დეკანოზი გიორგი მამალაძე :„მადლობა ყველას მხარდაჭერისთვის.ზიარება მივიღე და შვებას ვგრძნობ. მიმძიმდა უზიარებლობა. აწი, ღმერთი როგორც ინებებს. ყველაფერი მისი ნებაა,“

0
468
დაპატიმრებიდან ორი წლის შემდეგ  დეკანოზი გიორგი მამალაძე აზიარეს.  „მადლობა ყველას მხარდაჭერისთვის. ღმერთმა გაგახაროთ. ზიარება მივიღე და შვებას ვგრძნობ. მიმძიმდა უზიარებლობა. აწი, ღმერთი როგორც ინებებს. ყველაფერი მისი ნებაა,“ – ეს აგზავნილი რუსთავი2 -ს 
 
 მისმა ადვოკატმა გაავრცელა
 
დეკანოზს ინსულტის შედეგად  წართმეული და პარალიზებული აქვს მარჯვენა კიდურები და უჭირს მეტყველებაც. ადვოკატი აცხადებს, რომ მღვდლის მდგომარეობა, გუშინდელთან შედარებით, გაუარესებულია.
 
დეკანოზის ძმა, თორნიკე მამალაძე,  პირდაპირ პატრიარქს მიმართავს და ითხოვს, რომ ილია მეორემ პრეზიდენტს შეწყალებისთვის მიმართოს, ვინაიდან მამა გიორგის სიცოცხლე უკვე სერიოზული რისკის წინაშე დადგა. 
 
 
„ჩემი ძმის მდგომარეობა დამძიმდა. ახლა მას წამოდგომის საშუალებასაც არ აძლევენ. მასთან გუშინ ვიყავი შესული, პარალიზებულია, მეტყველება უჭირს, ძალიან სუსტად არის, რაც მისმა მაზიარებელმა მღვდელმაც დაადასტურა, რადგან მას ბაშვობიდან იცნობს და თითოეული მისი მანერა იცის. ექიმები არ ამბობენ სრულ დიაგნოზს, რადგან ეს საავადმყოფო „ქართული ოცნების“ დეპუტატისაა, ჩემი აზრით, ის ზეწოლას ახდენს ექიმებზე, რომ საზოგადოებამ სრული დიაგნოზი არ გაიგოს.
 
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქისგან ვითხოვთ, რომ ჩემი ძმის შეწყალებით პრეზიდენტს მიმართოს. გვინდა, რომ საპყრობილიდან ცოცხალი გამოვიდეს. გვინდა, უფლისგან დაკისრებული მოვალეობა შეასრულოს და იყოს „მწყემსი კეთილი“, – აცხადებს მამალაძე.. 

 
პარალელურად, დეკანოზის ძმა აფრთხილებს ყველას, ვისაც შესაძლოა, პატიმრის სიკვდილი აწყობდეს. თორნიკე მამალაძე ამბობს, რომ მან იცის ყველაფერი, რაც იცის მისმა ძმამ და რომ მოხდეს და მამა გიორგი ციხეში გარდაიცვალოს, მაშინ მისი ოჯახი იტყვის ყველაფერს, რასაც დეკანოზი ამდენ ხანს საიდუმლოდ ინახავდა.
 
საინიციატივო ჯგუფი – "დეკანოზის სიცოცხლის გადასარჩენად" საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ილია მეორეს მიმართავს.
 
საინიციატივო ჯგუფის წევრები აღნიშნავენ, რომ საქმე ეხება სასულიერო პირის სიკვდილ-სიცოცხლეს და მისი საავადმყოფოდან საპყრობილეში დაბრუნება დეკანოზის ფიზიკურ სიკვდილს უდრის.
 
„თქვენო უწმინდესობავ, ბოლო პერიოდში დეკანოზ გიორგი მამალაძის ირგვლივ განვითარებული მოვლენები საზოგადოების შფოთვის საფუძველი გახდა. მოგეხსენებათ, ოჯახის მხრიდან გამოხატული პროტესტი დღითიდღე მწვავდება. ვითარება კიდევ უფრო დამძიმდა, როდესაც მსჯავრდებული დეკანოზი მძიმე კლინიკური დიაგნოზით საავადმყოფოში აღმოჩნდა. დღეისთვის მოცემულობა უკვე იმგვარია, რომ საქმე ეხება სასულიერო პირის სიკვდილ-სიცოცხლეს. ამგვარი მოწყვლადი ჯანმრთელობის მქონე ადამიანს განსაკუთრებული სამედიცინო მზრუნველობა ესაჭიროება. აქედან გამომდინარე, გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, რომ მისი საპყრობილეში დაბრუნება მის ფიზიკურ სიკვდილს უდრის.
 
მოგმართავთ თქვენ, თქვენო უწმინდესობავ, ვინაიდან თქვენ ფლობთ ეკლესიის მეთაურისა და მწყემსი კეთილის უდიდეს ჰუმანურ მისიას, ვინაიდან დეკანოზი გიორგი მამალაძე თქვენი ეკლესიის მღვდელმსახურია, გთხოვთ, უშუამდგომლოთ საქართველოს პრეზიდენტთან მის მიმართ შეწყალების აქტის გამოცემისათვის, რათა ოჯახს და მცირეწლოვან შვილებს გიორგი მამალაძე ცოცხალი დაუბრუნდეს", -ნათქვამია საინიციატივო ჯგუფის მიმართვაში.
 
 
 
დეკანოზ მამა გიორგი მამალაძის ჯანმრთელობის მდგომარეობასა და მისი ოჯახის წევრების მოთხოვნას საჩხერე-ჭიათურის ეპარქიის მიტროპოლიტი ეხმაურება. მეუფე დანიელი ამბობს, რომ პატიმრობაში მყოფი დეკანოზის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის ლოცულობენ.
 
​მიტროპოლიტის თქმით, დეკანოზ გიორგი მამალაძის შეწყალება პრეზიდენტს სურდა და ამის წინააღმდეგი არც საპატრიარქო იყო, თუმცა შეწყალების უფლება გიორგი მარგველაშვილს ხელისუფლებამ არ მისცა.
 
„ჩემი პოზიცია და ეკლესიის პოზიცია ასეთია, რომ როდესაც წინა პრეზიდენტი აპირებდა ამ შეწყალებას, ეკლესია მზად იყო და, რასაკვირველია, მიესალმებოდა და ახლაც იგივე პოზიციაზე დგას ეკლესია, თუ ეს მოხერხდება ეკლესია ამის წინააღმდეგი არ იქნება. პირიქით, ეკლესია არის ის, ვინც ამ შეწყალებაში მონაწილეობს. აპირებდა შეწყალებას და, მე როგორც ვიცი, ითხოვა და ხელისუფლებამ თავი შეიკავა,“ – ამბობს მეუფე.
წინა სტატიამხატვარი ლია გულუა ჩამომხრჩვალი იპოვეს ვენაში
შემდეგი სტატიაგარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტს სამეგრელოში ახალი უფროსი ჰყავს
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური