ივანიშვილმა ბესელია ატირა წერს გაზეთი “ახალი თაობა” სტატიაში, რომელშიც პარტიაში ორდღიანი შეხვედრის გაუხმაურებელ, მნიშვნელოვან დეტალებზეა საუბარი
“მმართველ პარტიაში ორდღიანი შერიგების პროცესი დასრულდა. მთავარმა მეოცნებემ რიგით მეოცნებეებს თავისთან უხმო და საქმე გაარჩია. შედეგით ყველა კმაყოფილია, გარეთ გამოსულები ასე გამოიყურებიან. შიგნით კი, როგორც მოსალოდნელი იყო, დიდი ამბები დატრიალებულა”, –
“შეხვედრის პირველი დღის დასრულების შემდეგ მეოცნებეები ნეტარი სახეებით ამტკიცებდნენ, სულ უფროსს არ მოვუჯირყნივართო, არადა, როგორც ამბობენ, მაგარი ჭირხვნა ყოფილა. ივანიშვილის რისხვა ეკა ბესელიას დაატყდა თავს. მთავარმა სხვებსაც დაუცაცხანა, მაგრამ, იურიდიულ საქმეთა კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარე ძალიან გაამწარა – "ოცნების” წევრთა თქმით, მთავარმა ისეთები უთხრა ბესელიას, რომ მწარედ იტირა. მართალია, დეპუტატი ძალიან გამწარდა, მაგრამ მედიასთან საუბარში ის ივანიშვილს უხდიდა მადლობას. ის სამადლობელს შეხვედრის მეორე დღესაც იხდიდა და კმაყოფილია იმ გადაწყვეტილებით, რაც უმრავლესობის შეხვედრაზე იქნა მიღებული. მისი თქმით, პარლამენტმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოსგან უნდა მიიღოს უფრო ფართო შემადგენლობის მოსამართლეთა სია, ვინც ფორმალურად აკმაყოფილებს კანონის მოთხოვნებს და სწორედ ამის შემდეგ პარლამენტმა უნდა მიიღოს გადაწყვეტილება თუ ვის დაუჭერს მხარს”, – აღნიშნავს გამოცემა.
“პრინციპულია ის, რომ პარლამენტში გადმოვიდეს სრული პროცესი, გარდა იმ ნაწილისა, რომელიც კონსტიტუციით ეხება იუსტიციის საბჭოს. აქაც არის ხედვა, რომ ის რაც კონსტიტუციაში წერია, – რომ საბჭო წარმოადგენს ამ პროექტს, გასაგებია, რომ ეს ვერ შეიცვლება, მაგრამ როგორ წარმოადგენს – სრული სია იქნება თუ მხოლოდ ის, რასაც საბჭო თავად ჩათვლის საჭიროდ, – ეს არის ერთ-ერთი პრინციპული საკითხი. საბჭომ უნდა წარმოადგინოს სია, მაგრამ მიმაჩნია, რომ ეს უნდა იყოს უფრო გრძელი სია, ვიდრე 10 ადამიანია 10 პოზიციაზე. საბჭოსადმი ნდობა არ არის დღეს მაღალი, ამიტომ პარლამენტმა უნდა აიღოს მთავარი მანდატი და პასუხისმგებლობა. აქ გვაქვს ცოტა განსხვავებული ხედვა და ვთქვით, რომ მოდი, ეს საკითხი კიდევ გავაგრძელოთ სამსჯელოდ,” – განაცხადა ბესელიამ. რომლის თქმით, პარლამენტმა უნდა მიიღოს უფრო ფართო შემადგენლობის სია, ვინც ფორმალურად აკმაყოფილებს კანონის მოთხოვნებს”, – განაგრძობს გამოცემა.
“მაგალითად, სტრასბურგის სასამართლოში ასარჩევ კანდიდატურებს როდესაც ვიხილავთ, ერთ პოზიციაზე სამი კანდიდატურა სახელდება… მნიშვნელოვანია, პარლამენტში კრიტერიუმების განხილვის დროს ჩვენ შევჯერდეთ იმაზე, რომ ის მოსამართლეები, რომლების პოლიტიკურ პატიმრებად აღიარებულ პირებთან დაკავშირებულ საქმეებში მონაწილეობდნენ, რაც პარლამენტმა აღიარა 2012 წელს და თქვა პოლიტიკური აქტით, ასევე უნდა იყოს ერთ-ერთი გამომრიცხავი გარემოება. სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებებში, სადაც ხდება კონვენციის ძირითადი მუხლების დარღვევები, ასევე ის მოსამართლეები, რომლებსაც დაუდგინდათ ასეთი დარღვევები, ესეც უნდა იყოს ერთ-ერთი გარემოება, რომელიც პარლამენტში გამოტანილი პროცესის დროს გაფილტრავს ამ კანდიდატებს”, – განმარტა ბესელიამ. კმაყოფილები იყვნენ შეხვედრიდან გამოსული სხვა მეოცნებეებიც. ყველა ამბობს, რომ დაპირისპირება დასრულდა და გუნდი გაერთიანდა. რამდენად ერთიანი იქნება გუნდი, ამას მომავალი გვაჩვენებს. ივაშვილმა ბუნტი დროებით ჩაცხრო, მაგრამ მეოცნებეები ისე ვერ იტანენ ერთმანეთს, რომ ერთად დიდხანს ვერ იქნებიან…” – დასძენს გამოცემა.