მთავარისიახლეებისაზოგადოებაპირველი “გლობალური ლიდერი” საქართველოდან

პირველი “გლობალური ლიდერი” საქართველოდან

Published on

ვერა ქობალია

საოკუპაციო ხაზთან სტანდარტულად მშრალი, ოფიციალური ტექსტის მოსმენა გაუჭირდა… როგორ მოხდა საქართველოს ტერიტორიის მიტაცება? როგორ შემოვიდა რუსული არმია როკის გვირაბიდან? ბრძოლა, 5-დღიანი ომი და შემდეგ შუაზე გაყოფილი ოჯახები, ეზოები, სოფლები… 2008 წლის რუსეთ–საქართველოს ომი და ოკუპაცია… სხვანაირად უნდოდა ეს ყველაფერი ეთქვა …

მოჰყვა კიდეც – ეს, ვერა ქობალიას ისტორიაა ოკუპაციაზე: პატარა ზღვისპირა ქალაქზე, ყველა ერთმანეთს რომ იცნობდა, ბაბუის აშენებულ სახლზე, საღამოობით ეზოში მთელი ოჯახისთვის გაშლილ სუფრაზე, ეზოს მანდარინებით სავსე ჩანთაზე, სკოლაში რომ მიჰქონდა, მუსიკალური სკოლის ღია ფანჯრებიდან პაინინოს და ვიოლინოს ხმებზე, ქალაქზე, ზაფხულში დამსვენებლებით რომ ივსებოდა და სეზონის ბოლოს, სანაპიროზე მხოლოდ სოხუმელები რომ იკრიბებოდნენ ყავის დასალევად… და ეს ყველაფერი ერთ მშვენიერ დღეს დასრულდა… ყველანი გამოყარეს საკუთარი სახლებიდან, ვისაც პასპორტში ქართველი ეწერა… ასე დაიწყო ოკუპაცია… მაშინაც რუსეთი იყო თავი–და–თავი.

ოკუპაციის შემდეგ სოხუმში, მიმინოშვილის 12-ში, იმ სახლში ახლა სხვები ცხოვრობენ. რამდენიმე წლის წინ სოხუმზე გადაღებული ფილმი ნახა, მისი ეზო და სახლი ჩანდა, უცხო ბავშვები თამაშობდნენ ეზოში, უცხო ხალხი შედიოდა მის სახლში. სახლი ქაღალდზე ოფიციალურად დღესაც მისია…ის კი დევნილია. ჰყვებოდა, საკუთარი ოკუპაციის ისტორიას და უცებ შეამჩნია, რომ დელეგაციის ერთ–ერთი წევრი – ფინეთის პარლამენტის დეპუტატი მის ემოციას აჰყვა. ზუსტად ეს უნდოდა – სტუმრებს ეგრძნოთ, რას ნიშნავს, როცა სახლში მავთულხლართებს გაგიბავენ, აქეთ – იქეთ რჩება ერთი სოფლის მოსახლეობა, ან სახლი იქით და მიწა აქეთ… ვერამ იმ დღეს თავისი მთავარი სათქმელი თქვა.

როცა თბილისში მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ახალგაზრდა გლობალური ლიდერების ჩამოყვანა გადაწყდა და პროგრამის შედგენა დაიწყეს, ვერამ, როგორც ერთ–ერთმა პირველმა ახალგაზრდა გლობალურმა ლიდერმა საქართველოდან და მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფინანსური განვითარების საბჭოს წევრმა ჩათვალა, რომ აუცილებელი იყო დისკუსიების, მსჯელობის, საქართველოს გაცნობის, კულტურული ღონისძიებების წინ ის მთავარი პრობლემა გაეცნო, რაც მისი ქვეყნის განვითარებას ხელს უშლის, რასაც შეგნებულმა და დემოკრატიულმა სამყარომ ოკუპაცია დაარქვა. რაც მას წლების წინ შეეხო, წლების შემდეგ კი მისი ხელისუფლებაში ყოფნის დროს, ეს ისევ განმეორდა. ამ სიტყვამ ახლა უკვე მათემატიკური გამოხატულება მიიღო, ოკუპირებული 20 პროცენტი.

