სათადარიგო ბორბალი საქმეს ვერ უშველის, ივანიშვილი შევარდნაძის ბედს გაიზიარებს – პოლიტიკოსები ირაკლი ღარიბაშვილის ,,მეორედ მოსვლას” ეხმაურებიან

0
468
ირაკლი ღარიბაშვილის პოლიტიკაში დაბრუნებას პოლიტიკოსები  ეხმაურებიან .
 
გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“ ერთ-ერთი ლიდერი, ედპ-ის თავმჯდომარე ბაჩუკი ქარდავა ივანიშვილის მიერ ძველი სახეების დაწინაურებას მმართველი პარტიის დასასრულს უწოდებს.
„თუ ვინმეს კიდევ ჰქონდა კითხვები, დღეს ცხადი გახდა, რომ „ქართული ოცნება“ გაკოტრებულია და მისი სახელისუფლო ფინიში უკვე სახეზეა. ყველა კითხვაზე პასუხი გაცემულია. აგონიაში მყოფი ივანიშვილი ჯერ-ჯერობით ხავსს ეჭიდება და მუნიფიცირების შიშით ნეკრომანტობას მიმართავს.
 
ამ ვითარებაში, ჩვენი ამოცანაა არა ივანიშვილის ცალკეული ქმედებების შეფასება, არამედ სახელმწიფოს გადარჩენა, რომელსაც ვკარგავთ. თუ ვინმეს გვსურს რეალურ შედეგს მივაღწიოთ ხაზარაძის საქმეზე და სხვა უსამართლობებზე, ან ვცადოთ მაინც და გავაგებინოთ ამ ვითომ მაფიოზს და სინამდვილეში ორღობის ყაჩაღს რომ ყველაფერი მისი არ არის, უნდა შევქმნათ არა კომისია, არამედ ხალხს დავუძახოთ პარლამენტთან გზავნილით – გაგვეშვი! ვერ გაძეხი?! „ – აცხადებს ბაჩუკი ქარდავა.

 
 „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი შალვა ნათელაშვილი  ღარიბაშვილის დაბრუნების ერთ ერთ მოტივად კრემლის ინტერესებს ასახელებს:
 
"ხმა სამარიდან……..ასე შეიძლება შეფასდეს ექს-პრემიერ ღარიბაშვილის დაბრუნება პოლიტიკური საიქიოდან. აღნიშნული მიუთითებს შემდეგს 1. ივანიშვილის მაფიოზურ რეჟიმს არ დარჩა არანაირი რესურსი არც საზოგადოებაში და არც პარტიაში გარდა უსახო, კორუმპირებული ქიზიყური მაფიისა. 2.ქვეყანაში განადგურებულია კანონიერებისა და პასუხისმგებლობის ცნებაც კი—როდესაც მილიარდების მომპარავი ღარიბაშვილ-თამაზაშვილ-ჯანყარაშვილის დაჯგუფება ციხის მაგივრად ბრუნდება პოლიტიკაში იქ დამთავრებულია სახელმწიფო როგორც ასეთი 3.განხორციელდა კრემლის შეკვეთა, ვინაიდან სწორედ ღარიბაშვილის ჯგუფი წარმოადგენდა შულავერის კომიტეტს ოცნების გარიჟრაჟზე, სწორედ მისი პრემიერობისას ოკუპანტები შეუდგნენ ჩვენი მიწების დაუსჯელ გადაღობვას ყველაზე აქტიურად და მათი მოცილება თავის დროზე დასავლეთის გემოვნებაშიც ჯდებოდა.ვულოცავთ ივანიშვილსა და პუტინს, თუმცა ვფიქრობ ქორწილი უპატარძლო იქნება", – აცხადებს შალვა ნათელაშვილი
 
 
"რესპუბლიკური პარტიის" ეროვნული კომიტეტის წევრი, დავით ბერძენიშვილი ბიძინა ივანიშვილს  შევარდნაძის ბედის გაზიარებას უწინასწარმეტყველებს და ამის ერთერთ ნიშანს  "ქართულ ოცნებაში" ირაკლი ღარიბაშვილის დაბრუნების საკითხშიც ხედავს.
მისი თქმით, სახეზეა"დაღმასვლა და შევარდნაძის შეცდომების გამეორება" .
 
"ღარიბაშვილი სათადარიგო შემადგენლობაში იყო კარგა ხნის განმავლობაში. ის თადარიგის ოფიცერია. მოსალოდნელი იყო მისი დაბრუნება, იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ ბიძინა ივანიშვილი 2016 წლიდან მოყოლებული უფრო ეყრდნობა, მონაციონალისტო, მოყავისფრო ძალებს. 
 
ის, რომ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ღიად გამოიკვეთა, რომ არცერთი პროდასავლური ძალა მის კანდიდატს მხარს არ უჭერდა და ღიად უჭერდა მხარს "პატრიოტთა ალიანსი", ის, რომ "პატრიოტთა ალიანსი" ფრაქცია ეშლებოდა და გია ჟორჟოლიანი მიავლინეს იქ, ეს ყველაფერი ადასტურებს იმას, რომ ივანიშვილისთვის მთავარი საყრდენი პოპულისტური, აგრესიული, ანტიდემოკრატიული, თავისი არსით ანტი დასავლური პოლიტიკოსებია. ასე რომ, მისი ამომრჩეველი დავიწროვდა და ის პრაქტიკულად მემარცხენე პოპულისტურ, ნახევრად ჩრდილოურ ფლანგზე გამყარებას ცდილობს ამჟამად. ეს არის დაღმასცლა. ივანიშვილი იმეორებს გვიანმდელი შევარდნაძის, ლამის ყველა ნაბიჯს და ისევე დაამთავრებს, როგორც შევარდნაძემ დაასრულა"- განაცხადა დავით ბერძენიშვილმა.
 
 
წინა სტატია,,TBC ბანკის ირგვლივ გაჩენილი კითხვის ნიშნები საფრთხეს უქმნის იმ ბიზნესგარემოს, რომლის შექმნასაც საქართველო ძალიან დიდხანს ცდილობდა” – გაფრთხილება საერთაშორისო საზოგადოებრიობისგან
შემდეგი სტატიამამუკა ხაზარაძემ სასამართლოში გახარიას მუქარის წერილი მიიტანა
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური