უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ერთმანეთს ვლადიმერ ზელენსკი და პეტრო პოროშენკო შეხვდებიან. ქვეყნის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ უკვე დაამუშავა ბიულეტენების ერთ მეოთხედზე მეტი. წინასწარი მონაცემებით ზელენსკის ამომრჩვლების 30 პროცენტზე მეტმა დაუჭირა მხარი, ხოლო პეტრო პოროშენკოს 16,7 %-ი მიემხრო.
პრეზიდენტობის კანდიდატებმა პირველი პრეს-კონფერენციები გვიან ღამით, ეგსიტპოლების მონაცემების გამოცხადების შემდეგ გამართეს. პერტო პოროშენკოს განცხადებით, მეორე ტურში მისი კანდიდატურის გასვლამ რუსეთის გეგმები ჩაშალა. მოქმედმა პრეზიდენტმა მისი მთავარი კონკურენტი, ვლადიმერ ზელენსკი უკრაინელ მილიარდერთან, იგორ კოლომოისკისთან კავშირში დაადანაშაულა, რასაც ზელენსკის მხრიდან საპასუხო ბრალდებები მოჰყვა.
"რუსეთმა ვერ შეძლო თავისი იმპერიული ამბიციების დათმობა, მას არ შეუწყვეტია უკრაინაში შემოჭრა და დღეს უკრაინელმა ხალხმა რუსული სცენარი ჩაშალა. პოროშენკო არ იყო ის კანდიდატი, ვისი ნახვაც რუსეთს უნდოდა არჩევნების მეორე ტურში. მე კრიტიკულად და რაციონალურად მესმის ის სიგნალი, რომელიც საზოგადოებამ მოქმედ ხელისუფლებას გადასცა. ჩემთვის და ჩემი გუნდისთვის ეს სერიოზული საფუძველია, რომ გასული წლის განმავლობაში დაშვებულ შეცდომებზე ვიმუშავოთ,"-აცხადებს პეტრო პოროშენკო.
პოროშენკოს პრეს-კონფერენციას გამოეხმაურა მისი ოპონენტი, ვლადიმერ ზელენსკი, რომელმაც პოროშენკოს შეკითხვა დაუსვა და მოსთხოვა დაეკონკრეტებინა ის არის სვინარჩუკის მარიონეტი, თუ პირიქით. მან ასევე ისაუბრა იმ თემებზე, რომლებზეც პუტინთან შეხვედრის შემთხვევაში ისაუბრებს.
"ჩვენ ახლახან ვნახეთ ჩვენი პრეზიდენტის პრეს-კონფერენცია, მან კიდევ ერთხელ თქვა, რომ მე ვარ კოლომოისკის მარიონეტი, ასე რომ, მე მხოლოდ ერთი შეკითხვა მაქვს მასთან: თქვენ ხართ სვინარჩუკის მარიონეტი თუ სვინარჩუკია თვენი მარიონეტი? თუ შეიძლება გადაეცით ეს ჩვენს გარანტს. თუ შევხვდები ბატონ პუტინს, მე ალბათ ვეტყვი მას : კარგია რომ ბოლოს და ბოლოს დააბრუნეთ ჩვენი ტერიტორიები. რამდენის გადახდას გეგმავთ კომპენსაციის სახით იმისთვის, რომ ჩვენი ტერიტორიები მიიტაცეთ. რომ ყველაფრით ეხმარებოდით იმ ხალხს, რომლებიც ყირიმსა და დონბასში ვითარების ესკალაციას უწყობდნენ ხელს მათ საშინელ, სასტიკ და ამაზრზენ გზაზე,"-აცხადებს ზელენსკი.