ოკუპაციამ ვერა შორს წაიყვანა, როგორც საქართველოში იტყვიან „ცხრა მთას იქით.“ დევნილობის პირველი წლები რუსეთში გაატარა. იქ კი „კეთილისმსურველმა“ მეზობელმა დაასმინა და ოჯახს შეიარაღებული სამართალდამცველები დააყენა თავზე; მალევე გაირკვა მეზობლის „კეთილი სურვილები“, მაგრამ ქობალიები მიხვდნენ, რომ რუსეთში ცხოვრება უსაფრთხო არ იყო და მალევე გადაწყვიტეს წასვლა, მაგრამ სად? არჩევანი ავსტრალიასა და კანადას შორის უნდა გაეკეთებინათ. კანადა გადაწყდა. თან ის კრიტერიუმებიც დააკამაყოფილეს, რასაც კანადის საიმიგრაციო პოლიტიკა ითხოვდა. იქ, კი ახალი გამოწვევები დახვდათ უფრო მშობლებს, ვიდრე გოგონებს. დედამ თავიდან დაიწყო სწავლა, მამამ მალევე დაანება თავი მათემატიკოსობას და პურის ბიზნესში თავის ნიშას მიაგნო. ახალი პროფესია და წარმატებული ბიზნესი დაიწყო– ახალი პროდუქცია შეიტანა ბაზარზე, მათ შორის ქართული პურიც. თავიდან კრედიტის აღებაც გაჭირდა, მაინც შეძლო და გამოუვიდა კიდეც. მისი პროდუქცია მოთხოვნადია კანადასა და აშშ–ში. ვერას, კი ამის გამო, საქართველოში დაბრუნებულს, პურის პრინცესა დაარქვეს. ახლა ეცინება, რატომ იყო ნულიდან დაწყებული წარმატება დასაცინი, სხვა თემებზეც ეცინება, რამდენ უცნაურ რამეს ისმენდა საკუთარ თავზე.

დავუბრუნდეთ ისევ კანადას, რომელმაც მას ახალი შესაძლებლობები მისცა, სრულიად სხვა ცხოვრების სტილი, სწავლა, მუშაობა მაკდონალდსში, სტარბაქსში, ქოლცენტრში, ექიმის თანაშემწედ…. მერე კი სტუდენტობა ტექნიკურ უნივერსიტეტში, სადაც, თავდაპირველად, პროგრამირება აირჩია, შედეგ კი ბიზნესადმინისტრირება დაამთავრა. ზაფხულობით კი იყო საქართველო, ბებია – ბაბუა..

2000 წელს პირველი სამუშაო ვიზიტით საქართველოში ჩამოვიდა, კანადურ პროექტს ჩამოჰყვა; კლინიკები უზრუნველყვეს კომპიუტერებით, ახალი პროგრამის დანერგვა დაიწყეს, ინფორმაციის ელექტრონული გაცვლა კლინიკებს შორის–დედაქალაქსა და რაიონებს შორის. ერთი წლის შემდეგ, მონიტორინგზე ჩამოსულებს, არც ერთი კომპიუტერი ადგილზე არ დახვდათ. დირექტორებს, მოპარვის შიშით, სახლებში ჰქონდათ წაღებული. იყო ასეთი დროც…

ამ პროექტს დიასპორასთან მუშაობა მოჰყვა, არასამთავრობო ორგანიზაცია და ბოლოს, 28 წლის, ეკომონიკისა მდგარადი განვითარების მინისტრი გახდა. ესეც ერთი დიდი ეტაპი იყო მის ცხოვრებაში და ყველაზე დიდი გამოცდილება. ეკონომიკურ გუნდში, ძირითადად, ბიზნესიდან მოსული ადამიანები იყვნენ სრულიად სხვა ტემპით, რიტმით, ხედვით. პრობლემების მალე გადაწყვეტამ და ტემპმა შედეგიც მალევე დადო: მესტიის აეროპორტი, ქუთაისის აეროპორტი, ანაკლიის პროექტის დაწყება… და კიდევ ბევრი რამ, რაც მის პერიოდს უკავშირდება, რაზეც ყოველთვის ამბობს, რომ ეს იყო მთლიანი გუნდის მუშაობის შედეგი, და არა, ერთი რომელიმე მინისტრის ან მენეჯერის… აქ ყველაზე მთავარი – პოლიტიკური ნება იყო ცვლილების და საქმის კეთების.

ხელისუფლებაში ყოფნის ბოლო წელს ვერა ქობალიას სახელმა, მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე, ახალგაზრდა გლობალურ ლიდერთა შორის გაიჟღერა და ის იყო პირველი„გლობალ ლიდერი“ საქართველოდან. დღევანდელი გადასახედიდან, ვერა, ამ სტატუსის ზუსტი ტრენდია, თავისი „გლობალ“ საქმიანობით. შეიძლება ითქვას, რომ ის ერთდროულად რამდენიმე კონტინეტზეა. ცოტა ხნის წინ, ყაზახეთში, ყოფილი კოლეგის მიწვევით, “7 მილიონიანი ექსპო 2017-ზე” მუშაობა დაასრულა. ახლა ავსტრალიის ხელისუფლების მიწვევით ინდონეზიაში მუშაობს, ორ ქვეყანას შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულებაზე, ამ სამუშაომ შედეგიც დადო. ბიზნესის კეთების კუთხით, ინდონეზიამ 109-ე ადგილიდან 75-ზე გადაინაცვლა. მუშაობს კანადაშიც, მშობლიურ ქალაქში და თანამშრომლობს ბრიტანულ საბჭოსთან…

როცა ვკითხე, მრჩევლის მთავარი რჩევა რა არის–მეთქი, დაფიქრება არ დასჭირვებია: მთავარია, არჩევნების შემდეგ, მალევე ჩაატარო მძიმე, აუცილებელი და გადაუდებელი რეფორმები, როცა ნდობის დიდი მანდატი გაქვს, როცა მოსახლეობის დიდი ნაწილი შენი მხარდამჭერია.

ვერამ ცხოვრებისთვის, ამ ეტაპზე, ის ქვეყანა აირჩია საცხოვრებლად, სადაც, როგორც ამბობენ, „ზეთავაზიანი“ კანადელები ცხოვრობენ, მანაც ისეთივე არჩევანი გააკეთა, როგორც ერთ დროს დედამ და მამამ მათთვის – მშვიდი და უსაფრთხო და პერპექტივების ქვეყანა აირჩიეს. ასე გადაწყვიტა მანაც თავისი 6 წლის ლილუსთვის. რა იქნება ხვალ ან რამდენიმე წლის შემდეგ ჯერ არ იცის…მაგრამ ისევ ძველებურად ნატრობს იმ პატარა ქალაქში ცხოვრებას, სადაც მისი ახლობლები ცხოვრობდნენ, სადაც ცხელი დღის შემდეგ, საღამოობით ზღვიდან თბილი ქარი უბერავდა… ვინ იცის, ყველაფერი წინ არის…

ავტორი: მანანა მანჯგალაძე

სიახლეები

ოკუპანტებმა ქვემო ნიქოზის მიმდებარე ტერიტორიიდან საქართველოს 2 მოქალაქე გაიტაცეს

რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ნიქოზის მიმდებარედ უკანონოდ დააკავეს საქართველოს ორი...

“ოცნებამ” ივანიშვილის პრეზიდენტის ინაუგურაციაზე ელჩები არ დაპატიჟა

შალვა პაპუაშვილი ადასტურებს, რომ ბიძინა ივანიშვილის მიერ დანიშნული პრეზიდენტის მიხეილ ყაველაშვილის ინაუგურაციაზე ელჩები დაპატიჟებულები...

ხელჩართული ჩხუბი პროფკავშირებში – ნაცემია სამი ადამიანი

ხელჩართული ჩხუბი პროფკავშირებში - ნაცემია სამი ადამიანი. ერთ-ერთ მათგანს კბილები აქვს ჩამტვრეული, მეორეს დაზიანება...

“ვგმობ მშვიდობიანი პროტესტის ძალადობრივი ფორმით დარბევას” – ადიგენის საკრებულოს აპარატის უფროსი

მორიგი საპროტესტო განცხადება საჯარო სექტორიდან. ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის უფროსი მიხეილ ბუცხრიკიძე 28 ნოემბერს...