საქართველოში შესაძლოა საავტომობილო გზებზე მოძრაობა ფასიანი გახდეს

0
1294

საქართველოში გზების გარკვეული ნაწილი, შესაძლოა, ფასიანი გახდეს. ამ საკითხზე მსჯელობა ისევ განახლდა, თუმცა კონკრეტულ თარიღსა და ფასზე საუბარი არ არის.

საავტომობილო გზების დეპარტამენტში მიიჩნევენ, რომ გზებზე გარკვეული მოსაკრებელი ეტაპობრივად დაწესდება. სპეციალისტების აზრით, გადასახადის დაწესება საჭიროა, რადგან ეს თანხა რეაბილიტაციას მოხმარდება.

აქტიური მსჯელობა მიმდინარეობს იმის შესახებ, იქნება თუ არა ფასიანი რიკოთის მაგისტრალი ან ავტომაგისტრალის რომელიმე მონაკვეთზე გადაადგილება. საავტომობილო გზების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ ფასიან გზებთან დაკავშირებით მსოფლიო ბანკს და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს ორი ერთმანეთისგან დამოუკიდებელი კვლევა აქვს ჩატარებული, სადაც განსხვავებული მოსაზრებებია. ირაკლი ქარსელაძის თქმით, გადაწყვეტილების მისაღებად მსჯელობა სხვადასხვა უწყებასა და თავად დონორებთანაც მიმდინარეობს. შედეგად, ფასიან გზებთან დაკავშირებით ერთიანი მიდგომა უნდა ჩამოყალიბდეს. “განსხვავებულია შეფასებები, მოცემულობა. ამას სჭირდება დამატებითი მსჯელობა, ყველა ნიუანსისა და სპეციფიკის გათვალისწინება და შემდეგ გადაწყვეტილების მიღება”, – განაცხადა ქარსელაძემ და აღნიშნა, რომ 2021 წლამდე ოპტიმალური და რაციონალური გადაწყვეტილება იქნება მიღებული. სწორედ ამ დროისთვის დასრულდება რიკოთის მონაკვეთზე 52-კილომეტრიანი გზის მშენებლობაც.

ფასიანი გზების ამოქმედებას მნიშვნელოვნად მიიჩნევს ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის ანალიტიკოსი ანდრია გვიდიანი. მისი აზრით, კეთილმოწყობილი ინფრასტრუქტურა გულისხმობს მის მოვლასაც, რაც უნდა გაითვალისწინონ მძღოლებმა. ის ადამიანები კი, რომლებიც ეწინააღმდეგებიან ფასიან გზებს, ივლიან უფასო და შედარებით არაკომფორტული გზით.

„ფასიანი გზა არ გულისხმობს, რომ მხოლოდ ერთადერთი მაგისტრალი იქნება. ქვეყანაში აუცილებლად დარჩება უფასო გზებიც და მოსახლეობას შეეძლება გადაადგილება. ეს არის აპრობირებული მეთოდი და მოსახლეობა თავად მიიღებს გადაწყვეტილებას, რომელი გზით ისარგებლოს. თუ უღირს ადამიანს, ფული გადაიხადოს და უფრო კომფორტულად იმგზავროს, ეს მისი არჩევანია. ასე იყო თავის დროზე რიკოთის გვირაბთან დაკავშირებითაც, როდესაც გაიხსნა და ფასიანი გახდა, სანამ მისი საინვესტიციო ღირებულება არ ამოიღეს. პარალელურად მოქმედებს მეორე გზაც, რომელიც უღელტეხილს გვერდს უვლის და ის უფასო იყო. ყველას გვახსოვს, რომ მოსახლეობის უმრავლეოსბა ფასიანი გვირაბით სარგებლობდა, რადგან კომფორტული იყო.

როდესაც მაგისტრალების მშენებლობაში მილიარდობით ლარს ვდებთ, რასაკვირველია, მისგან რაღაც უნდა მივიღოთ და თუ გზა გახდება ფასიანი, მათ შორის ტრაილერებისთვის და სატრანზიტო ავტომობილებისთვის, ეს, პირიქით, კარგია. თუ გვინდა გავნითარებული ინფრასტრუქტურა და უფრო ხარისხიანი გზები, ვიდრე არის დღეს, ამაში უნდა გადავიხადოთ ფული”, – აცხადებს გვიდიანი.

წინა სტატიარუსთაველის ქუჩაზე დეკორატიული ხეები შველას ითხოვენ (ფოტო)
შემდეგი სტატიადედამთილისთვის ფულის მოპარვის გამო დაკავებულ რძალს 3-წლიანი საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა [Video]
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური