ეს არ არის რიგითი სკანდალი. თუ პოსტის გაზიარება ზურაბიშვილის მიზანმიმართული ქმედება არ არის, ეს ნიშნავს, რომ ადმინისტრაციის არაკომპეტენტურობა დასაშვებ ზღვარს სცდება.

0
436
სალომე ზურაბიშვილი ხმაურიან სკანდალში ეხვევა. საქართველოს პრეზიდენტმა ტვიტერის საკუთარ გვერდზე, დონალდ ტრამპის განცხადება გააზიარა, სადაც იგი შეერთებული შტატების ყოფილ ვიცე-პრეზიდენტს ჯო ბაიდენს "მძინარას" უწოდებს.
 
საქართველოს ადმინისტრაციაში ამტკიცებენ, რომ პოსტი სალომე ზურაბიშვილს არ გაუზიარებია. ტექნიკური შეცდომა სოციალური მედიის მართვის მენეჯერმა დაუშვა, რომელიც მალევე გამოასწორეს. პრეზიდენტის გვერდზე დონალდ ტრამპის პოსტი დაახლოებით ერთი საათი იდო, ის ამჟამად წაშლილია.
 
ეს არ არის რიგითი სკანდალი – აცხადებენ ანალიტიკოსები და  მოითხოვენ,მოხდეს შესწავლა, ვინ და რატომ გააზიარა აშშ-ს პრეზიდენტის „ტვიტერზე“ გამოქვეყნებული განცხადება.
 
ისინი პრეზიდენტის ადმინისტრაციის არაკომპეტენტურობაზე საუბრობენ და მომხდარზე დროულ რეაგირებას ითხოვენ. ანალიტიკოსები არც პრეზიდენტის მხრიდან მიზანმიმართულ ქმედებას გამორიცხავენ.
„ეს არის სპეციალური გამოკვლევის საგანი. ეს არ არის რიგითი სკანდალი, რომელიც შეიძლება პრეზიდენტის, ბარდაგად ქცეული ადმინისტრაციის განმარტებებით შემოიფარგლოს. ამას სჭირდება სასწრაფო რეაგირება არა მარტო საზოგადოების, არამედ პარლამენტის მხრიდან და მთავრობის მხრიდან. საქართველოს ხელისუფლების ადგილზე მე დავფიქრდებოდი, სალომე ზურაბიშვილი შეგნებულად ხომ არ ქმნის ნიადაგს, საქართველოს ხელისუფლების გადატრიალებისთვის,“-განაცხადა ხათუნა ლაგაზიძემ.
 
ექსპერტი გია ნოდია ამბობს, რომ თუ შეცდომა მართლაც პრეზიდენტის ადმინისტრაციის ბრალია და პოსტის გაზიარება  ზურაბიშვილის მიზანმიმართული ქმედება არ არის, ეს ნიშნავს, რომ ადმინისტრაციის არაკომპეტენტურობა დასაშვებ ზღვარს სცდება.
„ონლაინ ინციდენტის კარგი ახსნა პრეზიდენტისთვის არ არსებობს. თუ ვიღაცას შეუძლია პრეზიდენტის სახელით ასეთი ცნობა გააზიაროს, ესე იგი ძალიან ცუდად არის საქმე პრეზიდენტის ადმინისტრაციაში. ეს არის არაკომპეტენტურობის ის შემთხვევა, რომელიც დასაშვებ ზღვარს სცდება,“-ამბობს ანალიტიკოსი გია ნოდია.
სალომე ზუაბიშვილს მწვავედ აკრიტიკებს ოპოზიცია. 
 
,,ეს ადამიანი აკნინებს პრაქტიკულად ყველა ინსტიტუტს, არა მხოლოდ პრეზიდენტის ინსტიტუტს და რეალურად დამაზიანებელია ძალიან ბევრი მიმართულებით. ქალბატონ სალომეს ჰგონია, რომ ამ ქვეყანაში ადამიანები ვერ აზროვნებენ ან არ აზროვნებენ. ძალიან კარგად ვიცით ტვიტერი როგორ მუშაობს, როგორ ხდება გაზიარება ინფორმაციის. ყველა გადასარევად ხვდება რასთან გვაქვს  საქმე, საქმე გვაქვს უღირს პრეზიდენტთან,“-აცხადებს ენმ-ს წევრი ხატია დეკანოიძე.
 
ხელისუფლების ოპონენტები სალომე ზურაბიშვილს ახსენებენ, რომ იგი ქვეყნის მთავარსარდალია და მისი ყოველი ნაბიჯი საქართველოს პოზიციას გამოხატავს.
 
სალომე ზურაბიშვილს ავიწყდება, რომ ფორმალურად იგი მაინც არის პრეზიდენტი და მისი ანგარიშები სოციალურ მედიაში, არის საქართველოს სახელმწიფოს პოზიციის გამომხატველი ფორმალურად მაინც და როდესაც იგი ასეთ პოლიტიკურ თავდასხმებს ერთი მხარის, ოფიციალურ გვერდზე აზიარებს, ნუ როგორც მინიმუმ ის პრეზიდენტის ინსტიტუტს, ასევე ქვეყანას, რბილად რომ ვთქვათ, უხერხულ მდგომარეობაში აყენებს,“-აცხადებს „ევროპული საქართველოს“ წევრი, გიორგი კანდელაკი.
 
მომხდართან დაკავშირებით განმარტებებისგან თავს იკავებენ საპარლამენტო უმრავლესობაში.
 
„არ ვიცი რა პოსტზეა საერთოდ საუბარი და არ მგონია, რომ რამდენი პოსტი დაიდება „ფეისბუქში“, კომენტარები უნდა გავაკეთო,“-აცხადებს პარლამენტის ვიცე-სპიკერი თამარ ჩუგოშვილი.
წინა სტატიალილიან მორი პასკიე ქართველ კანონმდებლებს სიტყვით მიმართავს
შემდეგი სტატიასაქართველოში მამაკაცების სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა 69 წელს, ხოლო ქალების – 78 წელს შეადგენს
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური