მთავარისიახლეებიკონფლიქტებიგუმისთა. 1993 წლის 15-16 მარტი. გმირული ბრძოლა წაგებულ თუ გაყიდულ ...

გუმისთა. 1993 წლის 15-16 მარტი. გმირული ბრძოლა წაგებულ თუ გაყიდულ ომში

Published on

 
1993 წლის გაზაფხულის დადგომისთანავე მოწინააღმდეგე მხარის სარდლობამ ჩათვალა, რომ მზად იყო სოხუმზე წარმატებული იერიშის განსახორციელებლად და დაიწყო ძალების თავმოყრა მდინარე გუმისთის მარჯვენა სანაპიროსთან, ეშერის მიდამოებში.
 
აფხაზ სეპარატისტთა ხელმძღვანელობას ასეთი განწყობა შეუქმნა რამდენიმე გარემოებამ, კერძოდ, აფხაზები კრემლისა და რუსი სამხედროებისაგან მრავალგვარ დახმარებას იღებდნენ. აფხაზთა ინტერესების შესაბამისად მოქმედებდა რუსული საბრძოლო ავიაცია, სანაპირო ზოლში დაცურავდნენ სასაზღვრო კატარღები, საჰაერო სივრცეს აკონტროლებდა საზენიტო-სარაკეტო სისტემები, მზად იყო რადიოელექტრონული ბრძოლისა და დაზვერვის საშუალებები.
 
სოხუმში, შუქურას რაიონში განლაგებული რუსეთის არმიის 901-ე სადესანტო-მოიერიშე ბატალიონის ოფიცრები ქართული სამხედრო დანაყოფების პოზიციებსა და გადაადგილების მარშრუტს აკვირდებოდნენ. გუმისთის გამოღმა დარჩენილი სეპარატისტთა თანამოაზრეები გუდაუთას რეგულარულად აწვდიდნენ სადაზვერვო ინფორმაციას.
 
გუდაუთაში დისლოცირებული 345-ე საპარაშუტო-სადესანტო პოლკის ოფიცრები სეპარატისტთა ქვედანაყოფებს ამზადებდნენ, ზოგიერთი კი სამსახურს აფხაზურ არმიაში აგრძელებდა.
 
მარტის მეორე ნახევრისათვის აფხაზურმა სარდლობამ გუმისთის ფრონტის (სიგრზე 65კმ) ბრძოლისუნარიანი ქვედანაყოფები შეტევის მიმართულებათა 17 კმ-იან მონაკვეთზე განალაგა. იმ დროისათვის მოწინააღმდეგის განკარგულებაში იყო განთიადის, ბიჭვინთის, ეშერა-ახალი ათონის, ბაგრამიანის სახელობის სომხური, პირველი და მეორე ჩეჩნური და სხვა ბატალიონები. აგრეთვე ყაბარდოელთა ასეული, რუსი კაზაკებისა და სამხედროების რაზმები. 
 
მოწინააღმდეგის დაჯგუფება დაახლოებით ოთხი ათასამდე მებრძოლს ითვლიდა, მათგან 700-750 კაცი მთავარ დამრტყმელ ძალას ქმნიდა, რომელსაც პირველი ეშელონის 1500-მდე და მეორე ეშელონის დაახლოებით ორი ათასამდე მებრძოლი ემატებოდა. აფხაზურ-რუსული ძალების განკარგულებაში იყო მოიერიშე Су-25 და სასწავლო-საბრძოლო Д-39 "ალბატროსის" ტიპის თვითმფრინავები, ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემა "გრადის" დანადგარები, 122 მმ-იანი ჰაუბიცები, 120 მმ-იანი ნაღმსატყორცნები, საცეცხლე პოზიციებზე განლაგებული ორ ათეულამდე ტანკი, ქვეითთა საბრძოლო მანქანა და სხვ. 
 
სოხუმს გუმისთის მარცხენა სანაპიროზე ქართული არმიის მე-2 საარმიო კორპუსის 23-ე ბრიგადის 231-ე, 232-ე, 233-ე და 236-ე ბატალიონები, გვარდიის რუსთავის ბატალიონი და სოფელ შრომის დაჯგუფება იცავდა. მომზადდა თავდაცვის მეორე ხაზი, სადაც პოზიციები სამხედრო პოლიციის, ქალაქისა და ბრიგადის კომენდატურის დანაყოფებს ეკავათ. შუქურას რაიონში მზად იყო საზღვაო დივიზიონი და უკრაინელ მოხალისეთა მცირერიცხოვანი რაზმი. მცირერიცხოვან რეზერვს გორის, შავნაბადის, გაგრის ბატალიონები და სხვა ქვედანაყოფები ქმნიდნენ.
 
 
ქართული დაჯგუფება დაახლოებით 4500-4600 მებრძოლს ითვლიდა და მათ განკარგულებაში იყო 34 ტანკი, 35 ქვეითთა საბრძოლო მანქანა, რამდენიმე ათეული საარტილერიო სისტემა (ოცდაოთხი 122 მმ-იანი ჰაუბიცა Д-30, თორმეტი 85 მმ-იანი ქვემეხი Д-44, ექვსი 100 მმ-იანი საზენიტო ქვემეხი КС-19, თორმეტი ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემა მე-2 საარმიო კორპუსის მეთაურობამ თავდაცვის მეორე ხაზი მოამზადა, პირველი კი ინჟინრულად გამაგრდა: საინჟინრო ქვედანაყოფებმა 8 ათასზე მეტი ტანკ და ქვეითსაწინააღმდეგო ნაღმი დააყენეს, ტანკსაშიშ მიმართულებებზე ტანკსაწინააღმდეგო თხრილები მოეწყო, მომზადდა საცეცხლე წერტილები, ბლინდაჟები. მარტის შუა რიცხვებში ქართული არმიის სარდლობისთვის ნათელი გახდა, რომ მოწინააღმდეგე სოხუმის იერიშს ამზადებდა. მაგრამ დაზვერვისთვის მაინც გამოუცნობი რჩებოდა, ზუსტად როდის და რომელი მიმართულებებიდან გადმოვიდოდა მოწინააღმდეგე შეტევაზე.
 
16 მარტს, გამთენიისას მოწინააღმდეგემ ცეცხლი გაუხსნა სოხუმის დამცველების პოზიციებს გუმისთის მარჯვენა მხარეს, მაგრამ სროლა, ძირითადად, არაზუსტი იყო და მან სერიოზული ზიანი ვერ მიაყენა მე-2 საარმიო კორპუსისა და 23-ე ბრიგადის შტაბებსა და მართვის პუნქტებს. დილის 4 სთ-ზე მოწინააღმდეგის ქვეითებმა მდინარე გუმისთის გადმოლახვა გაბმული თოკების დახმარებით სცადეს, რომ დინებას არ წაეღო. მთავარი დარტყმა რკინიგზის ხიდის მიმართულებით განვითარდა, აჩადარას ხიდისა და სოხუმჰესის მიმართულებებზე შეტევა კი ყურადღების გადასატანად განხორციელდა. 
 
 
ყველაზე რთულ მდგომარეობაში 231-ე, 232-ე და 233-ე ბატალიონები აღმოჩნდნენ. 232-ე ბატალიონს პოზიციები რკინიგზის ხიდსა და წყალსაქაჩთან ეკავა. აქ შეტევის მოგერიება ვერ მოხერხდა. მოწინააღმდეგემ პოზიციები გაარღვია და თავდაცვის სიღრმეში 1200 მეტრით შემოვიდა.
 
ქალაქში შემოსულ მტერს მე-12 სკოლასთან სოხუმის სამხედრო პოლიციამ და 23-ე ბრიგადის სადაზვერვო ასეულმა გზა გადაუღობეს და ნელ-ნელა უკან დაახევინეს.
აფხაზებმა გუმისთა აჩადარას ხიდის მახლობლადაც გადმოლახეს და ე.წ. მწვანე სახლში გამაგრდნენ, მაგრამ წინსვლას ვერ ახერხებდნენ.
 
მტერი ზღვის მხრიდანაც აქტიურობდა. კატარღები ქალაქს უმართავ რაკეტულ ჭურვებს უშენდნენ და შუქურას რაიონში დესანტის გადმოსხმაც შეძლეს. წარმატებაში დარწმუნებულმა სეპარატისტთა ხელმძღვანელობამ შეტევისათვის მეორე ეშელონის ძალები მოამზადა, როდესაც 17.30 საათზე ქართულმა არტილერიამ ცეცხლი მოულოდნელად გუმისთის მარჯვენა სანაპიროზე, მდინარეზე გადმოსასვლელად მომზადებულ სეპარატისტთა მიმართულებით გადაიტანა. 
 
ზუსტმა საარტილერიო გამანადგურებელ-გადამღობმა ცეცხლმა შეტევისათვის მომზადებულ ქვედანაყოფებს დიდი ზიანი მიაყენა და მოწინააღმდეგის გეგმა ჩაშალა. ამასთან, გუმისთის მარცხენა სანაპიროზე გადმოსული სეპარატისტების მოიერიშე რაზმები მხარდაჭერის გარეშე აღმოჩნდნენ და მათი დიდი ნაწილი მანდარინის ბაღებში განადგურდა.
ამ ჩაშლილი შეტევის დროს მოწინააღმდეგემ 300-400 მებრძოლი დაკარგა, ათასზე მეტი კი დაიჭრა.
 
საბრძოლო დანაკარგს ვერც ქართული მხარე გადაურჩა – 137 დაღუპული და 300-მდე დაჭრილი.
 
სეპარატისტები მარცხის შემდეგ დეზორგანიზებული იყვნენ და ქართველ სამხედროებს გაუჩნდათ ინიციატივა, უკანდახეულ მოწინააღმდეგეს გუმისთის მარჯვენა სანაპიროზე გადაჰყოლოდნენ და საბრძოლო უპირატესობა ეშერის მიმართულებითაც მოეპოვებინათ, მაგრამ თბილისიდან ამის ნება არ მისცეს. 
 
სოხუმის იერიშის მოგერიებაში მთავარი როლი კარგად ორგანიზებულმა ქართულმა არტილერიამ ითამაშა. მისი ცეცხლი სოხუმის ახალი რაიონის ერთ-ერთი მაღალსართულიანი სახლიდან ზუსტად კორექტირდებოდა. Gგამოიყენეს საარტილერიო ჭურვების კონკრეტული (არ დავაზუსტებთ) ტიპი, რომელმაც მოწინააღმდეგის ქვეითებს შორის ყველაზე დიდი დანაკლისი გამოიწვია.
 
გარდა ამისა, მდინარე გუმისთის მარცხენა სანაპიროს ქვეითთა საწინააღმდეგო ნაღმებით დანაღმვამ სეპარატისტების იერიში ნაწილობრივ ჩაშალა.
მართალია, ის ომი წავაგეთ, მაგრამ მარტში სოხუმისთვის ბრძოლაში გამარჯვება ქართული არმიის ისტორიაში ნათელ ფურცლად დარჩება.
 
 
 

სიახლეები

არც ერთი ოპოზიციური პარტიის წევრი არ უნდა შევიდეს პარლამენტში- არასამთავრობოები

23 არასამთავრობო ორგანიზაცია 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას ავრცელებს რომელშიც ნათქვამია, რომ...

აქციის დროს დაკავებულ მათე დევიძეს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა

მელიქიშვილის გამზირზე, 19 ნოემბრის დილას, აქციის დროს დაკავებულ მათე დევიძეს, რომელსაც საგამოძიებო ორგანო პოლიციელებზე...

“სააპელაციო საჩივარს არჩევნების შედეგების ბათილად ცნობაზე ამჯერადაც ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილავს” – საია

"საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" ცნობით, თბილისის სააპელაციო სასამართლო მათ საჩივარს ცესკოს შემაჯამებელი ოქმის/არჩევნების შედეგების...

25 ნოემბერი, დილის ცხრა საათი – ახალი საპროტესტო შეკრების დრო

25 ნოემბერი, დილის ცხრა საათი - ახალი საპროტესტო შეკრების დრო და თარიღი ცნობილია. მოქალაქეებს ორშაბათს...