ზუგდიდის ევროპული განვითარების შემოქმედი დავით დადიანი და მისი ლეგენდარული ბაღი

0
906
 
სამეგრელოს უკანასკნელი მთავრის, დავით დადიანისა და მისი რეფორმების შესახებ ბევრი სმენია ჩვენს მკითხველს და ამის შეხსენებით თავს არ შევაწყენთ, მხოლოდ რამდენიმე საინტერესო ეპიზოდს გავიხსენებთ დავით დადიანის ცხოვრებიდან, როგორ აუშენა ულამაზესი ბაღი თავის მეუღლეს, სამეგრელოს დედოფალ ეკატერინე ჭავჭავაძეს და როგორ უმასპინძლა ფრანგ მოგზაურსა და მეცნიერს, ევროპაში ქართველოლოგიის ფუძემდებელ მარი ბროსეს.
 
მას შემდეგ, რაც სამეგრელოს სამთავროს მართვა ლევან მეხუთემ თავის შვილს, ტახტის მემკვიდრე დავით დადიანს გადასცა, ევროპაში განათლებამიღებულმა ახალგაზრდამ დაიწყო სამთავრობო მმართველობის ახალი სისტემის შემოღება.
 
სამთავრობო მართვასთან ერთად გაატარა ეკონომიკური რეფორმები და ხელი მოჰკიდა დეკორატიული ბაღის მშენებლობას.
 
დავით დადიანს განსაკუთრებული წვლილი მიუძღვის სამეგრელოში მეაბრეშუმეობის განვითარების საქმეში. 1848 წელს მისი თაოსნობით დაარსდა ზუგდიდში აბრეშუმის ძაფსახვევი ფაბრიკა. ამ საქმისთვის მოიწვია ფრანგი სპეციალისტი, გრაფი როზმორდიუკოვი, რომელმაც ფაბრიკის აღსაჭურვად საფრანგეთიდან ორთქლის მანქანა და დანადგარები ჩამოიტანა.
 
ჩამოიყვანა ამ საქმის მცოდნე ორი ფრანგი ქალი – მარი და სიუზეტი, რომლებმაც ხელობა ადგილობრივ მცხოვრებ ქალებსაც შეასწავლეს.
 
პირველი დამზადებული 13 ფუთი აბრეშუმის ძაფი საფრანგეთში გაიყიდა 3 250 მანეთად. 1852 წელს მოსკოვის გამოფენაზე ზუგდიდის აბრეშუმის საწარმოს პროდუქციამ უმაღლესი შეფასება დაიმსახურა.
 
დავით დადიანის მიერ გაშენებული ბოტანიკური ბაღი
 
უმშვენიერესი ბოტანიკური ბაღი დავით დადიანმა თავისი მეუღლე ეკატერინე ჭავჭავაძისთვის გააშენებინა. დეკორატიული ბაღის მშენებლობისთვის შემოაღობინა სასახლის გარშემო მდებარე ტყის ნაწილი და დააწესა მებაღეთა მუდმივი შტატი.
 
ბაღის მთავარ მშენებლად იტალიიდან, ქალაქ ტრიესტიდან მოიწვია მებაღე ჟოზეფ ბაბინი, რომელმაც დააზუსტა დეკორატიული ფართობი, დაგეგმა და ფრანგულ, სიმეტრიულ სტილზე, გამოყო და გააფორმა ნაკვეთები. შექმნა ხელოვნური პეიზაჟები. ბაღი გაშენდა მსოფლიოს სხვადახსვა კუთხიდან ჩამოტანილი ეგზოტიკური მცენარეებითა და უმშენიერესი ვარდებით.
 
"მისივე პირად შრომას უნდა უმადლოდეს თავის არსებობას ამიერკავკასიაში არსებულ ბაღებს შორის საუკეთესო ზუგდიდის ბოტანიკური ბაღი, გამოეწერა ამისთვის საჭირო თესლეული და ხეების ნერგები მეფე ლუი ფილიპეს ვერსალის ბაღიდან და მართლაც გააშენა ისეთი ბაღი, რომლის ბადალიც არ მოიპოვება კავკასიაში", – წერდა იონა მეუნარგია დავით დადიანის მიერ გაშენებულ ბაღზე.
 
ამ ამბის მომსწრე და მხილველი ბოროზდინი თავის მოგონებებში წერდა: "იშვიათი ხეების წიდნები და ყვავილების თესლი მილანიდან, სამეგრელოს ბუნებამ და ჰავამ ხელი შეუწყო გაშენებელიყო მშვენიერი, საუცხოო ბაღი, რომლის მსგავსი არც მანამდე და არც მერე არ ყოფილა ამიერკავკასიაში.
 
"დიდფოთოლა მაგნოლიები, პაულონიები, მიმოზები, კვიპაროსები, ხეების მთელი ხეივანი შექმნა. ბაღში იყო საუცხოო სათბურები, სადაც 500-ზე მეტი სახეობის ხე იყო ფორთოხლის, ლიმონის, პომპელმუსის, ბანანებისა და სხვა იშვიათი ხეხილით.
 

"მაგრამ განსაკუთრებით კარგი იყო საყვავილე განყოფილება, დათვლაც კი ჭირდა ათასნაირი ვარდის, ასევე – კამელიების კოლექცია. ერთი სიტყვით, ზუგდიდის ბოტანიკური ბაღი ყოველი მხრით შესანიშნავი იყო და ამიერკავკასიაში ბადალი არ მოეძებნებოდა" – წერდა ბოროზდინი.
 
1840 წელს, ბაღის აშენებიდან რადენიმე ხნის შემდეგ დადიანის ბოტანიკურმა ბაღმა პირველი ადგილი დაიკავა რუსეთის იმპერიის საუკეთესო პარკის გამოსავლენად გამართულ კონკურსში.
 
"1853 წელს გარდაიცვალა დავით დადიანი. ბაღზე მზრუნველობა განაგრძო ეკატერინე ჭავჭავაძემ. მაგრამ ეს უნიკალური ბაღი 1856 წელს, რუსეთ-ოსმალეთის ომის დროს ისკანდეო-ფაშამ აღგავა პირისგან მიწისა, ბაღში ხეები სულ ძირშივე დააჭრევინა. ის საუცხოო ბაღი, რომელსაც დედოფალი თვალის ჩინივით უვლიდა, მიწასთან იქნა გასწორებული", – წერდა ბოროზდინი.
 
ამ ამბით დამწუხრებული ეკატერინე ჭავჭავაძე პლატონ იოსელიანს წერდა: "ზუგდიდი აღარ არსებობს, ბაღის მიდამო, თექვსმეტი წლის შრომის ნაყოფი, რომელიც ცნობილი იყო არ მხოლოდ კავკასიაში, არამედ საზღვარგარეთის ქვეყნებშიც კი, მტერმა მთლიანად მიწასთან გაასწორა. ხილი, ყვავილები, უცხოეთიდან ჩამოტანილი მცენარეები განადგურებულია, ზოგიერთი თან წაიღეს, ზოგიერთი კი მოჭრეს".
 
ოსმალეთთან ზავის დადების შემდეგ, ეკატერინეს საფრანგეთიდან დაბრუნების შემდეგ ბაღის აღდგენა დაიწყო. 1896 წელს ბაღის აღსადგენად მოიწვიეს მებაღე-დეკორატორი ძმები გაეტანე და ჯოვანი ზამბერლიტები. მათ სანკტ-პეტერბურგიდან ჩამოიტანეს ეგზოტიკური მცენარეების იშვიათი, ძვირფასი თესლები და ნერგები.
 
გააფართოეს ბაღის ტერიტორია. გააგრძელეს ბზის ბორდიურები და გოლიათი ჭადრების მშვენიერი ხეივანი. 1882 წელს ეკატერინე ჭავჭავაძე გარდიცვალა. ბაღში ეგზოტიკური ხეების შემოტანა შეწყდა.
 
1903 წელს გარდაიცვალა მათი ვაჟი ნიკო დადიანი და მხცოვანი მებაღე გაეტანო ზამბერლეტიც. 1917 წლამდე ბაღს უვლიდა მათი რწმუნებული, ბოლშევიკების შემოსვლის შემდეგ ბაღი უპატრონოდ იქნა მიტოვებული.
 
სწორედ ამ ბაღში უმასპინძლეს დავით დადიანმა და ეკატერინე ჭავჭავაძემ ცნობილ ფრანგ მეცნიერ მარი ბროსეს, რომელიც, როგორც თავად წერს, სააღდგომო დღესასწაულის წინ ესტუმრა ზუგდიდს.
 
"დიდ შაბათს წირვას დავესწარით, ღვთისმსახურება დილის ხუთ საათამდე გაგრძედა და მთელი ამ ხნის განმავლობაში არც თავადებს და არც ქალბატონებს ერთი წუთითიაც კი არ შეუსვენებიათ, არ დამსხდარან. დღის 2 საათისთვის მთავარმა საპატიო სტუმრების პატივსაცემად წვეულება მოაწყო თავისი სასახლის დარბაზში. ხალხისთვის სუფრა სასახლის ბაღში გაიშალა.
 
ჩემს ძალებს აღემატება იმის აღწერა, რამდენი ხარი და ძროხა დაიკლა, რამდენი ქათამი და წიწილა მოიტანეს სუფრაზე ათასნაირი საწებლით. რამდენი დოქი ღვინო დალიეს სუფრის წევრებმა, როგორი სიმღერები, როგორი ფერხული და ცეკვები იყო.
 
სააღდგომო სადილი ხუთი საათი გაგრძელდა. პატარა სირჩებით დაიწყეს, შემდეგ მოჰყვა საოცარი ჯიხვის ყანწები, ბოლოს კი – ჰერკულესის თასის მსგავსი ლარნაკები.
 
ზრდილობიანი სადღეგრძელოები, რომლებსაც ათასგვარი ყაიდით წარმოსთქვამენ, პატივისცემასა და ურთიერთობას მოითხოვს, რაზეც უარის თქმა ძნელია. თასი თასს უხმობს, ყანწისთვის შენც ყანწით უნდა გადაიხადო.
 
დღესასწაული სამი დღე გრძელდებოდა და არც დარბაზში, არც ბაღში მე არ შემიმჩნევია კაცი, რომელსაც ღვინისგან გონება წართმეოდა. არადა, ღმერთმა ხომ იცის, რა ნექტარია ეს "ოჯალეში".
 
მთავარმა განსაკუთრებული ყურადღება გამოიჩინა და ბრძანა, ჩვენთვის თვრამეტი წლის ღვინო მოეტანათ. მე მას მხოლოდ ბორდოს ყველაზე სახელგანთქმულ ღვინოებს შევადარებდი", – ასე აღწერს მარი ბროსე დავით დადიანის ბაღში გატარებულ დროს.
 
ავტორი ია აბულაშვილი
წინა სტატიაანა წითლიძე საკრებულოს დედოფალ ეკატერინეს სკულპტურის დადგმისა და მისი სახელობის ქუჩის ან სკვერის არსებობის ინიციატივით მიმართავს
შემდეგი სტატია“მე წამართვა დედა თქვენმა ძალადობრივმა საარჩევნო კამპანიამ” -ბაჩანა შენგელია სალომე ზურაბიშვილის პარლამენტში გამოსვლას ეხმაურება
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური