მთავარისიახლეებიმსოფლიოგაერო-ს უშიშროების საბჭოს დახურულ სხდომაზე საქართველოში არსებულ ვითარებაზე იმსჯელეს

გაერო-ს უშიშროების საბჭოს დახურულ სხდომაზე საქართველოში არსებულ ვითარებაზე იმსჯელეს

Published on

გაერო-ში უშიშროების საბჭოს დახურული სხდომა დასრულდა, სადაც პოლონეთის თავმჯდომარეობით გაიმართა საქართველოში არსებული ვითარების საკითხის განხილვა.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სხდომის დასრულების შემდგომ მედიასთან ერთობლივი განცხადებით წარდგნენ აშშ-ის, დიდი ბრიტანეთის, გერმანიის, ბელგიის, საფრანგეთის, პოლონეთისა და ესტონეთის (როგორც საბჭოს მომავალი წევრი) წარმომადგენლები.

მათივე ცნობით, ერთობლივ განცხადებაში აღინიშნა, რომ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომიდან და 12 აგვისტოს შეთანხმების დადებიდან 11 წელი გავიდა და ამ პერიოდის განმავლობაში კონფლიქტის მოგვარების მიმართულებით ხელშესახები პროგრესი არ არის. ხაზი გაესვა საქართველოს დამოუკიდებლობის, ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მტკიცე მხარდაჭერას.

„აღინიშნა, რომ რუსეთის მიერ საქართველოს რეგიონების ე.წ. აღიარება და კავშირები საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებთან ადასტურებს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის და საერთაშორისო წესრიგის უგულებელყოფას. მხარეების მიერ გამოიხატა ღრმა შეშფოთება საოკუპაციო ხაზზე ხელოვნური ბარიერების გავლების ინტენსიფიკაციის გამო. აღინიშნა, რომ ეს არ უწყობს ხელს კონფლიქტის მშვიდობიან მოგვარებას და რეგიონის უსაფრთხოებას“, – აღნიშნავენ საქართველოს საგარეო უწყებაში.

მათივე ცნობით, განცხადებაში მხარეებმა კიდევ ერთხელ მოუწოდეს რუსეთის ფედერაციას, რომ სრულად შეასრულოს 2008 წლის 12 აგვისტოს ნაკისრი ვალდებულებები, უზრუნველყოს შეიარაღებული ძალების გაყვანა და უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების დაშვება საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში. განცხადებაში კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი პარტნიორი ქვეყნების უპირობო მხარდაჭერას საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში ადამიანის უფლებების დაცვის, იძულებით გადაადგილებულ პირთა საკუთარ საცხოვრებელ ადგილზე უსაფრთხო, ღირსეული და დაბრუნებისადმი.

„აღინიშნა, რომ იძულებით გადაადგილებულ პირთა საკითხი ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების ერთ-ერთი მთავარი საკითხია და გამოითქვა წუხილი, ამ მიმართულებით პროგრესის არ არსებობის გამო. პარტნიორებმა მოუწოდეს საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში ეფექტური კონტროლის განმახორციელებელ ძალას, რომ მისცენ შესაბამის ჰუმანიტარულ და ადამიანის უფლებების ორგანიზაციებს რეგიონებში შესვლის შესაძლებლობა“, – აცხადებენ საგარეო უწყებაში.

მათივე ცნობით, განცხადებაში კიდევ ერთხელ დაადასტურეს მხარდაჭერა საქართველოში კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების მიმართ და მოუწოდეს მხარეებს ჟენევის დისკუსიებში უფრო მეტი ჩართულობისა და ძალისხმევების გაორმაგებისკენ.

სიახლეები

თოვლი, ნისლი, ქარბუქი – საქართველოში ამინდი უარესდება

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 17 იანვარს დასავლეთ საქართველოში, ხოლო 18 იანვრიდან 20 იანვრის დილამდე...

რადიკალური ფაშისტური დაჯგუფებების 16 წევრი დააკავეს, მათ შორის, 10 არასრულწლოვანია

რადიკალური ფაშისტური დაჯგუფების 16 წევრი დააკავეს, რომლებიც განსაკუთრებული სისასტიკით ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად ძალადობდნენ სხვადასხვა...

მსოფლიოში ყველაზე სახიფათო რამ უკრაინაში პუტინის ომია- უიკერი

ჩვენ სახიფათო პერიოდში ვცხოვრობთ. მთელ მსოფლიოში, ამ ნახევარსფეროში, ევროპაში, ინდო-წყნარ ოკეანეთში არაერთი დაძაბულობის კერაა,...

დავოსის ეკონომიკურ ფორუმზე ირაკლი კობახიძე წელსაც არ მიიწვიეს

"ქართული ოცნების" პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე დავოსის ეკონომიკურ ფორუმს არც წელს დაესწრება. ამის შესახებ ინფორმაციას BM.GE...