ქიბარ ხალვაში რუსთავი2-ს ყიდის

0
679

ქიბარ ხალავაში რუსთავი 2-ს ყიდის, ამის შესახებ განცხადება ტელევიზიის წილის 100 % ის მფლობელმა დღეს გაავრცელა. გადავწყვიტე, გავყიდო „რუსთავი 2“ გამჭვირვალე კონკურსის წესით, წერს განცხადებაში ქიბარ ხალვაში. განცხადებას რუსთავი 2 უცვლელად გთავაზობთ.

თითქმის ერთი თვე გავიდა, რაც მრავალწლიანი სასამართლო დავების შედეგად დავიბრუნე სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი2“.

რა თქმა უნდა, თავიდანვე ვვარაუდობდი, რომ კომპანიის ყოფილი გენერალური დირექტორი, რომელსაც „რუსთავი2“ მხოლოდ პოლიტიკური ბრძოლის ინსტრუმენტად მიაჩნდა, კეთილსინდისიერად არ მართავდა კომპანიას. მოულოდენელი მხოლოდ ის აღმოჩნდა, რომ, როგორც უკვე ნაწილობრივ გაირკვა, ის, პრაქტიკულად, ძარცვავდა მას.

არაერთხელ მითქვამს, რომ სასამართლო დავის დაწყების მომენტიდან, „რუსთავი2“-ის ყოფილმა გენერალურმა დირექტორმა ყველა ხერხი გამოიყენა იმისათვის, რომ კომპანია დაეზარალებინა. ალბათ ყველას ახსოვს, რომ სწორედ ზარალის თავიდან აცილების მიზნით, 2015 წლის ნოემბერში ვითხოვდით კომპანიის დროებით მართვაში გადაცემას, თუმცა განვითარებული მოვლენებიც ალბათ ასევე ყველას გახსოვთ. სამწუხაროდ, დადგა ის შედეგი, რასაც ვვარაუდობდი.

დღეს არხის ყოფილი გენერალური დირექტორი უკვე ღიად იმუქრება, რომ მის მიერ 7 წლის განმავლობაში „ნალოლიავებ“ კომპანიას გაანადგურებს. არადა, ჩემთვის ცხადია, რომ დავის დაწყების პირველივე დღიდან, იგი სწორედ კომპანიის განადგურებით იყო დაკავებული და მუქარა, პრაქტიკულად, შესრულებული აქვს, – ჩემი სიტყვების გადამოწმება, ნებისმიერი დაინტერესებული ადამიანისათვის, ძალიან მარტივია.

დღეს შემიძლია სრული პასუხისმგებლობით განვაცხადო, რომ სამაუწყებლო კომპანია რუსთავი2, ნიკა გვარამიას რამდენიმეწლიანი ზრუნვისა და ლოლიავის შედეგად, კატასტროფისწინა მდგომარეობაში აღმოჩნდა. მისი კრედიტორული დავალიანება 70.000.000 ლარს უახლოვდება, საიდანაც მხოლოდ სახელმწიფო ბიუჯეტის მიმართ დავალიანება 27.000.000 ლარს შეადგენს. რუსთავი 2-ს პრაქტიკულად ყველას ვალი აქვს – წყლის მომწოდებელი კომპანიიდან დაწყებული, ეგზიტპოლების ჩამტარებელი ამერიკული კომპანიით დამთავრებული. ვალის დიდი ნაწილი დაგროვილია ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, სწორედ იმ პერიოდში, რაც დავა დავიწყე და ცხადია, რომ ყველაფერი მიზანმიმართულად ხდებოდა. აქვე ვიტყვი, რომ აბსურდულია საუბრები, თითქოს ჩვენს მიერ მოთხოვილმა ყადაღას შეეძლო კომპანია დაეზარალებინა. დღემდე ვერ ვნახე რომელიმე ექსპერტული დასაბუთება ან დასკვნა, რაც ამ ზარალს დაადასტურებდა.

ჩემთვის ცხადია და ნათელია ის სქემებიც, როგორ მუშაობდა კომპანია და სად და როგორ მიემართებოდა კომპანიის კუთვნილი თანხები, თუმცა ეს სხვა დავის საგანია და დარწმუნებული ვარ ამ დავაშიც გავიმარჯვებ.

მანამდე კი, კომპანიაა გადასარჩენი, რომელიც გაკოტრების პირას არის მიყვანილი. დღეს ყველა ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი არსებობის იმისათვის, რომ დაიწყოს კომპანიის გადახდისუუნარობის საქმის წარმოება. „რუსთავი2“-ის აქტივები, რომლითაც თურმე უსაფუძვლოდ გავმდიდრდი, იმ დავალიანების მესამედსაც კი არ შეადგენს, რაც გვარამიამ დაუტოვა კომპანიას.

სამწუხაროდ, ჩემი ფინანსური შესაძლებლობები კომპანიის ღრმა კრიზისიდან გამოსაყვანად არ არის საკმარისი. ამიტომ, მსურს ღიად და საჯაროდ განვაცხადო, რომ მზად ვარ ვისაუბრო ნებისმიერ დაინტერესებულ პირთან, ვინც იყიდის რუსთავი 2-ს, დაეხმარება მას გამოვიდეს კრიზისიდან და გახდეს წარმატებული კომპანია. შესაბამისად მე, დავიბრუნებ იმ ზარალს, რომელიც მომადგა კომპანიის მიზანმიმართული გაკოტრების მცდელობამ.

ერთადერთი, ვისათანაც არ ვაპირებ საუბარს, იქნება „რუსთავი2“-ის ყოფილი არაფორმალური მფლობელი და მმართველი მიხეილ სააკაშვილი.

გადავწყვიტე, გავყიდო „რუსთავი 2“ გამჭვირვალე კონკურსის წესით მასზე, ვინც ყველაზე მაღალ ფასს გადაიხდის. იმის გათვალისწინებით, რომ კომპანია მწვავე ფინანსური კრიზისის წინაშე დგას, კონკურსი უნდა დასრულდეს ერთი კვირის ვადაში.

იმავდროულად, პოლიტიკური თუ სხვა ხასიათის მანიპულაციების თავიდან ასაცილებლად, ვისაუბრებ მხოლოდ იმ პირებთან, ვინც წარმოადგენს საკუთარ განზრახულობათა სერიოზულობის დასტურს, რაც შეიძლება იყოს საბანკო გარანტია ან სპეციალურ საკონკურსო ანგარიშზე არანაკლებ 1.000.000 აშშ დოლარის თანხის განთავსება.

კონკურსში გამარჯვებულს, საგარანტიო თანხა ჩაეთვლება გადასახდელ ფასში, დამარცხებულს – ფული უკან დაუბრუნდება, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ გამარჯვებული დადგენილ ვადაში სრულად არ გადაიხდის კომპანიის საფასურს, საგარანტიო თანხას დაკარგავს.

ყველა პირი, ვისაც სურვილი ექნება გამოეხმაუროს ჩემს წინადადებას, ვალდებული იქნება საჯაროდ გამოხატოს საკუთარი პოზიცია, რის შემდეგაც მზად ვიქნები განვიხილო შემოთავაზებები და სრულად გავაცნო კომპანიის ფინანსური მდგომარეობა.

იმედი მაქვს, რომ „რუსთავი2“ კვლავ წარმატებული კომპანია გახდება! მანამდე კი ვაგრძელებთ მუშაობას, რათა დავძლიოთ მიმდინარე პრობლმები და გადავწყვიტოთ პირველი რიგის ამოცანები.

წინა სტატია12-15 აგვისტოს საქართველოში იქროლებს ძლიერი ქარი
შემდეგი სტატიაროგორ ემუქრებოდნენ მეგრელები ქარების მბრძანებელს თავზე ქალის ნიფხვის ჩამოცმით
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური