მეუფე გრიგოლი: თუ საქართველოს ეკლესია „ახალი“ ცენტრის ორბიტაზე აღმოჩნდა, ქართულ სახელმწიფოსაც სავალალო ბედი ელის

0
387
 ფოთისა და ხობის ეპარქიის მიტროპოლიტი მეუფე გრიგოლი  Facebook გვერდზე  თავის  საკვირაო გადაგებას ავრცელებს. 
მისი   შეფასებით, პოლიტიკური ლიდერების მხრიდან უკრაინელი კოლეგებისა და ხალხის მიმართ მილოცვაზე თავის შეკავება გულდასაწყვეტია და იმედოვნებს, რომ ეკლესიის და სახელმწიფოს დამოუკიდებლობის წინაშე არსებულ გამოწვევებს ღირსეულ პასუხი გაეცემა. 
 
„უკრაინის თემა ერთ-ერთი სერიოზული წყალგამყოფია წარსულსა და მომავალს შორის; არასწორი ქმედების გამო ადამი და ევა განდევნილნი აღმოჩნდნენ იმ წიაღიდან, რომელ წიაღში ყოფნაც მათთვის ბუნებრივ მდგომარეობას წარმოადგენდა; მსგავსადვე ვიტყვით: თუ შიშმა დაგვიბრმავა თვალი და არასწორ გზას დავადექით, ეჭვსგარეშეა, რომ თავისუფალ სამყაროს მოწყვეტილნი აღმოვჩნდებით და დიდი ხნით დასამარდება მრავალი თაობის მიერ ნანატრი თავისუფლებაც და დამოუკიდებლობაც.
 
იმედი გვაქვს, რომ ჩვენ შევძლებთ იმ სიმაღლეზე დარჩენას, საიდანაც უკეთ დავინახავთ საფრთხეებს, რომლის წინაშეც დგას მსოფლიო და მათ შორის – საქართველო. ამ მოცემულობაში თავ-თავისი ფუნქციები აქვთ სახელმწიფოს და ეკლესიას, რომელთა ფუნქციების ერთმანეთში აღრევაც გამოუსწორებელ შედეგს მოიტანს.
 
იმედი გვაქვს, რომ ჩვენ ჩვენი ეკლესიის და სახელმწიფოს დამოუკიდებლობის წინაშე არსებულ გამოწვევებს ღირსეულ პასუხს გავცემთ და განსაცდელში არ ჩავაგდებთ ჩვენი ქვეყნის აწმყოსა და მომავალს!
 
რა უფრო მნიშვნელოვანია: სახარებისეული პრინციპები თუ პოლიტიკურ მიზანშეწონილობა ან კონიუნქტურა?! გთხოვთ, რომ ვიფიქროთ ამაზე!"- აცხადებს მეუფე გრიგოლი. 
 
მღვდელმთავარი ამავე ქადაგებაში ეკლესიის მძლავრ გავლენებზეც მიუთითებს. მისი თქმით, საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას გავლენა აქვს არა მარტო ქვეყნის შიდა პოლიტიკურ ცხოვრებაზე, არამედ ქვეყნის საგარეო პოლიტიკაზეც. 
 
"თქვენ იცით დღეს როგორი როლი აქვს ეკლესიას ქვეყნის ცხოვრებაში. თითქმის უკანასკნელი 30 წელი მზარდი ტემპით გვიჩვენებს ამას (არ ვლაპარაკობთ შორეულ ისტორიულ გამოცდილებაზე). ჩვენი შთაბეჭდილებით, საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას დღეს უკვე გავლენა აქვს არამარტო ქვეყნის შიდა პოლიტიკურ ცხოვრებაზე, არამედ მისმა შიდა რეიტინგმა ასახვა ჰპოვა ჩვენი ქვეყნის საგარეო პოლიტიკაზეც კი; ამის თვალსაჩინო მაგალითია საქართველოს უმაღლესი პოლიტიკური ლიდერების გამონათქვამები და მათი შეფასებები უკრაინაში მიმდინარე უმნიშვნელოვანეს პროცესებთან დაკავშირებით!!!"- აღნიშნავს მღვდელმთავარი. 
 
მეუფე გრიგოლი ასევე ამბობს, რომ მართლმადიდებელ სამყაროში ახალი ცენტრის ჩამოყალიბება მიმდინარეობს. მიტროპოლიტი აცხადებს, რომ თუ საქართველოს ეკლესია ამ ცენტრის ორბიტაზე აღმოჩნდება, ეს სახელმწიფოსთვის დიდი ზიანის მომტანი იქნება. 
 
"ისტორიული გამოცდილება კი ნამდვილად გვკარნახობს და გვაფიქრებინებს, რომ მართლმადიდებლურ სამყაროში მიმდინარეობს ახალი (ანუ, მეორე) ცენტრის ჩამოყალიბების პროცესი, ისტორიულად არსებული კანონიკური ცენტრის პარალელურად, და საქართველოს ეკლესია თუ აღმოჩნდა ამ „ახალი“ ცენტრის ორბიტაზე, ჩათვალეთ, რომ ქართულ სახელმწიფოსაც სავალალო ბედი ელის! და რა როლი განეკუთვნება მას ახალი ცენტრის რელიგიურ-პოლიტიკურ (და, შესაძლოა, ასევე, სამხედრო) გაერთიანებაში, ამას დიდი მარჩიელობა არ სჭირდება. ამიტომ, ბუნებრივია, როდესაც ჩვენ ვისმენთ მოსაზრებას, რომ ეკლესიასთან ერთად იმსჯელებენ ამ საკითხზე, ჩვენ ვხედავთ, რომ ან ვერ აცნობიერებენ საკუთარ ვალდებულებებს კოლეგებისა და მეგობარი სახელმწიფოს მიმართ, ან შეცდომაში არიან შეყვანილნი მცდარად გაგებული რელიგიურობით!"- აღნიშნავს მეუფე გრიგოლი. 
 
 
წინა სტატია14 იანვარი საქართველოს სახელმწიფო დროშის დღეა
შემდეგი სტატიაეკა ბესელია: ყურში ჩურჩულით ვერ გადაწყდება ისეთი საკითხები, რომლებიც ეხება თითოეულ მოქალაქეს
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური