არასამთავრობოები TBC ბანკთან დაკავშირებით, ეროვნული ბანკის მოთხოვნას ეხმაურებიან

0
415
ეროვნული ბანკის მოთხოვნას, რომ „თიბისი ბანკის“ დამფუძნებლებს, მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს ხელმოწერის უფლება შეუჩერდეთ და სამეთვალყურეო საბჭოდან გაიწვიონ, არასამთავრობო ორგანიზაციები ეხმაურებიან. მათი შეფასებით, ეს პროცესი ბანკზე ნეგატიურად აისახება. ისინი აქციებზე ფასების დაცემას არ გამორიცხავენ.არასამთავრობო სექტორში მნიშვნელოვნად მიიჩნევენ, რომ ყველა საერთაშორისო ორგანიზაცია და დიპლომატიური კორპუსი ამ საკითხით უნდა დაინტერესდეს, რადგან საქმე ეხება ქვეყნის ერთ-ერთ უმსხვილეს ფინანსურ ინსტიტუტს. მათი თქმით, საქმეში ფიგურირებს ანაკლიის პორტი, რომელიც ქვეყნისთვის და საქართველოს პარტნიორებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი და სტრატეგიული ობიექტი.არასამთავრობო ორგანიზაციები „თიბისი ბანკის“ ირგვლივ განვითარებულ პროცესებში გარკვეულ პოლიტიკურ მოტივაციებს ხედავენ.
„ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ „თიბისი ბანკი“ ჩართულია ანაკლიის პორტის მშენებლობაში და ეს არის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ობიექტი. ამიტომ ვფიქრობ, რომ ამ შემთხვევაშიც იკვეთება პოლიტიკური მოტივაციები და ვფიქრობ, რომ ეს კიდევ ერთ-ერთი მაგალითია იმისა, რომ ჩვენი საგამოძიებო ორგანოები არ არიან დამოუკიდებლები და იმისდა მიხედვით მუშაობენ თუ რა ინტერესები აქვს ბიძინა ივანიშვილს,“ – განაცხადა „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ აღმასრულებელმა დირექტორმა, ეკა გიგაურმა.არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების შეფასებით, როდესაც მთავრობა მკაცრ გადაწყვეტილებას იღებს, უფრო მეტად ყურადღებით უნდა იყოს.„თიბისი ბანკი“ არის გასული ლონდონის საფონდო ბირჟაზე, ეს გადაწყვეტილება შეიძლება არ აისახოს კარგად, როგორც მისი აქციების ფასზე, ასევე ზოგადად ინვესტორების დაინტერესებაზე საქართველოს საბანკო სექტორით. ყველა მსგავსი გადაწყვეტილება ატარებს რეპუტაციურ რისკს კონკრეტული კომერციული ბანკისთვის და ასევე შესაძლოა, იყოს გარკვეული რისკი მთლიანად საბანკო სექტორისთვის. ამიტომ, რეგულატორი და მთავრობა ყურადღებით უნდა იყოს, როდესაც მკაცრ გადაწყვეტილებებს იღებენ,“- განაცხადა არასამთავრობო ორგანიზაცია ”საზოგადოება და ბანკების” გამგეობის თავმჯდომარემ, გიორგი კეპულაძემ.
წინა სტატია“თიბისი ბანკი” ეროვნული ბანკის მოთხოვნას სასამართლოში გაასაჩივრებს
შემდეგი სტატია„ივანიშვილთან, ქვეყნის ამ სახადთან კომპრომისი უდრის მარცხს! მხოლოდ შებრძოლებაა გამოსავალი“ – ბაჩუკი ქარდავა თიბისი ჯგუფის საქმეზე
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური