ვინ ამოაბრუნა თბილისში ავტომანქანები?

0
496
ხოლოდ 2018 წელს ავტოსაგზაო შემთხვევებს 459 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, ხოლო ბოლო 10 წელიწადში ავტოსატრანსპორტო შემთხვევების შედეგად საქართველოში 6 608 ადამიანი გარდაიცვალა და 85 946 ადამიანმა ჯანმრთელობის დაზიანება მიიღო, – ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
 
შინაგან საქმეთა სამინისტრომ საგზაო უსაფრთხოების კუთხით არსებული სიტუაციის ანალიზი, 2019 წლის ბოლომდე განსახორციელებელი სამოქმედო გეგმა და სოციალური კამპანია „მეტი სიცოცხლისთვის“ წარადგინა.
 
როგორც პრეზენტაციაძე ითქვა,  შინაგან საქმეთა სამინისტრომ ამ გამოწვევასთან საბრძოლველად 2018 წელს ეროვნული ვიდეო-სამეთვალყურეო სისტემის სრული განახლება დაიწყო. თუ 2017 წლის ბოლოს ქვეყნის მასშტაბით 170 კამერა ფუნქციონირებდა, უკვე დღეს 2600-ზე მეტი კამერა მუშაობს, რომელიც საგზაო მოძრაობის დარღვევის ფაქტებს აფიქსირებს. გარდა ამისა, სამინისტრომ დაიწყო ავტოსაგზაო შემთხვევების აღრიცხვიანობის სრული მოდერნიზაცია და განახორციელა საკანონმდებლო ინიციატივები, მათ შორის ნარკოტიკული ზემოქმედების ქვეშ ავტომობილის მართვის კრიმინალიზაცია. ასევე, უწყების მიერ, ყველა პატრულ -ინსპექტორი სრულად აღიჭურვა სამხრე ვიდეოკამერებით, რომელიც მძღოლებისა და საპატრულო პოლიციის კომუნიკაციის პროცესს სრულად აფიქსირებს.
 
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ განხორციელებულ აღნიშნულ ღონისძიებებს მოჰყვა გარკვეული პოზიტიური შედეგები და 2018 წელს საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევებში გარდაცვლილ პირთა რაოდენობა 11%-ით შემცირდა. ასევე, შემცირდა სიჩქარის გადაჭარბების შემთხვევების პროცენტული მაჩვენებელიც.
 
როგორც პრეზენტაციაზე აღინიშნა, შინაგან საქმეთა სამინისტრო საგზაო უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად ინტენსიურ აქტივობებს მომავალშიც გეგმავს. უწყების მიერ 2019 წლის ბოლომდე, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ამოქმედებული იქნება 5 000-მდე ვიდეოკამერა, მათ შორის 2 100 ე.წ. ჭკვიანი ვიდეოკამერა, ხოლო სექციური სიჩქარის მზომი მოწყობილობებით გადაფარული იქნება საავტომობილო გზის 700 კმ.-მდე მონაკვეთი.
 
წლის ბოლომდე ასევე გაიზრდება ფარული პატრულირების განმახორციელებელი ეკიპაჟების რაოდენობა, რომლებიც საქართველოს ძირითად ქალაქებში იმოძრავებენ და საგზაო მოძრაობის წესების დამრღვევ მძღოლებს შესაბამის სანქციას დააკისრებენ.
 
შსს-ს ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტრო ინოვაციურ, ავტომობილის ნომრის ამომცნობ მობილურ სისტემებს ნერგავს, რაც საშუალებას მისცემს საპატრულო პოლიციის ეკიპაჟს, ადგილზე გამოავლინოს სხვადასხვა კატეგორიის რისკის მქონე მძღოლები და პრევენციული ხასიათის მატარებელი საპოლიციო ქმედების ფარგლებში გადაამოწმოს ისინი.
 
გარდა ამისა, სწორედ აღნიშნული 2019 წლის სამოქმედო გეგმის ფარგლებში, განხორციელდება საგზაო უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად საჭირო საკანონმდებლო ცვლილებები ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში, რომელიც რიგ შემთხვევებში სანქციების გამკაცრებას გულისხმობს.
 
როგორც შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ აღნიშნა, საგზაო უსაფრთხოების უზრუნველყოფის პროცესში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საზოგადოების ჩართულობა და ცნობიერების ამაღლება.
 
სოციალური კამპანია „მეტი სიცოცხლისთვის“, რომელიც რამდენიმე დღის წინ დაიწყო. კამპანიის ფარგლებში, თბილისსა და რეგიონებში დამტვრეული ავტომობილების დროებითი ინსტალაციები დამონტაჟდა, გამოჩნდა ბანერები და დამზადდა შესაბამისი ვიდეო-რგოლები. ასევე, შეიქმნა ვებ-გვერდი formore.life და ფეისბუქ-გვერდი, სადაც კამპანიის ფარგლებში დაგეგმილი ყველა სიახლე განთავსდება. სოციალური კამპანიის მიზანია, რომ თითოეული მოქალაქე კიდევ ერთხელ დაფიქრდეს, თუ რა ტრაგიკული შედეგები მოჰყვება საგზაო მოძრაობის წესების დარღვევას.
წინა სტატიამალხაზ მაჩალიკაშვილი მოულოდნელად შეუძლოდ გახდა და პარლამენტი ისე დატოვა, რომ დეპუტატებთან შეხვედრა ვერ მოახერხა
შემდეგი სტატიათბილისში გენო კალანდიას 80 წლისთავისადმი მიძღვნილი ხსოვნის საღამო გაიმართა
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური