ვენესუელაში მიმდინარე მოვლენები საქართველოსთვის მნიშვნელოვანია იმდენად, რამდენადაც ნიკოლას მადუროს წასვლა პრეზიდენტის პოსტიდან ქმნის შესაძლებლობას გაუქმდეს მის მიერ საქართველოს ოკუპირებული რეგიონების დამოუკიდებლობის აღიარება.
სწორედ ამაზე გაამახვილა საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ყურადღება გუშინდელ გამოხმაურებაში:
,,ბრიყვებო, საქართველოს მთავრობიდან-დაუყონებლივ უნდა სცნოთ ახალი პრეზიდენტი,რათა გაუქმდეს ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიების უკანონო აღიარება.
პ.ს-მიხარია,რომ ახალი პრეზიდენტი იმავე უნივერსიტეტში სწავლობდა,რაც მე – ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტში '' – დაწერა მან თავის პირად ფეისბუქგვერდზე .
ვენესუელაში მიმდინარე მოვლენებს ცალსახად მიესალმება გაერთიანებული ოპოზიცია: ,, თავისუფალი ხალხი გაყალბებული არჩევნების შემდეგ ტირანიის და უზურპატორების წინააღმდეგ გამოვიდა.დიქტატორები არჩევნებით არ მიდიან – მათ თავნებობას მტკიცე ოპოზიცია და ქუჩაში გამოსული ხალხი ასრულებს.ეს მაგალითია ჩვენთვისაც.'' – აცხადებს ნუგზარ წიკლაური.
შეგახსენებთ, გუშინ ვენესუელას დედაქალაქში და ქვეყნის სხვა რეგიონებში ე.წ. პრეზიდენტის ნიკოლას მადუროს წინააღმდეგ მასშტაბური აქციები გაიმართა.ანტისამთავრობო აქციაზე ასობით ათასი ადამიანი გამოვიდა.
პარლამენტის თავმჯდომარემ და ოპოზიციის ლიდერმა ხუან გუაიდომ თავი დროებით პრეზიდენტად გამოაცხადა.
რაც შეეხება ვენესუელის გარდამავალი პრეზიდენტის საერთაშრისო მხარდაჭერას, ამასთან დაკავშირებით მკაფიო განცხადება გააკეთა აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ, მას შემდეგ, რაც ნიკოლას მადურომ დიპლომატიური ურთიერთობები გაწყვიტა აშშ-სთან და ამერიკელ დიპლომატებს ქვეყნის დატოვებისთვის 72 საათი მისცა.
,,აშშ ვენესუელას ყოფილი პრეზიდენტის ნიკოლას მადუროს მიერ აშშ-სთან დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებას არ ცნობს. აშშ არ აღიარებს მადუროს რეჟიმს და „ვენესუელას ყოფილ პრეზიდენტს აშშ-სთან დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტის უფლებამოსილება არ გააჩნია.აშშ მხარს უჭერს ვენესუელას გარდამავალ პრეზიდენტს ხუან გუაიდოს და ვენესუელელ ხალხს. ჩვენ პრეზიდენტ გუაიდოს მხარს დავუჭერთ მის ძალისხმევაში გარდამავალი მთავრობა ჩამოაყალიბოს და თავისი საკონსტიტუციო მოვალეობები შეასრულოს ამ თანამდებობაზე“, – განაცხადა მაიკ პომპეომ.
მისი თქმით, აშშ მიესალმება გარდამავალი პრეზიდენტის დირექტივას, რომელიც მან ვენესუელაში აკრედიტირებულ დიპლომატიურ კორპუსს გაუგზავნა, რომელშიც ნათქვამია, რომ ვენესუელა შეინარჩუნებს დიპლომატიურ ურთიერთობებს სხვა ქვეყნებთან.
„აშშ შეინარჩუნებს დიპლომატიურ ურთიერთობებს ვენესუელასთან და ეს ურთიერთობები გარდამავალი პრეზიდენტის ხუან გუაიდოს მთავრობის მეშვეობით წარიმართება, რომელმაც ჩვენს დიპლომატიურ მისიას ვენესუელაში დარჩენა შესთავაზა“, – აღნიშნა აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა.