პარლამენტში მიმდინარე საკომიტეტო სხდომის პარალელურად, სადაც ნიკა მელიასთვის საპარლამენტო იმუნიტეტის მოხსნის საკითხი განიხილება, გარეთ საპროტესტო აქცია მიმდინარეობს, შესაბამისად აქ სამართალდამცავების უპრეცენდენტო რაოდენობაა მობილიზებული. საკანონმდებლო ორგანოსთან შეკრებილები არიან მოქალაქეები, რომლებიც ნიკა მელიას მხარდაჭერას უცხადებენ და ნიკა მელიასთვის იმუნიტეტის მოხსნის შემთხვევაში მასშტაბურ საპროტესტო აქციას აანონსებენ.
ადგილზე არიან პოლიტიკოსებიც. მათი განცხადებით, სახეზეა რუსული სცენარი და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი გამოკვეთილი ლიდერის დაჭერით ივანიშვილი პუტინის დაკვეთას ასრულებს.
„ყველას მოვუწოდებ, ნახეთ ხალხო, პუტინის განცხადება, ნახეთ კარასინის განცხადება, ნახეთ რუსების განცხადება, რას ამბობდნენ, რომ უნდა დაისაჯონ ოპოზიციონერი აქტივისტები და დიახ, ამას უსრულებს ივანიშვილი, თვალები დათხარა რიგით მოქალაქეებს, დაიჭირა ასობით აქტივისტი და დღეს აკავებს მთავარ ოპოზიციონერ ლიდერს და რის გამო აკეთებს ამას? საკუთარი უსაფრთხოების გამო, რუსეთის საამებლად და ჰგონია, რომ ამით ყველაფერი დამთავრდება. არაფერი არ დამთავრდება ამით, ამით დაიწყება ყველაფერი!,“- განაცხადა ენმ-ს წევრმა ლევან ხაბეიშვილმა.
ამავე აზრს იზიარებს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს წევრი ნინო კვიტაიშვილი. კვიტაიშვილი ნიკა მელიას წინააღმდეგ მტკიცებულებების არ არსებობაზე საუბრობს.
„შეუძლებელია რომ პროკურატურას გააჩნდა მტკიცებულებები, რომლებიც მას საფუძველს მისცემს, რომ სისხლის სამართლის საქმე აღძრას ნიკა მელიას წინააღმდეგ. ეს არის ჩვეულებრივი რუსული სცენარი და ჩვენ უკვე ვხედავთ, რომ ამ რუსული სცენარი, კარასინის და პუტინის სცენარების მიხედვით წარმართავს პროცესებს ხელისუფლება, რა თქმა უნდა, ბიძინა ივანიშვილია ამ ყველაფრის თავში და გახარია მისი ხელის ბიჭი შემსრულებელი,“- განაცხადა კვიტაიშვილმა.
„ეროვნულ დემოკრატიული„ პარტიის თავმჯდომარე ბაჩუკი ქარდავას შეფასებით, ხელისუფლება მელიას და ოპოზიციის სხვა წარმომადგენლების განეიტრალებას ცდილობს. მისი განცხადებით, ივანიშვილის ნიკა მელიას შიში აქვს, როგორც გამოკვეთილი და აქტიური ოპოზიციური ლიდერის.
„ქვეყანაში დამყარდა რეჟიმი, დიქტატურა, უბრალოდ ამას აქვს კარიკატურული ფორმა, იმიტომ, რომ იმდენად ძლიერია თავისუფალი საზოგადოება ამ ქვეყანაში, რომ ეს კარიკატურული დიქტატურა დიდხანს უბრალოდ ვერ გაძლებს. დაიწყებენ ნიკა მელიათი. ნიკა მელია არ არის ერთ-ერთი პარტიის ლიდერი მხოლოდ. ის ფაქტობრივად, ჩამოყალიბდა როგორც კონსოლიდირებული ოპოზიციის გამოკვეთილი და აქტიური ლიდერი და ამ ლიდერის ეშინია ბიძინა ივანიშვილს, გადაწყვიტა მისი განეიტრალება. დღეს ნიკას გაანეიტრალებენ, ხვალ სხვებს გაანეიტრალებენ და ჰგონიათ ამით ყველაფერი მორჩება, მაგრამ ეს ყველაფერი ამით არ მორჩება. მორჩება ივანიშვილის რეჟიმის დასასრულით,“- განაცხადა ქარდავამ.