ჩემი ტონი თუ არ მოგწონთ, მიხარია, მაგრამ არის ქვეყნის ინტერესები, სადაც თქვენ კონსოლიდაციის უნარი არ გქონდათ არც აქამდე, როცა ხელისუფლებაში იყავით და არც დღეს გაქვთ, – ასე უპასუხა თავდაცვის და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილმა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრ სალომე სამადაშვილს, რომელმაც კომიტეტის თავმჯდომარეს ოპოზიციისადმი ტონი დაუწუნა.
ირაკლი სესიაშვილი მიიჩნევს, რომ კომიტეტის სხდომა, სადაც სუს-ის წარმომადგენლებს დეპუტატებმა კითხვები უნდა დაუსვან, დახურულ რეჟიმში უნდა გაგრძელდეს, თუმცა ამ მოსაზრებას ოპოზიცია არ ეთანხმება.
„დიახ, ჩვენ შორის დიდი განსხვავებაა. თქვენი, რიგ შემთხვევაში პროვოკაციული განცხადებები უკვე სახეზეა და ჩემი ტონი თუ არ მოგწონთ, მე ეს მიხარია, მაგრამ არის საერთო ქვეყნის ინტერესები, სადაც თქვენ კონსოლიდაციის უნარი არ გქონდათ აქამდე, როცა ხელისუფლებაში იყავით და არც დღეს გაქვთ. დიახ, ჩვენ უნდა გავაგრძელოთ მუშაობა, მათ შორის, თქვენთან ერთად იმისთვის, რომ ის საფრთხეები, შეიძლება კომპლექსური გამოწვევებიც, რომელიც არის ქვეყნის წინაშე და რომლის გარკვეული გამოვლინებებიც მათ შორის გუშინ იყო, ამაზე ვიმსჯელოთ“,- განაცხადა სესიაშვილმა.
ოპოზიციასთან საუბრისას ტონი შეარჩიეთ, აქ გასართობად არ ვართ შეკრებილი, – ასე მიმართა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა სალომე სამადაშვილმა თავდაცვის და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილს პარლამენტის სამი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე, სადაც სუს-ის ანგარიშს მოუსმინეს და სხდომის დახურვაზე მსჯელობენ.
სალომე სამადაშვილმა სესიაშვილს მიმართა, რომ კომიტეტების სხდომა ღია უნდა იყოს, რადგან მას აქვს კითხვები, რომელიც მნიშვნელოვანია როგორც მედიამ, ასევე საზოგადოებამ მოისმინოს.
„ბატონო ირაკლი, ჩემთვის ძალიან უცნაურია ის ტონი, რომლითაც დაიწყეთ დღევანდელი სხდომა. გუშინ ჩვენმა საზოგადოებამ ძალიან სერიოზული კრიზისი იხილა, დღეს ჩვენ აქ გასართობად არ ვართ შეკრებილი და ოპოზიციასთან საუბრისას ტონი შეარჩიეთ და ჩვენ თუ გვაქვს რაიმე მოსაზრებები, რომ ამ სხდომის ნაწილი საჯარო უნდა იყოს, ალბათ, გვაქვს მოტივაციაც ამისთვის და არ არის საჭირო კოლეგებთან ასეთი ტონით საუბარი. ჩემთვის და ვფიქრობ, საზოგადოებისთვისაც საინტერესოა საჯაროდ მოვისმინოთ პასუხი ისეთ შეკითხვაზე, მაგალითად, როგორიც მე მაქვს ბატონ წარმომადგენელთან. ეხმარება თუ არა ჩვენი ქვეყნის ინტერესებს ის პიარკამპანია, რაც დღეს წარმოებს პანკისის მოსახლეობის წინააღმდეგ, როდესაც მათ აკავშირებენ ისლამურ – ფუნდამენტალისტურ მოძრაობასთან თქვენი ხელისუფლების სხვადასხვა პროპაგანდისტული საშუალებები. მნიშვნელოვანია ამაზე პასუხი მოისმინოს მედიის წარმომადგენლებმაც, რომლებიც სამწუხაროდ, ამ სამარცხვინო კამპანიას აწარმოებენ დღეს, როდესაც უსერიოზულესი გამოწვევის წინაშე დგას სახელმწიფო“, – განაცხადა სამადაშვილმა