისთან, სატელეფონო საუბარი გამართა.
საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სატელეფონო საუბრისას მხარეებმა განიხილეს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებული ვითარება.
„განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ადამიანის უფლებების დაცვის მხრივ არსებულ რთულ გარემოზე. საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა საოკუპაციო ხაზზე ბოლო განვითარებების შესახებ, მათ შორის გორის მუნიციპალიტეტის სოფელ გუგუტიანთკარში ხელოვნური ბარიერების აღმართვის და ადგილობრივი მცხოვრებლებისთვის თავისუფლად გადაადგილების უფლების შეზღუდვის ფაქტებზე.
სატელეფონო საუბრისას კიდევ ერთხელ ხაზი გაესვა კონფლიქტის დარეგულირების სამშვიდობო პოლიტიკის განხორციელებაში ევროკავშირის მნიშვნელოვან როლს, განსაკუთრებით აღინიშნა ევროკავშირის მხრიდან საერთაშორისო დღის წესრიგში საქართველოს საკითხის მაღალ დონეზე შენარჩუნების აუცილებლობა.
საოკუპაციო ხაზზე ბოლო პერიოდში გახშირებული ინციდენტების გათვალისწინებით, ხაზი გაესვა აღნიშნული საკითხების განხილვის აუცილებლობას, როგორც ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრებზე, ასევე ჟენევის მოლაპარაკებების მომდევნო რაუნდის ფარგლებში. ამ კონტექსტში აღინიშნა ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის საქართველოში ჩამოსვლისა და ვითარების ადგილზე გაცნობის მნიშვნელობა.
საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა მადლობა გადაუხადა უმაღლეს წარმომადგენელს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის საქმიანობისთვის, რომელიც ადგილზე არსებული საერთაშორისო მონიტორინგის ერთადერთი მექანიზმია და მნიშვნელოვან როლს ასრულებს ვითარების დეესკალაციისა და უსაფრთხოების შემდგომი უზრუნველყოფისთვის.
უმაღლესმა წარმომადგენელმა კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა“, – ნათქვამია ინფორმაციაში.