რუსეთის ინტერესებშია ანაკლიაში სტრატეგიული მნიშვნელობის პორტი არ აშენდეს. – საით მივყვართ კვალს ხაზარაძის საქმეში?

0
395
,,დიდ ეჭვს იწვევს, რომ ასეთი აჩქარებული ტემპით გამოტანილი გადაწყვეტილება და ჩვენი რეპუტაციის შემლახველი კამპანიის წარმოება ხდება სწორედ ახლა, როდესაც ასე ახლოს ვართ ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი პროექტის – ანაკლიის პორტის წარმატებით განხორციელებასთან.''-  ნათქვამია მამუკა ხაზარაძის განცხადებაში, რომლითაც იგი ეროვნული ბანკის დღევანდელ გადაწყვეტილებას გამოეხმაურა.
 
არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, რომლებიც  მამუკა ხაზარაძის მიმართ პოლიტიკურ შურისძიებაზე საუბრობენ და მიმდინარე პროცესებში, ექსპრემიერ ბიძინა ივანიშვილის ინტერესებს ხედავენ, ასევე ანაკლიის  პორტის მშენებლობას უკავშირებენ  TBC-ის წინააღმდეგ დაწყებულ კამპანიას.
 
"საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს" აღმასრულებელი დირექტორი,  ეკა გიგაური აქცენტს რუსულ კვალზეც აკეთებს და აცხადებს, რომ სწორედ მის   ინტერესებშია, სტრატეგიული მნიშვნელობის პორტი არ აშენდეს.
 
„არის ძალიან დიდი პრობლემა ის, რომ იმ კომპანიის წინააღმდეგ, რომელიც აშენებს სტრატეგიულად მნიშვნელოვან ობიექტს, რასაც ანაკლიის პორტი ჰქვია, ასეთ კომპანიას შეიძლება ასეთი პრობლემები შეექმნას ჩვენს ქვეყანაში. შეიძლება არსებობდეს ძალიან დიდი ინტერესი რუსეთის მხრიდან, რომ ეს პორტი არ აშენდეს. ამიტომ, როდესაც ასეთი პრობლემები ექმნება „თიბისი" ბანკს, რომელის ამ პროექტში არის ჩართული, ეს არის თავისთავად ძალიან დიდი პრობლემა," – ამბობს გიგაური.
 
არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელს კითხვის ნიშნები აქვს პროკურატურის მიერ დაწყებულ გამოძიებასთან დაკავშირებითაც. საუბარია პროკურატურის მიერ 10 წლის დაგვიანებით დაწყებულ გამოძიებაზე. საგამოძიებო უწყება ხაზარაძეს და ჯაფარიძეს 17 მილიონი დოლარის გათეთრებაში ადანაშაულებს.
 
"ცხადია, რომ ჩვენ გვაქვს ძალიან ბევრი კითხვის ნიშანი თავდაპირველად იმ გამოძიებასთან დაკავშირებით, რომელიც დაიწყო პროკურატურამ და რომელიც საუბრობს 11 წლის წინანდელ დარღვევებზე და ამის შემდეგ ის, თუ როგორ განვითარდა მოვლენები და ასეთ ფორსირებულ რეჟიმში მოხდა "თიბისი" ბანკის მენეჯმენტის გადაყენება. დღეს მე ვფიქრობ, რომ მნიშვნელოვანია, რომ თვითონ „თიბისი ბანკის“ წარმომადგენლებმა ისაუბრონ იმ მიზეზებზე, თუ რატომ მოხდა მათთან დაკავშირებით ასეთი ქმედებების განხორციელება,“ – განაცხადა ეკა გიგაურმა
წინა სტატიათბილისში, ბახტრიონის ქუჩაზე მდებარე მაღაზიაში ავტომობილი შევარდა
შემდეგი სტატიათბილისის მე-15 საჯარო ბაგა-ბაღიდან ბავშვების ევაკუაცია მოხდა, შენობასა და მის შემოგარენში გაურკვეველი ნივთიერების სუნი დგას
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური