საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა „შპიგელს“ მისცა ინტერვიუ, რომელშიც, მიხეილ სააკაშვილზე, ბიძინა ივანიშვილზე, რუსეთ – საქათველოს ურთიერთობებზე საუბრობს
ინტერვიუს თარგმანს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.
"პარტიამ, რომელიც ივანიშვილმა დატოვა, სიტუაციის კონტროლქვეშ მოქცევა ვეღარ შეძლო"
“ჩემი მასთან გამართული მცირერიცხოვანი საუბრების შემდეგ, ვფიქრობ, რომ მას ნამდვილად არ უნდოდა პოლიტიკაში დარჩენა, რადგან ის მას არ მოსწონს. მაგრამ პარტიამ, რომელიც მან დატოვა, სიტუაციის კონტროლქვეშ მოქცევა ვეღარ შეძლო და გამოიკვეთა ტენდენცია, რომ პარტიის ლიდერთა რიგებიდან ხალხი ისედაც მასთან მიდიოდა რჩევის საკითხავად“, – განაცხადა ზურაბიშვილმა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარეზე საუბრისას.
საქართველოს პრეზიდენტის ამ განცხადებას ჟურნალისტის რეპლიკა მოჰყვა: ასეა თუ ისე, ეს დიდი პრობლემაა, როცა უმდიდრესი ადამიანი ქვეყანას არაფორმალურად მართავს და დიდი პარტიის უკან დგას, რაზეც სალომე ზურაბიშვილმა უპასუხა, რომ ივანიშვილი პარტიის უკან კი არა, სათავეში დგას.
„ის პარტიის უკან კი არ დგას, არამედ სათავეში უდგას მას. გარდა ამისა, ვვარაუდობ, რომ ეს მისი პოლიტიკაში დაბრუნების უკანასკნელი შემთხვევაა – 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ის აშკარა დისტანცირებას მოახდენს“, – განაცხადა პრეზიდენტმა.
სალომე ზურაბიშვილი ინტერვიუში ამბობს, რომ „ივანიშვილი დიდი სიმპათიით სარგებლობს, რადგან მოსახლეობა მასში იმ კაცს ხედავს, რომლის საშუალებითაც სააკაშვილის ჩამოშორება გახდა შესაძლებელი მაშინ, როცა ჩვენ ავტორიტარული სახელმწიფოდ გადაქცევის გზას ვადექით და რადგან მოსახლეობა დარწმუნებულია, რომ სხვა ამას ვერავინ შეძლებდა".
"სააკაშვილმა რეფორმების პროცესი დაიწყო, რომელიც დღემდე გრძელდება"
"შპიგელთან" ინტერვიუში სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილმა " დაიწყო რეფორმების პროცესი, რომელიც დღემდე გრძელდება".
"სააკაშვილმა რეფორმების პროცესი დაიწყო, რომელიც დღემდე გრძელდება და ამ კუთხით, მან მნიშვნელოვანი როლი შეასრულა. მას შეეძლო 21-ე საუკუნის საქართველოს უმნიშვნელოვანესი ფიგურა გამხდარიყო ანდა შეიძლება არა მხოლოდ ერთი საუკუნისა. მაგრამ მან თავი დაკარგა ამ ძალაუფლებაში და ავტორიტარული გახდა, რამაც რეფორმები სხვა შუქში წარმოაჩინა. და, რა თქმა უნდა, მის ერთ-ერთ უდიდეს შეცდომას წარმოადგენდა, რომ ის ვერ გაუმკლავდა 2008 წლის ომის დროს რუსეთის პროვოკაციებს. ასე გადაიქცა "გაყინული“ კონფლიქტი ტერიტორიების უშუალო ოკუპაციად"- განაცხადა ზურაბიშვილმა.
რატომ არ მიულოცა პუტინმა ზურაბიშვილს პრეზიდენტობა
ჟურნალისტი დინტერესდა, რატომ არ მიულოცა ვლადიმირ პუტინმა სალომე ზურაბიშვილს პრეზიდენტად არჩევა: “რატომ? არ მოსწონხართ?" – იკითხა კორესპდენტმა, რაზეც სალომე ზურაბიშვილის პასუხი ასეთია: "არა მგონია. უბრალოდ დიპლომატიური ურთიერთობები არ გვაქვს".
„კარგი ისაა, რომ რუსეთმა ვერ შეძლო, რომ საქართველოს ერთი სანტიმეტრითაც კი გადაეხვია ნატოსა და ევროპისკენ მიმავალი კურსიდან. ეს კი რუსეთის ყველა ნაბიჯის ერთადერთ მიზანს წარმოადგენდა. 2008 წლის ომი, რუსეთის ბაზების შექმნა, აფხაზეთში რუსიფიცირება, საოკუპაციო საზღვრების თანდათანობით გადაწევა – ამ ყველაფერმა ვერ შეძლო ჩვენი განზრახვის შეცვლა. ცუდი კი ისაა, რომ მდგომარეობა გაყინულია. ჩვენ შეგვიძლია ყველაფერი ვცადოთ, რომ [მდგომარეობა] არ გაუარესდეს. რუსეთს არ შეუძლია საქართველოს შეცვლა და საქართველოს არ შეუძლია ოკუპირებულ ტერიტორიებზე მდგომარეობის შეცვლა“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.