მთავარისიახლეებიპოლიტიკასაია ია კერზაიას გარდაცვალების ფაქტზე და ინსპექტირების მექანიზმზე, რომელიც ...

საია ია კერზაიას გარდაცვალების ფაქტზე და ინსპექტირების მექანიზმზე, რომელიც საარჩევნო გარემოზე ზემოქმედების მიზნით გამოიყენეს

Published on

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია მოუწოდებს გენერალურ პროკურატურას, ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლის დირექტორის ია კერზაიას გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში შეისწავლოს განათლების სამინისტროში ინსპექტირების საარჩევნო მიზნებისთვის შესაძლო გამოყენების ფაქტი. საია-ს განცხადებით, 2018 წელს საჯარო სკოლებში ჩატარებული ინსპექტირება აჩენს საფუძვლიან ეჭვს, რომ ინსპექტირების მექანიზმი საარჩევნო გარემოზე ზემოქმედების მოხდენის მიზნით გამოიყენეს.
 
კერძოდ, საიას ხელთ არსებული ოფიციალური ინფორმაციით, 2018 წელს, საჯარო სკოლების ინსპექტირების მიზნით, სამინისტროში სულ 288 განცხადება დარეგისტრირდა, საიდანაც სამინისტრომ მხოლოდ 7 შემთხვევაში ჩაატარა ინსპექტირება. 
 
"მნიშვნელოვანია, რომ აქედან ექვსი – 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის დასრულების შემდეგ, მეორე ტურის კენჭისყრის დღემდე ჩატარდა, რაც 2018 წელს ჩატარებული მთელი ინსპექტირების 85%-ზე მეტს შეადგენს" – აღნიშნავს ორგანიზაცია.
 
გარდა ამისა, საია-ს ინფორმაციით, 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის შემდეგ, მეორე ტურის წინ ჩატარებული 6 ინსპექტირების დაწყების წინაპირობა, იმავე წლის ნოემბერში წარდგენილი განცხადებებია.
 
"აქედან სამზე (მათ შორის ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლასთან დაკავშირებით) მინისტრმა იმავე დღეს მიიღო 9-15 ნოემბრის პერიოდში ინსპექტირების განხორციელების გადაწყვეტილება.
 
როგორც საზოგადოებისათვის არის ცნობილი, ზუგდიდის #6 საჯარო სკოლის დირექტორის მიერ ჩადენილ შესაძლო გადაცდომებთან (დარღვევებთან) დაკავშირებით განცხადება სამინისტროში დარეგისტრირდა 2018 წლის 8 ნოემბერს, 13:34 საათზე. ამის შემდეგ, განცხადება:
 
13:36 საათზე დაეწერა მინისტრს, მიხეილ ბატიაშვილს.
13:38 საათზე ინსპექტირების სამსახურს.
13:42 საათზე შიდა აუდიტის დეპარტამენტს/ანალიტიკოსს.
13:42 საათზე ინსპექტირების სამსახურის პირველი კატეგორიის სპეციალისტს.
განცხადების საფუძველზე მომზადებული მოხსენებითი ბარათი სისტემაში აიტვირთა ამავე დღის 14:35 საათზე, რომელიც განათლების მინისტრ, მიხეილ ბატიაშვილს დაეწერა 14:42 საათზე.
ინსპექტირების ჩატარების შესახებ მინისტრის ბრძანება გამოიცა იმავე დღის 18:00 საათზე.
"ხაზი უნდა გაესვას იმ გარემოებასაც, რომ საიას მიერ მოპოვებული ინფორმაციით დგინდება სამინისტროში შესულ განცხადებებზე ინსპექტირების სამსახურის მიერ დამატებითი ინფორმაციის მოძიების პრაქტიკა. კერძოდ, მთელ რიგ შემთხვევებში (წინანდლის საჯარო სკოლა, თელავის #4 საჯარო სკოლა) განათლების სამინისტროს ინსპექტირების სამსახურის მიერ სხვადასხვა სკოლის დირექტორთა მხრიდან ჩადენილ დარღვევებთან დაკავშირებით შესულ განცხადებებზე რეაგირებისას, სამინისტრო განმცხადებლისგან ითხოვს კონკრეტული დარღვევების შესახებ ინფორმაციის (დარღვევის ფაქტი, დამრღვევი პირი, დარღვევის პერიოდი და შესაძლო მტკიცებულებები) მიწოდებას. რაც შეეხება ზუგდიდის მე-6 სკოლის ინსპექტირების საფუძვლად გამოყენებულ განცხადებაში დარღვევების შესახებ მხოლოდ ზოგად ეჭვებზე იყო მითითება და არა რაიმე კონკრეტულ ფაქტზე ან დარღვევის ჩადენის დროზე და არ იკვეთებოდა ინსპექტირების ჩატარების რაიმე საჭიროება.
 
ინსპექტირების საფუძვლად გამოყენებული განცხადების განათლების სამინისტროს 5 მოხელის მიერ 8 წუთში განხილვა აჩენს ეჭვს, რომ წერილის შესწავლა არ მომხდარა სათანადოდ და მისი უმოკლეს ვადაში "განხილვა" შესაძლოა წარმოადგენდა მიზანმიმართულ, წინასწარ დაგეგმილ ფორმალურ პროცესს. შესაბამისად, მიგვაჩნია, რომ პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტურამდე (28 ნოემბრამდე) ინსპექტირების განხორციელება, სავარაუდოდ მიზნად ისახავდა სკოლის დირექტორზე (ირიბად სხვა სკოლის დირექტორებზე) პოლიტიკური ზეწოლის შესაძლო მოხდენას, რაც არაერთ არჩევნებზე იყო გამოკვეთილი" – ნათქვამია საია-ს განცხადებაში.

სიახლეები

ბათუმში დააკავეს ხელოვნების უნივერსიტეტის დეკანი და 4 სტუდენტი

დღეს, 9 დეკემბერს, ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტში პროფესორი და ერთ-ერთი ფაკულტეტის დეკანი, მამუკა ჯორბენაძე და...

პარლამენტი სალომე ზურაბიშვილისთვის სახელმწიფო დაცვის მოხსნას აპირებს

პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, საპრეზიდენტო ვადის ამოწურვის შემდეგ, მომდევნო ერთი წლის განმავლობაში, სახელმწიფო დაცვა არ...

ყველაფერი განიხილება, მათ შორის, უვიზო რეჟიმის შეჩერება; ასევე არის ოფცია გარკვეული კატეგორიის პასპორტებისთვის – ჰერჩინსკი

ევროკავშირის ელჩი საქართველოში, პაველ ჰერჩინსკი ადასტურებს, რომ უვიზო რეჟიმის შეჩერების საკითხი, მაგიდაზეა და ლიდერები...

ის, რაც ხდებოდა საქართველოში ბოლო 12 დღის განმავლობაში, მკაფიოდ მოითხოვს სანქციებს – ევროკავშირის ელჩი

ევროკავშირის ელჩის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ სანქციების დაწესება ევროკავშირისთვის რთული პროცედურაა, ის რაც საქართველოში...