ლევან იზორიას საპარლამენტო ოპოზიცია მწვავე შეკითხვებით ხვდება

0
369
საკანონმდებლო ორგანოში მინისტრის საათის ფარგლებში  მისულ ლევან იზორიას ოპოზიცია  მწვავე შეკითხვებით ხვდება. 
 
 კითხვები, რომელიც ოპოზიციას აქვს, თავდაცვის უწყებაში კორუფციის ფაქტებს და წვევამდელების გაწვევის სისტემას ეხება, რომელიც ენმ-ს წევრის სალომე სამადაშვილს თქმით, ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს.
 
„თავდაცვის ბიუჯეტი არის საგრძნობლად შემცირებული. ამ პირობებში რამდენად ხდება განახლება ჩვენი შეიარაღების და ნატო-სთან თავსებადი სტანდარტების დამკვიდრება როდესაც ამისთვის ბიუჯეტიდან რეალურად სახსრები არ გამოიყოფა. გადა ამისა შეკითხვა გვაქვს კორუფციასთან,  რომელიც არსებობს სისტემაში და რამდენი კორუფციის ფაქტი იქნა გამოძიებული და დასჯილი და ასევე ძალიან ბევრი შეკითხვები გვაქვს წვევამდელებთან დაკავშირებით იმიტომ, რომ რეალურად სისტემა, რომელიც დღეს არის ქვეყანაში, არ მუშაობს და ჩვენ გვაქვს ძალიან სერიოზული გამოწვევა რეზერვთან დაკავშირებით და ზოგადად ჩვენი ქვეყნის სამხედრო მზადყოფნასთან დაკავშირებით გვაქვს სერიოზული შეშფოთება,“-განაცხადა სალომე სამადაშვილმა.
 
კორუფციასთან დაკავშირებით კითხვების აქვს თავდაცვის  მინისტრთან ევროპულ საქართველოსაც.  ლევან იზორიას სამხედრო ნაწილებში ფულის გამოძალვაზეც მოუწევს პასუხის გაცემა.
 
„ისედაც მწირი საბიუჯეტო სახსრების ფლანგვა და  კორუფცია და ამაზე საუბრობს აუდიტის სამსახურიც. ჯაშუშობაში ბრალდებულ პირებთან, დევრიშაძეთან მაგალითად ხელშეკრულების გაფორმების მცდელობა და მილიონობით ლარის ჯაშუშობაში ბრალდებული პირისთვის გადაცემის მცდელობა. სერიოზული ინფრასტრუქტურული პრობლემები. ყაზარმების მძიმე მდგომარეობა ჯარის აღჭურვაში არსებული პრობლემები. გაწვევის ძალიან მახინჯი სისტემა რასაც დაერთო ძალადობა და ფულის გამოძალვა,“-განაცხადა ირაკლი აბესაძემ. 
 
„ვხედავთ საკმაოდ მძიმე სურათს, მაგალითად კვლავ დაბრუნდა 90-იანი წლების ე.წ. "დედოვშინა," კორუფცია როდესაც გვესმის რომ ჯარისკაცებს არ აქვთ დროზე შეძენილი ტანსაცმელი, ფეხსაცმელი,“-აცხადებს გია ბარამიძე.
 
"ევროპულ საქართველოში" კი აცხადებენ, რომ სისტემაში არის კორუფცია, სამხედრო მოსამსახურეებს იაფ მუშახელად იყენებენ და მინისტრთან საკმაოდ მწვავე შეკითხვები ექნებათ.
 
"ჩვენი მოქალაქეები მიჰყავთ სამხედრო სავალდებულო სამსახურში ისე, რომ არ არის მზად სისტემა რომ რეალურად მათ სამხედრო საქმე ასწავლონ. ხშირად მათ იაფი მუშახელის სახით იყენებენ, ეს ურტყამს ძალიან მტკივნეულად ჩვენს ეკონომიკასაც, მათ შორის ზრდის კორუფციის რისკებს," – აცხადებს ოთო კახიძე.
 
ოპოზიცია ასევე მოითხოვს თავდაცვის მინისტრმა მიიღოს გადაწყვეტილება სავალდებულო სამხედრო სამსახურის რეფორმის შესახებ იმ მიზნით, რომ ახალგაზრდებს ჯარში წასვლა იძულებით არ უწევდეთ.
 

"ქართული ოცნებიდან" დემარშით წასული დეპუტატების, კერძოდ . ლევან გოგიჩაიშვილის განცხადებით, თავდაცვის მინისტრს ბევრ საკითხზე მოუწევს პასუხების გაცემა და მათ შორის არის მფრინავი ქალის ბრალდებები, რომელიც გენდერული ნიშნით დისკრიმინაციაში ადანაშაულებს. მას შემდეგ რაც მან თავდაცვის უწყება დატოვა, სამინისტრომ მას კონტრაქტის დარღვევისთვის უჩივლა.
 
„კითხვები ნეპოტიზმთან დაკავშირებით გვაინტერესებს, არაერთი გაჟღერებული ბრალდება გვაინტერესებს. რა ხდება მაგალითად  მფრინავი ქალის ირგვლივ,  რომელმაც სერიოზული პრეტენზიები წაუყენა თავდაცვის სამინისტროს. რეალურად ჩვენ ვართ თუ არა თავდაცვისუნარიანები. არის თუ არა საკმარისი ის თანხები იმ გამოწვევების საპასუხოდ, რის წინაშეც ვდგავართ. არის მოქმედი ოკუპაცია, არის მოქმედი საფრთხეები და არის თუ არა 250 მილიონი დოლარი იმისთვის, რომ ქვეყანა იყოს თავდაცვისუნარიანი,“-აცხადებს ლევან გოგიჩაიშვილი
 
.რადიკალურად განსხვავებული შეფასებებით ხვდება იზორიას უმრავლესობა. ქართულ ოცნებაში ფიქრობენ, რომ თავდაცის სამინისტრო ერთ-ერთი წარმატებული უწყებაა.
 
"სამწუხაროდ, ჩვენ ხშირად გვესმის ოპონენტების მხრიდან თავდასხმები, მაშინ როდესაც ნატოს მხრიდან, საერთაშორიშო ორგანიზაციების მხრიდან რომლებიც უშუალოდ ექსპერტულ შეფასებებს აკეთებენ, ჩვენ გვაქვს ერთმნიშვნელოვანი გზავნილი,რ ო თავდაცვის სამინისტრო არის გამორჩეული უწყება, სადაც რეფორმებია რის წარმატებული,"-აცხადებს ირაკლი სესიაშვილი
წინა სტატიალევან იზორია კატეგორიულად გამორიცხავს კორუფციის არსებობას თავდაცვის სამინისტროში
შემდეგი სტატიასაქართველოში უახლოეს დღეებში ისევ იწვიმებს, თუმცა +26 გრადუსამდე დათბება
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური