საქართველოს შეიარაღებული ძალების მეთაურმა, გენერალური შტაბის ხელმძღვანელმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ 90-იან წლებში აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონში არსებული კონფლიქტები "შიდა სამოქალაქო ომად" მოიხსენია.
ესგანცხადება მან საქართველოს თავდაცვის ძალების დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე გააკეთა.
„28 წლის განმავლობაში ჩვენმა ქვეყანამ ოთხი ომი გამოიარა, 3 სამოქალაქო და ერთი ფართო აგრესია რუსეთის სახელმწიფოს მხრიდან. ბევრი ევროპული ქვეყანა ჩამოიშლებოდა თავის სამხედრო ძალებთან ერთად, მაგრამ საქართველო დღეს დგას ფეხზე, მისი სამხედრო ძალები ვითარდება,“-განაცხადა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ
ოპოზიციის წევრები ჩაჩიბაიასგან დაუყოვნებლივ განმარტებას ითხოვენ.
რუსული ნარატივი და რუსული გზავნილები – ასე შეაფასეს მათ შეიარაღებული ძალების გენშტაბის უფროსის სკანდალური განცხადება, რომელმაც რუსული აგრესიის ათვლა 2008 წლიდან დაიწყო.
ხელისუფლების ოპონენტების აზრით, ვლადიმერ ჩაჩიბაიამ ამ განცხადებით რუსული დავალება შეასრულა. ოპოზიციის შეფასებით, მას ეს სიტყვები არ წამოსცდენია და ეს შეგნებულად გააჟღერა. მათი თქმით, ჩაჩიბაიას განცხადება ქვეყნისთვის დამაზიანებელია.
„ეს არ იყო წამოცდენა, ეს იყო განგებ გაკეთებული განცხადება. რუსეთის ფედერაცია რას ცდილობს ან პუტინის რუსეთი უკანასკნელი წლების განმავლობაში, რომ თქვას, ეს იყო ძმებს შორის ომი და არ ყოფილა რუსეთ-საქართველოს ომი. ამ დროს გამოდის ადამიანი, თავდაცვის ძალების მეთაური და ამბობს იმას, რასაც ამბობს პუტინი ერთი-ერთში. მეორე კითხვა, რაც მინდა, დავუსვა თავდაცვის მინისტრსაც და ამ ბატონსაც, ჩაჩიბაიასაც, მისი ამ ლოგიკით, რა გამოდის, ვეტერანთა კავშირი, რომელიც 90-იან წლებში დაარსდა, იმ ვეტერანთა კავშირში გაწევრიანებული ათასობით ვეტერანი, რომელი ომის ვეტერანები გახლავთ, სამოქალაქო ომის ვეტერანები?“ – განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ.
„ეს განცხადება არის დამაზიანებელი ჩვენი სახელმწიფოსთვის, იმიტომ, რომ რუსეთის აგრესია, რუსეთის პასუხისმგებლობა ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის შერყევის, რაც მოხდა 90-იან წლებში, რაც განმეორდა 2008 წელს, რაც მოხდა უკრაინაში, ამის დაყვანა შიდა კონფლიქტამდე არის რუსული ნარატივი, რუსეთი ამბობს ამას, რომ იქ შიდა კონფლიქტები იყო და ისინი პასუხისმგებლები არ არიან, გარდა იმისა, რომ ძალიან სწრაფად გენშტაბის უფროსმა ამაზე განმარტება უნდა გააკეთოს, ეს ყველაფერი დამაფიქრებელია, რა ტიპის პოლიტიკურ კლიმატში ვცხოვრობთ, როდესაც პასუხისმგებელი პირები სახელმწიფოზე ქვეყნისთვის საზიანო განცხადებებს აკეთებენ,“ – განაცხადა „ევროპული საქართველოს“ წევრმა, ელენე ხოშტარიამ
..