,,ყველა შენი ნამდვილი მომხრე შორსაა შენგან, ყველა შენი ცრუ მომხრე და მოწინააღმდეგე გიახლოვდება…”

0
449

 
დიდები გადსძახებენ ერთმანეთს პაროლებს…
 
აპოლონ ადონიას ამ  გადაძახილის ადრესატი ზვიად გამსახურდიაა, მაგრამ  ეს ის შემთხვევაა, როცა პაროლის  არსი საცნაური ხდება უბრალო მოკვდავისთვისაც, რომელმაც ვერ დაიცვა მკვლელებისგან დიდი ადამიანი სიცოცხლეში და ვერ იცავს მას ფარისეველთაგან  სიკვდილის შემდეგ:  
 
,,ყველა შენი ნამდვილი მომხრე შორსაა შენგან, ყველა შენი ცრუ მომხრე და მოწინააღმდეგე გიახლოვდება…''  
 
 
 
ზვიად გამსახურდიას
 
მე ეს სურათი გუშინ ვნახე, გაზეთში იყო დაბეჭდილი. ამოვჭერი და შევინახე, შევინახავ სამუდამოდ…
დილით, როდესაც გამომეღვიძა, პირველი, რაც მომინდა, ეს იყო გულის გამომლევი, აუტანელი სურვილი: ისევ დამეხედა ამ სურათზე, ერთხელ კიდევ შემევლო თვალი, მენახა… ამ სურვილმა გამანადგურა.
 
ჯერ თავად სურათს აღვწერ, მერე განვმარტავ იმას, თუ რატომ გამანადგურა…
ტყე. ნაძვნარი. სამეგრელოს მთის სოფლებში სადღაც მინახავს ასეთი ფერდობს შეფენილი მეჩხერი ნაძვნარი; ბავშვობისას, სიყმაწვილისას ხშირად დავდიოდი ამ სოფლებში და მინახავს… თითქოს ის ნაძვიც მინახავს, რომლის გვერდითაც დგახარ. შენი მხრების სიმაღლეზე ოდნავ გადახრილია ეს ხე, მარჯვენა ხელი იდაყვიანად დაგიყრდნია მასზე; ზუსტად იმ ადგილას, საიდანაც გადამრუდება იწყება… შენი სამშობლოც, შენი ერიც, ხომ გადამრუდდა?! ხომ გადაამრუდეს?! ხომ გაანადგურეს?!
გაშლილი ხელისგული ისე თბილად გიდევს ამ მრუდზე, თითქოს მორჩენას უპირებ მის წყლულებს, თითქოს ამ ნამრუდის გამართვა გინდა.
 
ხე მაინც კივის თავის სატკივარზე, კივის შენი სამშობლოც. შენი ერიც კივის. კივის შენი სულიც… მაგრამ ამწუთებში უხმოა ეს კივილი.
უხმოა შენი სამშობლოს კივილი, უხმოა შენი ერის კივილი. უხმოა შენი კივილიც…
 
ამ წუთებში ეს კივილი ხედვით შესაცნობია, სმენით კი არა. ეს გარინდების კივილია. საბედისწეროდ გარინდულა ცაც და ხმელეთიც, შენი გულის ხმას უსმენს თითქოს ორივე: ცაცა და მიწაც… სადღაც ახლოა ის საბედისწერო წუთიც… გიახლოვდებიან უკვე…
 
 
ჩაქრა ფეიერვერკები. გათავდა საზიზღარი წარმოდგენა. ყველა მიიმალა, მიიჩქმალა ყველა, არავინ არ ჩანს.
კომუნისტურ ტვინს სხვა რა შეუძლია?!
 
მახსენდება დიდებული მერი უოლსტონკრაფტ შელი; ფრანკენშტაინი ეუბნება მონსტრს: შენ შეიძლება კაცთა შორის ყველაზე უფრო უბედური გამხადო, მაგრამ იმას ვერ მოესწრები, ჩემს საკუთარ თვალში რომ დამამცირო!
გაიქცნენ და გაიპარნენ კომუნისტების მიერ, "საკუთარ თვალში დამცირებულნი", მოგზავნილები, მალვით მავნებლები, ერთგულების შემომფიცველნი. ,,გეთსემანიის ბაღში მაცხოვარი ხედავდა, რომ ყველა მის მომხრეს ეძინა, ხოლო ყველა მისი მოწინააღმდეგე ფხიზლობდა" ამბობს პასკალი. მე შენ მაცხოვარს არ გადარებ, არ ვაჭარბებ…
 
ამ სურათიდან აშკარად იგრძნობა, რომ ყველა შენი ნამდვილი მომხრე შორსაა შენგან, ყველა შენი ცრუ მომხრე და მოწინააღმდეგე გიახლოვდება… მაგრამ შენ საკუთარ თვალში ვერ დაგამცირებენ… რამდენადაც გაგწირეს, იმდენად უფრო ამაღლდი, იმდენად განათლდი, გასაკვირველდი… ნახვამდის, ჩემო პრეზიდენტო! ჩვენ სადმე სივრცეში ისევ შევხვდებით ერთმანეთს…
 
აპოლონ ადონია.
წინა სტატიამე-12 კლასელებისთვის სკოლებში თავისუფალი დასწრება უქმდება
შემდეგი სტატიაქართული ოცნების ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, სახელმწიფოს საგარეო ვალი თითქმის 114%-ით გაიზარდა
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური