იტალიაში გაფრენა 20 ევროდ გახდა შესაძლებელი. ქუთაისის აეროპორტის რეაბილიტაცია თავის დროზე სწორედ რაინეარის შემოსაყვანად გადაწყდა

0
51017

თბილისი-მილანის რეისზე ბილეთის მინიმალური ფასი 19.99 ევრო იქნება.

როგორც Ryanair-ის ოფიციალურ ვებ-გვერდზეა აღნიშნული, ფრენები 6 ნოემბრიდან დაიწყება. ბილეთის ფასები 19.99 ევროდან იწყება და მაქსიმუმ 84 ევრომდე ადის.

როგორც ცნობილია, Ryanair-ი საქართველოდან იტალიისა და საფრანგეთის ქალაქებში იფრენს. ავიაკომპანიის ოფიციალურ ვებგვერდზე თბილისისა და ქუთაისის მიმართულებით ფრენები უკვე გამოჩნდა. ქუთაისიდან ფრენებში მითითებულია იტალიის ქალაქი ბოლონია და საფრანგეთის ქალაქი მარსელი, თბილისიდან კი, იტალიის მილანის ბერგამოს აეროპორტი.

პარტია “ევროპული საქართველოს” წევრი გიორგი კანდელაკი, რომელიც წინა ხელისუფლების პერიოდში ქუთაისის აეროპორტის განვითარების პროექტში იყო ჩართული და საერთაშორისო ავიაკომპანიებთან მიმდინარე მოლაპარაკებების შესახებაც იყო ინფორმირებული, აცხადებს, რომ “რაინეარს” ფრენა საქართველოდან ჯერ კიდევ 2013 წლიდან უნდა დაეწყო. მისი თქმით ქუთაისის აეროპორტის რეკონტრუქცია – რაც ქართული ოცნების მთავრობამ არამიზნობრივ ხარჯად გამოაცხადა – სწორედ „რაინეარისთვის“ მოხდა. იმ ხედვით და გეგმით რაც არსებობდა, აეროპორტის მგზავრთა ნაკადი 2 მილიონს დიდი ხნის წინ უნდა გადამცდარიყო. იმ მასშტაბის მიმოსვლა ევროკავშირთან რა მასშტაბსაც მოიტანდა რაინეარის ამუშავება – რაც ამჟამინდელ ნაკადზე 5-ჯერ მეტია – დასავლეთ საქართველოს და მთლიანად ქვეყნის ეკონომიკური რეალობისთვის უდიდესი სტიმული იქნებოდა.

„მივესალმებით დაბალბიუჯეტიანი ავიაციის ფლაგმანის, ავიაკომპანია რაინეართან კონტრაქტის თუნდაც ექვსი წლის დაგვიანებით გაფორმებას. იმედი გვაქვს, ეს ნაბიჯი დაარწმუნებს მთავრობას რომ რესურსები და ძალისხმევა არა ოკუპანტი ქვეყნიდან დაბალი გადახდის უნარის მქონე ტურისტების და ამ ქვეყანაზე დამოკიდებულების ზრდაზე უნდა დაიხარჯოს, არამედ ევროკავშირიდან მაღალი გადახდისუნარიანი ტურისტების შემოდინებაზე.  ქუთაისის აეროპორტის დაგეგმილ სიმძლავრეზე გასვლა ნიშნავს არა მხოლოდ რუსეთზე ტურიზმში დამოკიდებულების სრულიად განეიტრალებას, არამედ საქართველოს და პირველ რიგში დასავლეთ საქართველოს ეკონომიკისთვის სერიოზულ ნახტომს,“ – თქვა გიორგი კანდელაკმა


წინა სტატიათუ ანაკლიის პორტის პროექტი ჩავარდა, ეს იქნება ნიშანი, რომ კვაზი სახელმწიფო ხართ, ეს კი ნამდვილი ტრაგედია იქნებოდა- მეთიუ ბრაიზა
შემდეგი სტატიასაქართველოში მიწისძვრა მოხდა
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური