რუსი დეპუტატი, ალექსეი პუშკოვი აცხადებს, რომ ნინო ქათამაძეს “რუსოფობიური განცხადებების” გამო რუსეთში შესვლა უნდა აეკრძალოს. ამის შესახებ “რია” წერს.
“ჩემი აზრით, ქათამაძის განცხადება, რომელიც ამტკიცებს, რომ რუსეთი სძულს, მაგრამ ქვეყანაში მაინც მოდის კონცერტების გასამართად და ფულის შესაგროვებლად, ამორალური და ცინიკურია,”- თქვა პუშკოვმა ფედერალური საბჭოს სხდომაზე.
მან აღნიშნა, რომ რუსეთმა ერთ დროს ქვეყანაში შესვლაზე შეზღუდვა დააწესა პოლიტიკოსებისა და საზოგადო მოღვაწეებისთვის, რომლებიც “უცხო ქვეყნებიდან, მათ შორის უკრაინიდან, აკეთებენ ანტი-რუსულ და რუსოფობიურ განცხადებებს.”
“ამ მხრივ, გთავაზობთ, რომ ქათამაძეს ქვეყანაში შემოსვლაზე აკრძალვა დავუწესოთ. იგივე გავაკეთოთ პირებზე, მათი სოციალური სტატუსის მიუხედავად, რომლებიც გააკეთებენ რუსოფობიურ განცხადებას,”-ამბობს პუშკოვი.
ნინო ქათამაძე რუსეთში აღარ იმღერებს. მისი თქმით, ამ გადაწყვეტილებაზე ფიქრი 2008 წლის ომის შემდეგ დაიწყო. მომღერალმა მოსკოვში ბოლო კონცერტი 22 ივნისს გამართა, კონცერტს საქველმოქმედო ხასიათი ჰქონდა. 30 ივნისს მომღერალმა სოციალურ ქსელში მიმართვა გამოაქვეყნა, რუსეთს ოკუპანტი უწოდა, ვლადიმერ პუტინს კი საქართველოსა და, შესაბამისად, საკუთარი მტერი.