ფადი ასლის ღია წერილი პრემიერ-მინისტრს

0
413
საერთაშორისო სავაჭრო პალატა პრემიერ-მინისტრს ღია წერილით მიმართავს. წერილში აღნიშნულია, რომ ამგვარი მიმართვის მიზეზი ინვესტორთა საბჭოს 26 მარტს ჩანიშნული შეხვედრის უვადოდ გადადება და ბიზნესსექტორში არსებულ პრობლემების განხილვის აუცილებლობაა.
 
საერთაშორისო სავაჭრო პალატის ეროვნული კომიტეტის აღმასრულებელი საბჭოს თავმჯდომარის, ფადი ასლის წერილს უცვლელად გთავაზობთ.
 
„ძვირფასო პრემიერ მინისტრო, ჩვენ ვიმედოვნებდით, რომ გვექნებოდა შესაძლებლობა თქვენთან განგვეხილა ბიზნესსექტორში არსებულ პრობლემები, საკითხი, რომელიც ინვესტორთა საბჭოს 26 მარტს ჩანიშნული შეხვედრის დღის წესრიგში იყო. 21 მარტს ინვესტორთა საბჭომ გვაცნობა, რომ ჩანიშნული შეხვედრა გადაიდო უვადოდ.
 
მდგომარეობის სიმძიმის და რიგი საკითხების განხილვის აუცილებლობიდან გამომდინარე, რომელთაც ძალიან დამამძიმებელი ზეგავლენა აქვს ბიზნესსა და საინვესტიციო გარემოზე ქვეყანაში, მათ შორის მთავრობის შეუჩერებელ წნეხს ბიზნესებზე, ჩვენ თავს ვალდებულად მივიჩნევთ, რომ მოგმართოთ ამ ღია წერილით.
 
დავიწყებ რამდენიმე ისტორიული ფაქტით, რამეთუ ისტორია გვასწავლის, თუ როგორ უნდა გავუმკლავდეთ პრობლემებს მათი კვლავ წარმოშობის შემთხვევაში.
 
ჩვენმა კომპანიამ საქართველოში მოღვაწეობა 23 წლის წინ – 1996 წელს დაიწყო, როგორც ქვეყანასა და რეგიონში საკვები პროდუქტების ძირითადმა იმპორტიორმა და დისტრიბუტორმა; ბედის ირონიაა, მაგრამ ფაქტია, რომ პირადად საქართველოში ორი წლის შემდეგ – 1998 წელს – ჩამოვედი მთავრობის მხრიდან ჩვენს კომპანიაზე ზეწოლის გამო; სახელმწიფო უშიშროების სამინისტრომ ჩვენი ერთ-ერთი უცხოელი თანამშრომელი დააპატიმრა და იგი "ბანანის კონტრაბანდის განზრახვაში" დაადანაშაულა; ასევე, დალუქეს ჩვენი საწყობები და ჩვენი საბანკო ანგარიშიდან 400 ათასი დოლარი გადარიცხეს ბიუჯეტში.
 
ეს გახლდათ სახელმწიფო უშიშროების სამინისტროსა და ჩვენი ერთ-ერთი კონკურენტის კოორდინირებული შეტევა.
 
ჩვენ გადავჭერით პრობლემა, გავათავისუფლეთ ჩვენი თანამშრომელი, გავაღე საწყობები და უკან დავიბრუნე ფული. მე ეს ქრთამის მიცემის გზით არ გამიკეთებია; აღნიშნულ შედეგს სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს უკანონო ქმედებების წინააღმდეგ დაუნდობელი ბრძოლითა და თბილისში აშშ-ის საელჩოსა და ვაშინგტონში აშშ ადმინისტრაციის მხარდაჭერით მივაღწიე.
 
გასული 21 წლის განმავლობაში მომიწია ბრძოლამ ხელისუფლებაში მოსულ ყოველ ახალ ხელისუფლებასთან, რადგანაც თითოეული მათგანი ცდილობდა შეეჩერებინა ჩვენი ბიზნესი, დავეზარალებინეთ ან სხვაგვარად მოეყენებინათ ზიანი ჩვენთვის და ჩვენი ბიზნეს ორგანიზაციის წევრებისთვის. 1998 წლის ნოემბერში, საქართველოში აშშ-ს ყოფილი ელჩის კენეტ იალოვიცის თხოვნით, პატივი მქონდა გავმხდარიყავი საქართველოში ამერიკის სავაჭრო პალატის თანადამფუძნებელი და ამ პალატის თავმჯდომარე 7 წლის განმავლობაში. 2006 წლიდან დღემდე პატივი მაქვს ვიყო საერთაშორისო სავაჭრო პალატის თავმჯდომარე საქართველოში.
 
ამერიკის სავაჭრო პალატისა და საერთაშორისო სავაჭრო პალატის დაარსების მიზანი გახლდათ აშშ-ის, უცხოური და ადგილობრივი ბიზნესის ინტერესების დაცვა, როგორც ეს მითითებულია ორივე ორგანიზაციის წესდებაში.
 
უცხოური და ადგილობრივი ბიზნესის უფლებების და ინტერესების დაცვამ, მათი შევიწროებისა და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლამ წლების მანძილზე ბევრი მტერი შემძინა; მსურს, მოკლედ აღვნიშნო, რომ 1999 წელს – შევარდნაძის ეპოქაში, გარდა ჩვენი თანამშრომლის ზემოაღნიშნული დაპატიმრებისა, ადგილი ჰქონდა ჩვენს ერთერთ ავტომობილზე შეიარაღებულ თავდასხმასა და ჩვენი თანამშრომლის მკვლელობას. 2001 წელს რამდენიმე თვით ჰყავდათ გატაცებული ჩემი მოადგილე; 2002 წელს ააფეთქეს ჩვენი ოფისები თბილისში; 2003 წელს ხანძარი გაუჩინეს და გაანადგურეს ჩვენი ოფისები ფოთში; აღარ მსურს, თავი შეგაწყინოთ
 
დეტალებით იმის თაობაზე, თუ რამდენგზის დავექვემდებარეთ სადამსჯელო სახის შემოწმებასა და დევნას და რამდენჯერ დააყაჩაღეს ჩვენი თანამშრომლები იარაღის მუქარით.
 
2004 წელს ჩემი ოფისები ორჯერ დაცხრილეს ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღით; ორივე შემთხვევაში ჩემმა დაცვამ მიმართა პოლიციას, რათა შეეტანა განცხადება და წარედგინა ჩვენი ვიდეოკამერების ჩანაწერები, სადაც სროლაში მონაწილე ავტომანქანები იყო ნაჩვენები, მაგრამ ორივეჯერ განუცხადეს, რომ სროლა სწორედ მე განვახორციელე ჩემს ოფისებზე – ყურადღების მისაქცევად; ამ სროლების საქმე არასოდეს გამოძიებულა. 2005 წლის ზაფხულში დაცხრილეს ჩემი საცხოვრებელი, მაგრამ თავი არ შემიწუხებია პოლიციისადმი მიმართვით, რადგანაც ამას არავითარი აზრი არ ჰქონდა. 2005 წლის მანძილზე ჩემი კომპანია ზედიზედ 5-ჯერ შეამოწმა საგადასახადო დეპარტამენტმა; ეს იყო ჩვენი ბიზნესის სრული პარალიზების მცდელობა და მიზნად ისახავდა ჩემს დასჯას, რადგანაც ღიად ვაკრიტიკებდი მთავრობას ბიზნესზე ზეწოლის გამო.
 
იმ წელს 11 თვის მანძილზე ზედიზედ შეგვამოწმეს, ამან გამიჩინა სურვილი, რომ გამეგზავნა პრეზიდენტ სააკაშვილისთვის მადლობის წერილი, რადგან ესე დაუღალავად ზრუნავდა იმაზე, რომ ჩვენს ბუღალტრებს შეცდომა არ დაეშვათ.
 
2009, 2010 და 2011 წლებში მთავრობამ პრივილეგია მიანიჭა ჩვენს ერთერთ კონკურენტს, რამაც ამ კომპანიას მისცა საშუალება განეხორციელებინა კვების პროდუქტების იმპორტი საბაჟო გადასახადების და დღგ-ის გარეშე. ამ ორმაგი სტანდარტის პოლიტიკამ რამდენიმე მილიონი დოლარით გვაზარალა და მაიძულა შემეჩერებინა საქართველოში ჩემი ბიზნეს ოპერაციები; მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ კონკურენციას ვუწევდით ჩვენს მეტოქეებს, სახელმწიფო ბიუჯეტის წინააღმდეგ შეჯიბრი ვერ შევძელით. მთელი ამ წლების განმავლობაში ქვეყანაში ჩვენს ბიზნესზე მუდმივი ზეწოლის გამო ჩვენმა დანაკარგებმა 20 მილიონ დოლარს გადააჭარბა. თუმცაღა, მიუხედავად დაუსრულებელი ზეწოლისა, მე არასოდეს დავთანხმებულვარ
 
გადამეხადა ქრთამი, რეკეტული ფული ან გამოსასყიდი; მე არასდროს გადამიჭრია პრობლემა ფულის გადახდით, მუდამ დაუნდობლად ვიბრძოდი უსამართლობის წინააღმდეგ, იქნებოდა იგი მიმართული ჩვენი კომპანიისა თუ ჩვენი ბიზნეს ორგანიზაციის რომელიმე წევრის წინააღმდეგ.
 
გასული 21 წლის განმავლობაში ჩემი ხელმძღვანელობით ბიზნეს ორგანიზაციები შეუპოვრად იცავდნენ როგორც უცხოურ, ისე ქართულ ბიზნესს; ჩვენი კარი ყოველთვის იყო და არის ღია წნეხის ქვეშ მოქცეული ბიზნესისთვის, რადგანაც ჩვენს მანდატს ბიზნესის ზეწოლისგან და არასწორი ქმედებებისგან დაცვა წარმოადგენს.
 
ჩვენი დღის წესრიგის მიზანია ბიზნესის და საინვესტიციო კლიმატის დაცვა და გაუმჯობესება; ჩვენი მისიაა ვუბიძგოთ ქვეყანას თავისუფალი საბაზრო ეკონომიკისკენ, უზრუნველვყოთ თანაბარი პირობები ყველა საწარმოსთვის და ვებრძოლოთ კორუფციასა და ბიზნეს წრეების ჩაგვრას.
 
2012 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში მე, როგორც საქართველოს მოქალაქემ, ხმა მივეცი “ქართულ ოცნებას” და 2012 წლის 5 ოქტომბერს ირაკლი ღარიბაშვილთან შეთანხმებით გავმართეთ ჩვენი ბიზნეს საზოგადოების პირველი შეხვედრა ბიძინა ივანიშვილთან. ამ შეხვედრის დროს ბატონი ივანიშვილი ბიზნეს საზოგადოებას დაჰპირდა ძალადობისა და ზეწოლისაგან დაცვას, სამწუხაროდ, მისი სიტყვები იმავე დღეს – მზის ჩასვლასთან ერთად გარდაიცვალა, რამეთუ შემდგომ სწორედ იგი გახდა საქართველოში ბიზნესის ნომერ პირველი მჩაგვრელი.
 
ძვირფასო პრემიერ-მინისტრო, წარსული ისტორია თქვენთვის გავიხსენე, რათა გესმოდეთ, რომ საქართველოში 21 წლის მანძილზე ჩემი ბიზნეს– მოღვაწეობის, ქვეყნის მსხვილი ბიზნეს ორგანიზაციების ხელმძღვანელობისა და ასობით ჩაგრული და შევიწროებული უცხოელი ინვესტორებისა თუ ადგილობრივი ბიზნესის პრობლემების გადაჭრაში აქტიური ჩართულობის შემდეგ მე როდესაც ვხედავ ზეწოლას, ვიცი რომ ნამდვილად ზეწოლაა და ამისათვის არ მჭირდება მესამე მხარის დასტური.
 
გასული 21 წლის განმავლობაში მე ყოველდღიურად ვხედავდი, თუ როგორ იყენებდა მთავრობა სისტემატურად სახელმწიფო აპარატს ბიზნესმენების ამოსაძირკვად, დასასუსტებლად და დასაშანტაჟებელად.
 
2012 წელს ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ თქვენმა მთავრობამ გააკოტრა უამრავი საწარმო, რომლებიც, თქვენი მოსაზრებით, სააკაშვილის ადმინისტრაციასთან იყვნენ დაახლოებულნი; ზოგიერთი კომპანიის სახელი ICC-მ რამდენიმე კვირის წინ გაავრცელა პრესისთვის ჩვენს მიერ დასახელებული იმ 21 კომპანიის სიიდან, რომლებიც თქვენი მმართველობის ამა თუ იმ ეტაპზე დაექვემდებარნენ ზეწოლას, შევიწროებას, განადგურებას ან რომელთა პრობლემების მიმართაც მთავრობის მხრიდან ადგილი ჰქონდა სრულ ლეთარგიულ დამოკიდებულებასა და დაუინტერესებლობას.
 
ჩემთვის არც ის არის გასაკვირი, რომ თქვენი მთავრობა დაუკავშირდა ჩვენს მიერ სიაში მითითებულ ზოგიერთ კომპანიას და სთხოვა, გაეკეთებინათ განცხადება, სადაც უარყოფდნენ მათზე ზეწოლის ფაქტებს. ასე მოიქცა მთავრობა და ძალზე მცირე ოდენობის – რამდენიმე კომპანია, რომლებიც შეთანხმდნენ ამგვარი განაცხადის გაკეთებაზე, რაც ძალზე არასერიოზული და არაპროფესიონალური მიდგომაა, რამეთუ პრობლემები, რომლის წინაშეც ეს კომპანიები იდგნენ, საჯაროდ გახლდათ ცნობილი და ფართოდ შუქდებოდა იმ დროისათვის მედიასაშუალებებში. აღნიშნული კიდევ ერთი დასტურია იმისა, თუ რამდენად დაშინებულია საქართველოში ბიზნესი.
 
თქვენ არ შეგიქმნიათ პრეცედენტი თქვენი საპასუხო ზომებით იმ კომპანიების მიმართ, რომლებსაც თქვენი პოლიტიკისადმი არაკეთილსაიმედოდ მიიჩნევთ; სააკაშვილის ადმინისტრაცია დევნიდა, სჯიდა და აკოტრებდა ბიზნესმენებს, რომლებიც იმ დროისათვის შევარდნაძესთან ან – მოგვიანებით – ოპოზიციასთან დაახლოებულად მოიაზრებოდნენ და სულაც არ გამიკვირდება, თუკი ხელისუფლება, რომელიც თქვენ შეგცვლით, იგივენაირ ზომებს გაატარებს ბიძინა ივანიშვილის, მისი ბიზნესისა და სხვა – მასთან დაახლოებული ბიზნესმენების წინააღმდეგ, რადგანაც, სამწუხაროდ, როგორც ჩანს, საქართველოს ხელისუფლებას ასეთი კულტურა და მოქმედების რეჟიმი აქვს.
 
როგორც თქვენი მთავრობის ყოველდღიური დამკვირვებელი 2013 წლიდან, ვამჩნევ, რომ ქვეყანას ორი ძალაუფლება მართავს: ოფიციალური, მაგრამ ძალის არმქონე ხელისუფლება, რომელსაც ზოგიერთი სახელმწიფო მოხელე და მათი გუნდი წარმოადგენს, რომელთაც ესმით, როგორ უნდა იმართოს ქვეყანა, და რომლებიც დღე და ღამე მუშაობენ საქართველოს წინსვლის, უცხოურ ინვესტიციების ხელშეწყობის, სიღარიბესთან ბრძოლისა და ქვეყანაში საქმიანი გარემოს გაუმჯობესებისთვის და არაოფიციალური, მაგრამ რეალური ძალა, რომელსაც ბიძინა ივანიშვილი წარმოადგენს და რომელიც საკუთარი, არადეკლარირებული დღის წესრიგის მიხედვით მოქმედებს, რათა არ დაუშვას ქვეყანაში უცხოელი ინვესტორების შემოსვლა, არამედ საკუთარი საცეცებით გადაფაროს მსხვილი ბიზნესები, ჩამოიცილოს საქმიანი ხალხი, რომელიც მას არ მოსწონს, ამისათვის გამოიყენოს 1990-იანი წლების მსგავსი კრიმინალური მეთოდები, და ყოველივე აღნიშნული განახორციელოს იმის გამო, რომ მთლიანად აკონტროლებს სახელმწიფო სტრუქტურას, კერძოდ, პროკურატურას, სასამართლოსა და სამართალდამცავ უწყებას.
 
2018 წლის შემოდგომაზე ბატონი ივანიშვილი ტელევიზიით გამოვიდა და ტრაბახობდა, რომ 2017 წელს ფილიპ მორისისა და ბრიტანულ-ამერიკულ თამბაქოს პრობლემების უკან სწორედ იგი იდგა; ეს საქართველოს საერთაშორისო ავტორიტეტს ძალზე ძვირი დაუჯდა და ქვეყანა წლებით უკან დახია. ბიძინა ივანიშვილი იძულებული გახდა უარი ეთქვა თავის გეგმებზე საერთაშორისო ზეწოლის გამო, რაც მისი ქმედებების შედეგად საქართველოს სასამართლო სისტემის რღვევის დაწყებას მოჰყვა.
 
ბატონი ივანიშვილი იდგა, ასევე, Georgian American Alloys პრობლემების უკან; ამ საკითხმა აშშ-სა და ევროკავშირის მაღალჩინოსნების მხრიდან საქართველოსადმი მძაფრი კრიტიკა გამოიწვია და ძალზე სერიოზული ზიანი მიაყენა ქვეყნის იმიჯს.
 
ბატონი ივანიშვილი თავს დაესხა ომეგა ჯგუფს; ეს გახლდათ ადამიანის უფლებების წინააღმდეგ მიმართული საზარელი დანაშაული, კოლექტიური დასჯის უნიკალური შემთხვევა, სადაც იგი აზარალებდა 1500-მდე თანამშრომელსა და მათი ოჯახის წევრებს. ადამიანის უფლებათა 2018 წლის ანგარიშში, რომელიც აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ იქნა გამოცემული, 4–ე თავი მკაფიოდ აღნიშნავს ომეგას მთელ საგას ადამიანის უფლებების უხეშ დარღვევას.
 
ბიძინა ივანიშვილის ბოლო, მაგრამ არანაკლებ მასშტაბური ქმედება გახლავთ თავდასხმა “თიბისის” დამფუძნებლებზე, მათი დაზარალების მცდელობები, შანტაჟი, ზიანის მიყენება ბანკისა და ანაკლიის პროექტისადმი, რომელიც მშენებლობის პროცესშია.
 
“თიბისი” ქვეყანაში ყველაზე დიდი და მყარი ფინანსური დაწესებულებაა; ხელისუფლების პასუხისმგებლობაა ამ ინსტიტუციის განმტკიცება და დაცვა, რამეთუ “თიბისი” ქვეყნის ეკონომიკური და ფინანსური სტაბილურობის ერთერთ საყრდენს წარმოადგენს; სამწუხაროდ, თქვენი ხელისუფლება ბიძინა ივანიშვილის დავალებით ყოველ ზომას მიმართავდა ამ დაწესებულების ხელშეშლისთვის, მათ შორის, 11 წლის წინ ფულის გათეთრების ცრუ ბრალდებით გამოძიების გაყალბებას, რაც მიზნად ისახავდა ბანკის დესტაბილიზაციას, დამფუძნებლების შანტაჟს და ანაკლიის მშენებლობისთვის ინვესტორთა დაფინანსების შეწყვეტას.
 
ამ მთავრობის მიერ დაფინანსებული შანტაჟის შედეგად ბანკმა ლონდონში მხოლოდ ერთ თვეში 200 მილიონი დოლარის კაპიტალიზაცია დაკარგა, რამაც გამოიწვია დამფუძნებლების ბანკის სამეთვალყურეო საბჭოსგან იძულებით გადადგომა შემდგომი ზარალის თავიდან ასაცილებლად; ამ ზიანს შეურაცხყოფაც დაემატა და, მიუხედავად იმისა, რომ დამფუძნებლები უკვე შეუთანხმდნენ ეროვნულ ბანკს იძულებითი მორიგების თაობაზე, ხელისუფლებას ჯერაც არ შეუწყვეტია მათზე ზეწოლა და შანტაჟი ყველა შესაძლო გზით. მოკლედ რომ ვთქვათ, ბიძინა ივანიშვილი ქვეყანაში ბიზნესის და საინვესტიციო კლიმატის ნომერ პირველ ვალდებულებად და დაბრკოლებად გადაიქცა, რაზეც პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მაჩვენებლების 35%– ით შემცირება თავად მეტყველებს მდგომარეობის სავალალოობაზე.
 
უფრო ზუსტად რომ გავიხსენოთ, 2006 წელს საქართველო მსოფლიო ბანკის "ბიზნესის მარტივად კეთების“ რეიტინგში 100–ე ადგილს იკავებდა; ქვეყანამ გაიუმჯობესა საკუთარი რეიტინგი და 2018 წელს #6 ადგილი დაიკავა; ამ თორმეტ წლის განმავლობაში ტურიზმიდან მიღებული შემოსავალი 10–ჯერ გაიზარდა და 2006 წლისთვის დაფიქსირებული 360 მილიონი აშშ დოლარიდან 2018 წელს 3.2 მილიარდ აშშ დოლარს გაუტოლდა.
 
ამის საპირისპიროდ და გასაოცრად, იმავე პერიოდში და იმავე თორმეტი წლის განმავლობაში პირდაპირი უცხოური ინვესტიციები კვლავაც 2006 წლის დონეზე რჩება, რაც ნებისმიერი სტანდარტით სრულიად შოკისმომგვრელია; ეს გახლავთ შედეგი უკანასკნელი წლების მანძილზე უცხოელ ინვესტორთა სისტემური და მიზანმიმართული შეურაცხყოფისა, რამაც, მიუხედავად მსოფლიო ბანკის ანგარიშში მითითებული რეიტინგისა, ქვეყნის რეპუტაცია უკიდურესად შელახა საზღვარგარეთ ინვესტორთა წრეებში. აღნიშნულის გასამართლებლად მთავრობა აცხადებს, რომ წლიური ანგარიშის 662 მილიონი დოლარით შემცირება ორი ძირითადი ფაქტორითაა გამოწვეული: 1- BP- ის პროექტი დასასრულს უახლოვდება; 2- ჯეოსელს ყიდულობს "სილქნეტი", რომელიც ამჟამად უცხოელი ინვესტორის ნაცვლად ადგილობრივი კომპანიის ეტიკეტით მოქმედებს. აღსანიშნავია, რომ BP-ის ინვესტიციები 2017 წელს 600 მილიონ აშშ დოლარს შეადგენდა, ხოლო 2018 წელს 354 მილიონ აშშ დოლარს, ანუ წინა წელთან შედარებით ინვესტიციები 246 მილიონ დოლარით შემცირდა.
 
რაც შეეხება ჯეოსელს, მათი ინვესტიციები 2017 წელს 23 მილიონ აშშ დოლარს შეადგენდა.
 
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, თუ მთლიანად ამოვიღებთ BP-ის ინვესტიციებიდან ორივე წლის მაჩვენებელს 2017 წლის ჯეოსელის ინვესტიციებთან ერთად, ცხადი გახდება, რომ 2018 წელს საქართველომ 377 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია დაკარგა, რაც სრულიად გაუმართლებელია.
 
თუ 2018 წლის მაჩვენებლები არასაიმედოა, ისღა დამრჩენია, გამოვხატო ღრმა შეშფოთება 2019 წელთან დაკავშირებით, რადგანაც, ჩემი აზრით, ამგვარი მაჩვენებლების ფონზე 2018 წელი გაცილებით წარმატებული გამოჩნდება. ჩვენი პროგნოზით, 2019 წელს პირდაპირი უცხოური ინვესტიციების დამატებით შემცირებას ექნება ადგილი; ამას მოჰყვება ეკონომიკური ზრდის შენელება ეროვნული ბანკის საკრედიტო პოლიტიკის გამო, რაც სერიოზულ გავლენას ახდენს მშენებლობის, უძრავი ქონების და სამომხმარებლო საქონლის სექტორზე.
 
აღნიშნულ სექტორებში ველოდებით გაკოტრების კასკადს, ეს გაკოტრებები კი უეჭველად მოახდენს ზეგავლენას ქვეყნის კომერციულ ბანკებზე. 2016 წელს მაშინდელი პრემიერ-მინისტრის – კვირიკაშვილის მხარდაჭერისა და ქვეყანაში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ხელშეწყობის მიზნით არაბეთის გაერთიანებულ საემიროებში შევქმენი საკონსულტაციო ფირმა სახელწოდებით Channel Georgia; ფირმა მიზნად ისახავს GCC ქვეყნებიდან საქართველოში ინვესტიციების შემოდინების გაზრდას; 2018 წლის ივნისიდან GCC ქვეყნების ინვესტორთა მიმართ მთავრობის ქსენოფობიური პოლიტიკის გამო და ჩვენს ინვესტორებთან შემდგომი გართულებების თავიდან ასაცილებლად, გადავწყვიტეთ, ეს ინვესტორები ცენტრალური აზიისა და აღმოსავლეთ ევროპის ბაზრებზე გადაგვეყვანა.
 
2018 წლის ზაფხულში საქართველოში 100 მილიონი აშშ დოლარის ინვესტირების მიზნით ჩვენმა ფირმამ წამოიწყო ევროპული საინვესტიციო ფონდის შექმნა; 18 თებერვალს, თიბისის წინააღმდეგ აგორებული სკანდალის შემდეგ ჩემს გუნდს მივეცი განკარგულება გაეყინათ ეს ფონდი.
 
თუ მე, საერთაშორისო სავაჭრო პალატის თავმჯდომარე საქართველოში, არ ვგრძნობ თავს უსაფრთხოდ და არ მიმაჩნია საიმედოდ ჩემს ქვეყანაში ინვესტირება, როგორ უნდა მოვუწოდო ამის გაკეთება უცხოელ ინვესტორს?
 
ძვირფასო პრემიერ მინისტრო, საერთაშორისო სავაჭრო პალატის დღის წესრიგი ითვალისწინებს ბიზნეს კლიმატის გაუმჯობესებას; ჩვენ მხარს ვუჭერთ მთავრობასთან კარგ ურთიერთობებს, მაგრამ არამც და არამც
 
ბიზნესის კლიმატის ან რომელიმე ჩვენი წევრი კომპანიის ხარჯზე, რომელთაც სახელმწიფო სტრუქტურები ბიძინა ივანიშვილის ბრძანებით მიზანმიმართულად ესხმიან თავს და ახორციელებენ ზეწოლას.
 
წელს საერთაშორისო სავაჭრო პალატა 100 წლის იუბილეს აღნიშნავს. ჩვენ მსოფლიოს უმსხვილესი ბიზნეს ორგანიზაცია ვართ; ჩვენ რიგებში მსოფლიო მასშტაბით 6 მილიონზე მეტი საწარმო ერთიანდება და აქტიურად წარმოვადგენთ 140 ქვეყანას; ჩვენ მჭიდროდ ვთანამშრომლობთ G8–თან, G20– თან, მსოფლიო ბანკთან, მსოფლიო სავალუტო ფონდთან, მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციასთან, WTO-თან; ასევე, წარმოვადგენთ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მუდმივმოქმედ წევრ–დამკვირვებელს.
 
თუ უახლოეს დღეებში არ შეწყდება ზეწოლა და შანტაჟი ჩვენი წევრის “თიბისის” –მიმართ და არ დაიხურება პროკურატურის მიერ შეთითხნილი ბრალდება, თუ ჩვენს წევრს, “ომეგა ჯგუფს” არ მიეცემა შესაძლებლობა განაგრძოს თავისი საქმიანობა ჩვეულ რეჟიმში, ჩვენ სხვა არჩევანი აღარ გვრჩება, გარდა იმისა, რომ ოფიციალურად ვაცნობოთ და მსოფლიოს მასშტაბით გავაფრთხილოთ ICC-ის ყველა ეროვნული კომიტეტი იმ აგრესიული თავდასხმების, ზეწოლისა და შანტაჟის შესახებ, რასაც საქართველოს მთავრობა ახორციელებს ადგილობრივი ბიზნესისა და უცხოელი ინვესტორების წინააღმდეგ.
 
თქვენთვის ცხადია ალბათ, რომ ამას საქართველოში ინვესტირებისა და ქვეყნის რეპუტაციის კუთხით დამანგრეველი შედეგები მოჰყვება; ICC- საქართველო არასდროს მისულა მსგავს უკიდურესობამდე, მაგრამ, ვხედავთ რა განსაკუთრებულ აგრესიას უცხოელი ინვესტორებისა და ადგილობრივი ბიზნესების მიმართ, ჩვენ ვეღარ დავხუჭავთ თვალებს და ვეღარ გავხდებით მოწმენი სხვა უდანაშაულო ბიზნესის შევიწროებისა და ზეწოლის.
 
ჩვენ ვალდებულნი ვართ გავაფრთხილოთ უცხოური კომპანიები საქართველოში არსებული ბიზნეს რისკების შესახებ.
 
გულწრფელად ვიმედოვნებთ, რომ, ბატონი ივანიშვილი საბოლოოდ გააცნობიერებს იმ ვითარების სერიოზულობას, რომელშიც ჩააყენა ქვეყანა; იმოქმედებს საქართველოს საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით, რათა
 
ბოლო მოეღოს ზეწოლას ყველა იმ კომპანიაზე, რომელსაც თავს ესხმის და უპირობოდ გაუღებს კარს უცხოურ ინვესტიციებსა და ყველა ქართულ ბიზნესს, მიუხედავად მათი პოლიტიკური ორიენტაციისა, რათა საქართველოს მოსახლეობისთვის შეიქმნას სამუშაო ადგილები და კეთილდღეობა”, – ნათქვამია პრემიერ-მინისტრისადმი ფადი ასლის მიერ გაგზავნილ ღია წერილში.
წინა სტატიათბილისის თითქმის ყველა მეტროსადგური გაჩერებულია
შემდეგი სტატიაუნდა დავიწყოთ ეუთო-ს ანგარიშში მოხსენიებულ რეკომენდაციებზე ფიქრი – ევროკავშირის ელჩი
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური