მაია ცქიტიშვილი – ანაკლიის პორტის პირველი ფაზის დასრულება იმის გათვალისწინებით, რომ დაფინანსება პროექტს ჯერ არ აქვს, ვადებიც გადაიწევა

0
360
პირველი ფაზის დასრულება იგეგმება 2020 წლის 20 ნოემბრისთვის. სამწუხაროდ, იმის გათვალისწინებით, რომ დაფინანსება ამ პროექტს ჯერ არ აქვს, სავარაუდოდ ეს ვადებიც იქნება დარღვეული და გადაწეული, – ამის შესახებ ანაკლიის პორტის მშენებლობის პროექტთან დაკავშირებით პლენარულ სხდომაზე რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, მაია ცქიტიშვილმა განაცხადა.
 
მაია ცქიტიშვილმა ისაუბრა როგორ მიმდინარეობდა პროექტის განხორციელება და რა ეტაპზეა ამჟამად.
 
„აქვე მინდა გითხრათ, რომ 2016 წლის ოქტომბრიდან პირველი წლის განმავლობაში კონსორციუმის ძირითადი საქმინობა შეეხებოდა საპროექტო დოკუმენტაციის შედგენას, სხვადასხვა კვლევას, გენგეგმის შემუშავებას, რაც იქნა შესრულებული, ამაზე მუშაობდა სამთავრობო კომისია კონსორციუმთან ერთად და ამ ნაწილშიც ჩვენ შევითანხმეთ გენგეგმა, თვითონ პორტის განვითარების კონტურები და ეტაპები, თუმცა, ჩვენ უკვე ვიცით, რომ გენგეგმა, სავარაუდოდ, იცვლება და შესაძლოა, ის სამუშაო, რომელიც იმ დროს იყო ჩატარებული, ისიც მოითხოვდეს დამატებით ცვლილებებს.
 
ხელშეკრულების პირობების შესაბამისად, ძირითადი სამშენებლო სამუშაოები, ანუ პორტის მშენებლობა უნდა დაწყებულიყო 2017 წლის 31 დეკემბრამდე, მას შემდეგ რაც ინვესტორი მოახდენდა სრულ ფინანსურ დახურვას, ანუ მოიზიდავდა როგორც საკუთარ დაფინანსებას, კაპიტალს, ასევე ნასესხებ თანხებს იმდენს, რამდენიც სჭირდებოდა ამ პროექტის განხორციელებისთვის. მას შემდეგ, რაც დასრულებული იქნებოდა საპროექტო დოკუმენტაცია, შეირჩეოდა მშენებელი და შეთანხმებული იქნებოდა მთავრობასთან კონტრაქტორი კომპანია, პორტის ოპერატორი და მას შემდეგ რაც ხელშეკრულებით გათვალისწინებული წინასამშენებლო გარანტიები 40 მილიონის ჯამურად დოლარის ოდენობით იქნებოდა წარმოდგენილი. რეალობაში, პორტის მშენებლობის გარკვეული სამუშაოები 2017 წლის 22 დეკემბერს დაიწყო, ეს იყო მოსამზადებელი სამუშაოები, რომელიც რა თქმა უნდა საჭირო იყო ამ პორტის მშენებლობისთვის, გარდა ამისა, 2018 წლის სექტემბერში დაიწყო ის სამუშაოები, რომელსაც ჩვენ ახლა ვხედავთ, ეს არის ფსკერის დაღრმავების სამუშაოების წინასწარი პირველი ფაზა.
 
იმისთვის, რომ ეს სამუშაოები დაწყებულიყო, ჩვენ შევიტანეთ ცვლილებები ხელშეკრულებაში, გამოვიტანეთ ეს სამუშაოები ძირითადი ფაზიდან მოსამზადებელ ფაზაზე, რაც ნიშნავდა იმას, რომ ამ სამუშაოების შესრულებაზე ნებართვა მივეცით მანამ, სანამ იყო დასრულებული საპროექტო სამუშაოები, არ გვყავდა შერჩეული პორტის ოპერატორი, მშენებელი კონტრაქტორი და რაც მნიშვნელოვანია, კონსორციუმს არ ჰქონდა მოზიდული არც საკუთარი დაფინანსება და ასევე არ იყო სრულად მოზიდული ის სასესხო კაპიტალი, რომელიც არის საჭირო ამ პროექტის განხორციელებისთვის. ასევე გავათავისუფლეთ კონსორციუმი 20 მილიონი დოლარის გარანტიის წარმოდგენის ვალდებულებისგან.
 
ბოლო ინფორმაციით, რაც ჩვენ გვაქვს კონსორციუმიდან, ძირითადი სამუშაოების დაწყება დაგეგმილი იყო 2 აპრილს, თუმცა ვიცით, რომ დეტალური პროექტირება ჯერ კიდევ დაახლოებით 60%-ით არის შესრულებული, არ არის მოზიდული დაფინანსება და აქედან გამომდინარე ეს ვადებიც, სამწუხაროდ, ნაკლებად რეალურია.
 
პირველი გემის შემოსვლა დაგეგმილი აქვს კონსურციუმს და გრაფიკითიაც გვაქვს გათვალისწინბეული 2020 წლის ივლისში, პირველი ფაზის დასრულება კი იგეგმება 2020 წლის 20 ნოემბრისთვის. სამწუხაროდ, იმის გათვალისწინებით, რომ დაფინანსება ამ პროექტს ჯერ არ აქვს, სავარაუდოდ ეს ვადებიც იქნება დარღვეული და გადაწეული“, – განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.
წინა სტატიაანაკლიის და მეზობელი სოფლების ეკონომიკური განვითარების მიზნით საგრანტო პროგრამა გამოცხადდა ®️
შემდეგი სტატიათქვენ ანაკლიის პროექტი ჩაშალეთ და მიზეზი ხელისუფლების მიერ შეუსრულებელი ვალდებულებებია- რომან გოცირიძე
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური